მთავარი,სიახლეები

ბათუმის პორტში ახალი ტერმინალი აშენდება

22.03.2018 • 5270
ბათუმის პორტში ახალი ტერმინალი აშენდება

ბათუმის საზღვაო ნავსადგური და საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანია „Wondernet Exspress”-ი ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობას გეგმავენ. ტერმინალი ცენტრალური აზიიდან მინერალური სასუქების ტრანზიტისთვის იქნება განკუთვნილი.

მხარეებს შორის ტერმინალის მშენებლობის საინვესტიციო ხელშეკრულებას ხელი დღეს მოეწერება.

„ეს ტერმინალი იქნება ახალი ლოჯისტიკური დერეფნის ნაწილი: ცენტრალური აზიიდან, აზერბაიჯანსა და საქართველოში, შემდეგ კი ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მეშვეობით შავი ზღვის გავლით ტვირთების გადასაზიდად,“ – ნათქვამია  ოფიციალურ რელიზში.

ახალი ლოჯისტიკური დერეფანი გახდება უმოკლესი და ყველაზე ხელსაყრელი მარშრუტი ცენტრალური აზიიდან შავი ზღვის მიმართულებით.

ტექნოლოგიური პროექტი ითვალისწინებს სატრანზიტო ტერმინალისა და სასაწყობე ობიექტების მშენებლობას მინერალური სასუქების მიღების, შენახვისა და გადატვირთვის მიზნით. სასაწყობე ობიექტები განკუთვნილი იქნება 60 000 ტონა ჯამური მოცულობის სასუქის შენახვისთვის. სატრანზიტო ტერმინალის დიზაინი ყველანაირ კლიმატურ პირობებზე იქნება გათვლილი. საწყის ეტაპზე ტერმინალის საწარმოო სიმძლავრე წელიწადში 1 200 000 ტონამდე მინერალური სასუქების გადამუშავების საშუალებას იძლევა.

„ვონდერნეტ ექსპრესი“ ტერმინალის ასაშენებლად 20 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს ბათუმის  პორტში.

პროექტი „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“, საქართველოს რკინიგზისა და საქართველოს მთავრობის  მონაწილეობით ხორციელდება.  პროექტის პარტნიორია ტრეიდერული კომპანია- Trammo AG.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: