მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

რატომ შეაქვთ ცვლილებები პროექტებში – „ფარული სამუშაოები“ მშენებლობის პროცესში

26.03.2018 • 2887
რატომ შეაქვთ ცვლილებები პროექტებში – „ფარული სამუშაოები“ მშენებლობის პროცესში

ქედის მერიის მოთხოვნის საფუძველზე, მშენებლობის პროცესში გამოვლენილ ხარვეზებთან დაკავშირებით დამპროექტებელ კომპანიებს მათ მიერ შედგენილ პროექტებში ცვლილებები ხშირად შეაქვთ. კომპანია, რომელსაც ქედის მერია პროექტში ცვლილებების შესატანად წერილობით მიმართავს, შპს „საბაა“, რომელიც ქედაში, სოფელ ზუნდაგაში, საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროექტის ავტორია. პროექტი მერიამ გასულ წელს შეისყიდა.

მშენებლობის დაწყებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ზუნდაგის ბაღის შენობის რეაბილიტაციაზე მომუშავე კომპანიამ ქედის მერიას წერილობით მიმართა და აცნობა, რომ შენობის მეორე სართულზე არსებული შიგა კედლების ნაწილი არამყარია და კედლები პროექტით გათვალისწინებულ შებათქაშებას ვერ გაუძლებდა, კომპანია არ გამორიცხავდა კედლების ჩამოშლას.

ქედის მერის მოადგილე, როლანდ ბერიძე განმარტავს, რომ მშენებელი კომპანიის წერილობითი მოთხოვნისა და მერიის თანამშრომლების მიერ შესწავლის საფუძველზე მიიღო მერიამ პროექტში ცვლილების შეტანის გადაწყვეტილება. სავარაუდოდ, არამყარად მიჩნეულ კედლებს დემონტაჟი ჩაუტარდება და ახალი აშენდება.

მანამდე ცვლილებები შევიდა იმ პროექტებში, რომლებითაც დაბა ქედაში ღია სცენა და მახუნცეთში საზაფხულო თეატრი შენდება.

„ბათუმელების“ კითხვაზე – რატომ შედის  ცვლილებები ხშირად პროექტში და რამდენად კარგად დამუშავებული პროექტებით მიმდინარეობს სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები ქედაში? – როლანდ ბერიძემ უპასუხა:

„ცვლილებების შეტანა არ ნიშნავს რაღაც ცუდად კეთდება. არის ძალიან ბევრი ფარული სამუშაო, რომელიც პროექტის დროს შეუმჩნეველია. კარგი იქნება, ასეთი ცვლილება ნაკლები იყოს, მაგრამ, როგორც აღვნიშნე, პროექტში შესული ცვლილება არ ნიშნავს, რომ რაღაც ცუდად იყო, რაოდენ ბევრჯერაც არ უნდა მომიხდეს ცვლილების შეტანა, თუ აუცილებელია, შევიტანთ, მთავარი ხარისხია“.

როლანდ ბერიძის თქმით, „რაც უფრო ძლიერია საპროექტო კომპანია, მით უფრო ძლიერია პროექტი, გამომდინარე იქედან, რომ საპროექტო თანხა დიდი არ არის, სერიოზული საპროექტო კომპანიები თავს არიდებენ მცირეთანხიან ტენდერში მონაწილეობას, ურჩევნიათ ისეთ ტენდერში მიიღონ მონაწილეობა, სადაც ხელშეკრულებით, პირობითად მილიონ ლარს აიღებს.“

როლანდ ბერიძის ინფორმაციით, დამპროექტებელი კომპანიების გასაკონტროლებლად ქედის მერიამ 2018 წლის იანვრიდან ხელშეკრულებაში საჯარიმო მუხლი გაწერა და იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე დამპროექტებელი კომპანიის მიერ დამუშავებულ პროექტში მშენებლობის დროს გამოვლენილი ცდომილებებიდან მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა გახდება საჭირო, დამპროექტებელი კომპანია დაჯარიმდება, ჯარიმის ოდენობას პროექტის ღირებულება განსაზღვრავს.

„სამუშაოების დროს თუ აღმოჩნდება, რომ ცვლილებები 3%-ით ან მეტით აღემატება ობიექტის საერთო ღირებულებას, დამპროექტებელი კომპანია დაჯარიმდება. აუცილებელია პროექტის ავტორმა უფრო მეტი პასუხისმგებლობა აიღოს და გულდასმით მოეკიდოს საქმეს. ჩვენ ეს მოთხოვნა ტენდერებში იანვრის თვიდან ჩავდეთ და საპროექტო სამუშაოებზე ტენდერებს ამის გათვალისწინებით ვაცხადებთ. ვფიქრობ, ამან შედეგი გამოიღო. თუ მანამდე, საპროექტო სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერებში ფასის კლება საკმაოდ მაღალი იყო, ფასის კლებამ იკლო. იყო 20 000 – ლარიანი პროექტები, რომლებიც 1500-2000 ლარით აქვთ კომპანიებს მოგებული.  შეუძლებელია რაღაც 20-ჯერ იაფად გააკეთო, ვიდრე ის შეფასებულია. ფასის კლება აისახებოდა ხარისხზე და როდესაც შენ კონტროლის მექანიზმად ჯარიმას უდებ, ყველა ცდილობს საქმე სრულყოფილად შეასრულოს და არ დაჯარიმდეს,“ – ამბობს როლანდ ბერიძე.

მთავარი ფოტო: ქედა, სოფელ ზუნდაგაში საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია

გადაბეჭდვის წესი


ასევე: