ავარია, რომელსაც 27 წლის ქალი ემსხვერპლა – ბრალდებული სასამართლოში არ გამოცხადდა

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილს სხდომის გადადება დღეს ბრალდებულის გამოუცხადებლობის გამო მოუწია. ბრლადებულ ედნარ ა-ს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით ედავება, რაც ავტოსატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, გასული წლის ოქტომბერში მოხდა. ავტომანქანა, რომელსაც ედნარ ა. მართავდა, ქუჩაში 27 წლის ქალს დაეჯახა. დაშავებული საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

„ექსპერტიზამ გაამტყუნა, მაგრამ გოგო ზებრაზე არ გადადიოდა. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს,“ – ამბობს ადვოკატი, ნოდარ მგელაძე.

ედნარ ა. სასამართლოს 3-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ ჰყავს გათავისუფლებული.

„ის ვერ გამოცხადდა, რადგან ამ დილით შეუძლოდ გახდა და გადაყვანილია რეფერალურ საავადმყოფოში,“ – უთხრა მოსამართლეს ადვოკატმა.

„ძალიან გახშირდა ბრალდებულის შეუძლოდ გახდომა ამ ბოლო დროს… ამაში უნდა დავრწმუნდეთ,“ – თქვა მოსამართლემ და ადვოკატს 5 დღის ვადაში შესაბამისი სამედიცინო ცნობის წარმოდგენა მოსთხოვა.

ადვოკატის თქმით, ბრალდებული წარდგენილ ბრალს აღიარებს და საპროცესო შეთანხმებას ითხოვს. „ამ დროისთვის გრძელდება მოლაპარაკება პროკურატურასთან,“ – გვითხრა ადვოკატმა.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ედნარ ა.-ს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი