გამოსახლებული 82 წლის ქალი ტვინის შერყევით კლინიკაშია – მისი ცემის ფაქტს პოლიცია იძიებს

82 წლის ალექსანდრა ტერუნი, რომელიც ორი დღის წინ სახლიდან აღსრულების ბიურომ გამოასახლა, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს. ალექსანდრა თავის ყოფილ ბინაში ამწეთი შევიდა. ალექსანდრა ახლა საავადმყოფოში თავის ტვინის შერყევით წევს.

„გამოსახლების შემდეგ მოხუცი ჭიშკართან იჯდა და მას სახლის მესაკუთრემ – სოფიო გეგუჩაძემ სცემა. მოხუცი პოლიციაში გამოკითხეს და ექსპერტიზა ჩაუტარდა. ახლა მისი მდგომარეობა მძიმეა და სიარული უჭირს,“ – გვითხრა ალექსანდრას მინდობილმა პირმა, ჟუჟუნა ჯიჯავაძემ.

გია კიკაბიძე, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე: „მას თავის ტვინის შერყევა აქვს. მდგომარეობა სტაბილურია. მოხუცს ჩაუტარდა სხვადასხვა გამოკვლევა და სხვა პრობლემა არ აქვს. მისთვის ახლა უმჯობესია, თუ სახლში იქნება მშვიდ გარემოში, მაგრამ, როგორც ვიცი, სახლი არ აქვს. ალექსანდრა ჯერჯერობით საავადმყოფოში რჩება“.

ალექსანდრა ტერუნი ადრეც ამბობდა, რომ მას ბინის ამჟამინდელმა მესაკუთრეებმა, და-ძმა გეგუჩაძეებმა სცემეს. სავარაუდო ცემის მეორე ფაქტზე გამოძიება 20 მარტს დაიწყო. ალექსანდრა ტერუნზე ფიზიკური ძალადობის პირველ შემთხვევას კი უკვე განიხილავს ბათუმის საქალაქო სასამართლო, სადაც ბრალდებული ასევე სოფიო გეგუჩაძეა.

ალექსანდრა ტერუნი 1983 წლიდან საიათნოვას 4-ში ცხოვრობდა. ბინა მას შემდეგ დაკარგა, როცა მისმა შვილიშვილმა კერძო მევახშისგან სესხი [როგორც ალექსანდრა აცხადებს, 600 დოლარი] აიღო და ბინა იპოთეკით დატვირთა. ალექსანდრა ამბობს, რომ მას ამ სესხის შესახებ არაფერი უთხრეს, თორემ თავად გადაიხდიდა ვალს. სწორედ ამ სასესხო ხელშეკრულების საფუძველზე გაყიდა ბინა თანხის მსესხებელმა. საბოლოოდ რამდენჯერმე გადაყიდული ბინა ალექსანდრას კარის მეზობელმა – გიორგი გეგუჩაძემ იყიდა. იგი სპეცრაზმის თანამშრომელია.

და-ძმა გეგუჩაძეებს „ბათუმელები“ ვერ უკავშირდება.

ალექსანდრას თქმით, მისი შვილიშვილი მძიმედ ავადაა და უკრაინაში იმყოფება. ალექსანდრას გასული წლის 25 დეკემბერს ბინის კარი აჭედილი დახვდა და მას შემდეგ ქუჩაშია.

ალექსანდრა ტერუნი 19 მარტს  ამწეთი შევიდა საიათნოვას 4-ში მდებარე სახლის აივანზე, აივნიდან კი – ბინაში. ბინა მას სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩამოართვეს, თუმცა მიიჩნევს, რომ ჩამორთმევა თაღლითური გზით მოხდა და ის სამართლებრივ დავას განაგრძობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი