მთავარი,სიახლეები

კაცმა, რომელიც მეუღლის ოჯახში ცხოვრობს, ცოლს მამის თვალწინ სცემა

21.03.2018 • 2783
კაცმა, რომელიც მეუღლის ოჯახში ცხოვრობს, ცოლს მამის თვალწინ სცემა

„ისინი ფაქტობრივად უკვე შერიგდნენ,“ – ამბობს ადვოკატი ჯიმშერ არობელიძე. იგი ბათუმის საქალაქო სასამართლოში დავით ა.-ს ინტერესებს იცავს. დავით ა.-ს გამოძიება ოჯახში ძალადობას ედავება მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით. ძალადობის თვითმხილველი ნაცემი ქალის მამაა. ადვოკატის თქმით, იგი სასამართლოსთვის ჩვენების მიცემას აღარ აპირებს.

დავით ა. ბათუმში, ცოლის ოჯახში ცხოვრობდა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა ცოლს, ვისთანაც ქორწინებაში იმყოფება 2010 წლიდან, მცირეწლოვანი ბავშვების და სიმამრის თვალწინ სცემა. დაზარალებული ქალი საშველად მეზობელთან ჩავიდა, ვისი ტელეფონითაც ისარგებლა და პოლიცია გამოიძახა. ადგილზე მისულმა პოლიციამ დავით ა.-ს შემაკავებელი ორდერი გამოუწერა.

„კონფლიქტი დილით დაიწყო,“ – გვიყვება ადვოკატი ჯიმშერ არობელიძე. – „ცოლს უსაყვედურა, რატომ არ ზრუნავ სათანადოდ ბავშვებზე, საჭმელზე და ჩასაცმელზე დავობდნენ, ორივე ბავშვი საბავშვო ბაღში იყო წასაყვანი. ამაზე დაიწყო კონფლიქტი და შემდეგ გადაიზარდა ფიზიკურ შეურაცხყოფაში, როგორც ეს საქმის მასალებში წერია. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ძალადობას არ აღიარებს და ამბობს, რომ მხოლოდ სიტყვიერ კონფლიქტს ჰქონდა ადგილი“.

საქმეში მთავარი მოწმე ნაცემი ქალი და მისი მამაა. ადვოკატის თქმით, ისინი უკვე შერიგდნენ და ჩვენების მიცემას სასამართლოსთვის აღარ აპირებენ. „რადგან შემაკავებელი ორდერი აქვს ბრალდებულს, ამიტომაც ოჯახში ვერ მიდის, მაგრამ გარეთ ხვდებიან ერთმანეთს. დაზარალებული ქალი ამბობს, რომ არ ეგონა, თუ აქამდე მივიდოდა საქმე, თორემ საერთოდ არ დარეკავდა პოლიციაში,“ – ამბობს ადვოკატი.

მოწმეები არიან ის მეზობლებიც, რომლებმაც ნაცემი ქალი ნახეს და ტელეფონი ათხოვეს პოლიციაში დასარეკად. მტკიცებულებაა ექსპერტიზის დასკვნაც, სადაც წერია, რომ ქალს ფიზიკური დაზიანებები აქვს, ოღონდ ჯანმრთელობის მოუშლელად.

ამ საქმეზე წინასასამართლო სხდომა დღეს მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ  გადადო, რადგან დაცვის მხარე მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას ითხოვს. ადვოკატი ჯიმშერ არობელიძე „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე“ ამახვილებს ყურადღებას, რომლის მიხედვითაც, თუკი საქმეში ფიგურირებს არასრულწლოვანი დაზარალებულის ან მოწმის სტატუსით, გამოკითხვა სპეციალიზებულმა გამომძიებელმა უნდა ჩაატაროს.

გამოძიებამ ამ საქმეში მცირეწლოვან ბავშვებს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა, თუმცა ისინი არ დაუკითხავთ. დედამ მათ დაკითხვაზე უარი თქვა. ადვოკატი მიიჩნევს, რომ დაზარალებული ქალის დაკითხვაც სპეციალიზებულ გამომძიებელს უნდა ჩაეტარებინა, რადგან პროცესს ბავშვებიც ესწრებოდნენ.

სასამართლო მორიგ სხდომაზე გადაწყვეტს, დაიწყება თუ არა არსებითი განხილვა და მივა თუ არა სასამართლოში ჩვენების მისაცემად დაზარალებული ქალი ან მისი მამა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: