მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერია: სახურავიდან ჩამოვარდნილი პირი მონიტორინგის ჯგუფს ხელმძღვანელობდა

21.03.2018 • 1700
ბათუმის მერია: სახურავიდან ჩამოვარდნილი პირი მონიტორინგის ჯგუფს ხელმძღვანელობდა

რატომ არ იყო უზრუნველყოფილი უსაფრთხოების ზომები? – ჰკითხა „ბათუმელებმა“ ბათუმის მერიას გუშინ, მას შემდეგ, როცა ლუკა ასათიანის ქუჩაზე ორსართულიანი სახლის სახურავიდან 40 წლამდე მუშა ჩამოვარდა. იგი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. წლების წინ აშენებულ კორპუსში მცხოვრებმა ადამიანებმა გვითხრეს, რომ თოვლდამჭერის სამონტაჟო სამუშაოებს მერია მოსახლეობის მოთხოვნით ატარებდა.

„კონკრეტულ შემთხვევაში, გარდაცვლილი იყო ჯგუფის ხელმძღვანელი და სახურავზე შესრულებული სამუშაოს მონიტორინგის მიზნით იმყოფებოდა,“ – გვიპასუხეს დღეს ბათუმის მერიის პრესსამსახურში. მერიაში განმარტავენ, რომ სამონტაჟო სამუშაოებს კომპანია „ნიუ სითი“ ახორციელებდა ააიპ „ბათუმის კორპუსთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. „ბათუმის კორპუსი“ მერიას დაქვემდებარებული ორგანიზაციაა.

„სამუშაოების მომწოდებელთან დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრულია, რომ სამუშაოების მწარმოებელმა უნდა იხელმძღვანელოს საქართველოში მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობითა და ნორმატიული აქტებით. ასევე აუცილებელი მოთხოვნაა დაზღვევის ქონა. ტექნიკური ზედამხედველი პერიოდულად ახორციელებს მონიტორინგს, თუ რამდენადაა დაცული უსაფრთხოების ნორმები, გამოყენებულია თუ არა ჩაფხუტი და დამცავი ქამარი. გარდაცვლილი ახორციელებდა ზედამხედველობას, მონიტორინგს,“ – აღნიშნავენ ბათუმის მერიის პრესსამსახურში.

ვინ ნიშნავს ტექნიკურ ზედამხედველს – დამკვეთი ანუ ააიპ „ბათუმის კორპუსი“, თუ თავად კომპანია, რომელიც სამუშაოებს ასრულებს? – ბათუმის მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ  კონკრეტულ კითხვებს ააიპ „ბათუმის კორპუსის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით კასრაძემ უნდა უპასუხოს. დავით კასრაძემ „ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: