მთავარი,სიახლეები

ჟურნალისტებთან შეხვედრა სოფელ მერისში – რა აწუხებს მოსახლეობას?

21.03.2018 • 1967
ჟურნალისტებთან შეხვედრა სოფელ მერისში – რა აწუხებს მოსახლეობას?

5 მარტს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისში შეხვედრა გაიმართა დისკუსიათა ციკლის – „მედია და საზოგადოება“ – ფარგლებში. შეხვედრაზე აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა, სოფო ხელაძემ და „ბათუმელების“ ჟურნალისტმა, ეკა ბარამიძემ ადგილობრი მოსახლეობის პრობლემები და მოსაზრებები მოისმინეს. შეხვედრების მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის  პრობლემების გაცნობა ფართო საზოგადოებისთვის.  მსგავსი შეხვედრები უკვე გაიმართა ქობულეთში, ხელვაჩაურსა და  ქედაში.

ფოტო: „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“

სოფო ხელაძე,  აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვების წამყვანი: ჩვენ ყოველდღიურად ვაშუქებთ მუნიციპალიტეტებში არსებულ პრობლემებს,  გვყავს ხუთი კორესპონდენტი: ხულოში, შუახევში, ქედაში, ქობულეთში, ასევე თბილისსა და ქუთაისში.  ჩვენი მთავარი პრინციპია სანდოობა, ოპერატიულობა და მრავალფეროვნებაა. თითქმის ყველა სფეროს ვეხებით.  მთავარი მიზანია, ვემსახუროთ საზოგადოებას. ჩვენ დამოუკიდებლები ვართ სახელმწიფო უწყებებისგან, ანგარიშვალდებულები ვართ თქვენთან, საზოგადოებასთან და ამიტომაც ვცდილობთ, რომ ყველა ის პრობლემა, რაც თქვენ გაწუხებთ, ობიექტურად გავაშუქოთ და მოვიპოვოთ თქვენი ნდობა.

განვიხილავთ ისეთ პრობლემებს, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, განათლება, ძალადობა, ადრეული ქორწინება და ა.შ.  ვცდილობთ, რომ ყველა პრობლემა მოვიცვათ, გავიგოთ, რა გაწუხებთ, ვიპოვოთ შესაბამისი ადრესატები, რომლებსაც პასუხებს მოვთხოვთ სწორედ ამ პრობლემებთან დაკავშირებით. ერთგვარად, ანგარიშს ვიბარებთ საჯარო პირებისგან.

ეკა ბარამიძე, „ბათუმელების” ჟურნალისტი:  ჩემი მთავარი მიზანია, ავსახო სოფლებში განვითარებული მოვლენები, გავიგო თითოეული ადამიანის პრობლემა და გავაშუქო.  მოვითხოვო ინფორმაცია მუნიციპალიტეტების მმართველებისგან, თუ როგორ ხედავენ და როგორ წყვეტენ ამა თუ იმ პრობლემას. ასევე საინტერესოა, თქვენ როგორ ხედავთ პრობლემებს და მისი მოგვარების გზებს. მზად ვარ მოვისმინო ეს ყველაფერი. როგორ ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოს მედიამ და როგორი დამოკიდებულება გაქვთ მის მიმართ? ჩვენ გვინდა, რომ იყოთ აქტიურები. ზოგადად, მგონია, რომ მოქალაქეები არ აქტიურობენ, საკმარისად, თქვენ  თუ იაქტიურებთ, კარგ შედეგს მივიღებთ.

ჯაბა ლორთქიფანიძე, პედაგოგი:  მადლობა რომ მობრძანდით და ამ თემებით დაინტერესდით. ვფიქრობ, რომ მედიას ძალიან დიდი როლი აქვს ცნობიერების ამაღლებაში, ინფორმაციის მიწოდებაში.  მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სოციალური ქსელები, მედია მაინც არ კარგავს თავის რეიტინგს, იმიტომ, რომ სოფლად უმეტესად ხანდაზმული ადამიანები ცხოვრობენ და მათთვის ინფორმაციის მიღება უფრო ტელევიზიითა ხელსაყრელი. მეც ტელევიზიით მიღებული ინფორმაციის მიმართ უფრო მაქვს სანდოობა, ვიდრე სოციალური ქსელებით.

როგორც მოგეხსენებათ, მერისს შვიდი მთა აქვს, სადაც იყო და არის გზის პრობლემები, თუმცა მეტ-ნაკლებად მოგვარებულია ეს საკითხი. შუახევიდან გადმოყვანილი გვაქვს ელექტროენერგია, რომლის მავთულები ამორტიზებული და მოძველებულია.  ამის შეცვლა გვინდა. ეს არის ლაშეს მთა, დაახლოებით ორკილომეტრნახევარია. ყველა არ არის შესაცვლელი, მაგრამ ნაწილი გაფუჭებულია.

ეკა ბარამიძე: მახსოვს, მოსახლეობის მოთხოვნა იყო ჩასარიცხი აპარატები და წინასაარჩევნოდ დაგპირდნენ, რომ დადგამდნენ.  შესრულდა თუ არა დაპირება და რამდენ ხანს გქონდათ ეს აპარატები?

ჯაბა ლორთქიფანიძე: აპარატები დადგეს, 3 თვე მუშაობდა.

ეკა ბარამიძე:  ამჟამად სად იხდით თანხას, სად რიცხავთ?

ჯაბა ლორთქიფანიძე: ქედის ცენტრში გვიწევს ჩასვლა, რაც დიდი პრობლემაა.

ეკა ბარამიძე:  ყველაზე დიდ პრობლემას ბაღებში ქმნის მწირი ანაზღაურება. კონკრეტულად ამ ბაღში როგორი ვითარებაა ამ კუთხით?

ინდირა  გოგოლიშვილი: დიახ, ეს პრობლემა დიდი ხანია დგას, მაგრამ ჯერ არ არის მოწესრიგებული. ამ თვიდან უნდა გვქონოდა ცოტა მაღალი ანაზღაურება, თუმცა ჯერ არაფერი შეცვლილა.

ეკა ბარამიძე: ბავშვებს თუ აქვთ ეზო, სადაც ითამაშებენ? შემოსასვლელთან შევნიშნე ატრაქციონი, რომელიც მორყეულია. ბაღის ბავშვები იყენებენ მას?

ინდირა  გოგოლიშვილი: ამ ეტაპზე სარემონტო სამუშაოებია და ჯერჯერობით  მხოლოდ წინა ეზოში გაგვყავს ბავშვები, მაგრამ ამინდი რომ გამოვა, გარემონტდება ყველაფერი.

ანზორ ამბროლაძე: ბავშვების ნაწილს ძალიან ცუდ პირობებში სძინავს, სინესტეა, სინათლე არ შედის ოთახში.

ინდირა  გოგოლიშვილი:  წინა კვირაში იყვნენ მოსულები და დაგვპირდნენ, რომ ზემოდან დააშენებენ ოთახებს. მაგალითად,  ახლა შუქი გაითიშა და სინათლე არ შემოდის, სიბნელეა მთლიან ბაღში. თქვენც შეგიძლიათ ნახოთ.

ეკა ბარამიძე: რა რეკომენდაცია მოგცათ სააგენტომ? თქვენ როგორც თქვით, არასამთავრობო ორგანიზაცია იყო მოსული.

ანზორ ამბროლაძე: ახალი შენობის აშენება შემოგვთავაზეს, მაგრამ არ მოიძებნა ადგილი, ვერ მოიძებნა ფართობი, სადაც აშენება შეიძლება. იმ პირობებში ბავშვების ყოფნა დაუშვებელია. ნესტია, სინათლე არ შედის.

ეკა ბარამიძე: ახლა დაიწყება საგაზაფხულო სამუშაოები და რას ფიქრობთ, ამ კუთხით რა პრობლემებს ხედავთ?

ჯამბულ თურმანიძე: პირველ რიგში, ფაროსანას ლიკვიდაცია გვსურს. გურიაში შეწამლეს თხილი, ჩვენთან კი არაფერი გაკეთებულა.

ანზორ  ამბროლაძე: ყველაზე ცუდი იცით რა არის? სოფელში უმეტესი პენსიონერი და მოხუცია. თითქმის ყველა ახალგაზრდა სამუშაოდ მიდის ან ქალაქში, ან თურქეთში. არავინ დარჩა, რომ მიწა დაამუშაოს. აქ მხოლოდ მიწის საშუალებით ვერავინ ვერ ნახა შემოსავალი, ოჯახი ვერ არჩინა და იძულებული გახდა წასულიყო. მერისში რეგისტრირებული რომ იყო 22 თუ 25 ოჯახი, დღეს მაქსიმუმ 8 თუ იქნება.

ეკა ბარამიძე: მთის კანონის შემოღებამ არ უშველა მიგრაციის პრობლემას?

სოფო ხელაძე: რას  ფიქრობთ ამ კანონზე, ასახავს თქვენს მოთხოვნებს?

ანზორ  ამბროლაძე: საბოლოო ჯამში არაფერი შეცვლილა. რა ქნას ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა? მშობლებს მოსთხოვოს პენსია თუ ბებიას? კი ბატონო, სახელმწიფო ახალშობილზე აძლევს 100 ან 200 ლარს, მაგრამ ეს ხომ არ არის საკმარისი?! ვერ შეიქმნა სამუშაო ადგილები, რომ ახალგაზრდა დასაქმდეს და დარჩეს სოფელში.

ფოტო: „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“

ეკა ბარამიძე: მცირე მეწარმეობის განვითარებაზე რას ფიქრობთ? რამდენად შეუძლია, რომ მიგრაცია შეაკავოს?

ჯამბულ თურმანიძე: მთელი მონდომებით დარგო ხალხმა თხილი, მაგრამ ადრე თურქეთში თუ ვაბარებდით 8 და 10 ლარად, მეორე წელს 3 ლარიც არ ღირდა. ადგილზე უნდა შეიქმნას თხილის საამქროები, თხილის გასარჩევი ტექნიკა. ფასს რაც შეეხება, გლეხისთვის იყოს მიზერული, ოღონდ ადგილზე უნდა მისცენ, მან არ უნდა იწვალოს თურქეთში წაღებაზე და არ უნდა ფიქრობდეს საბაჟოზე ჩამოართმევენ თუ არა, გაყიდის თუ ვერა.

სოსო თურმანიძე, მერისის თემის რწმუნებული: დასაქმებასთან დაკავშირებით  მინდა ვთქვა, რომ წლის განმავლობაში დაახლოებით 6-7 ტონა ბოსტნეული მოჰყავთ, ვერ ვიტყვი, რომ ეს სრულიად საკმარისია გამოზამთრებისთვის, თუმცა გვყავს ისეთი კატეგორია, ვინც გაექცა ამ ყველაფერს. დღეს ახალგაზრდებს აღარ უნდათ სოფელში შრომა,  ცოტა უფრო იოლი შემოსავალი სურთ.

ეკა ბარამიძე: თუ ყოფილა შემთხვევა, რომ მოქალაქეები, ფერმერები მოგეწვიათ და გემსჯელათ, რა  სტრატეგიით უნდა იმუშაოთ,  ვთქვათ, ესა თუ ის კულტურა როგორ და სად უნდა მოიყვანოთ და ა.შ.

სოსო თურმანიძე:  მსგავსი შეხვედრა იყო მხოლოდ ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებით.

ეკა ბარამიძე: ფერმერები  მთავარი მწარმოებლები არიან, მათთვის თუ არის ხელმისაწვდომი ეს ინფორმაცია?

სოსო თურმანიძე:  ასეთი შეხვედრები არაერთხელ ჩატარებულა, ყველა ინფორმაცია მათთვის ცნობილია.

ეკა ბარამიძე: მოსახლეობამ თუ იცის, რომ  პროგრამა „აწარმოე საქართველოს“  ფარგლებში ევროკავშირი დაახლოებით 2 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს ქედაში.  თუ აპირებთ ამასთან დაკავშირებით  პროქტებისს დაწერას?

ჯაბა ლორთქიფანიძე: მოსახლეობა ფლობს ინფორმაციას, წარმომადგენლებმა ყველა სოფელში ჩაატარეს შეხვედრები და ყველა პროგრამა გაგვაცნეს. პროექტებს რაც შეეხება, ამას ჩვენ ვერ დავწერთ, ამისთვის ENPARD-ის ფარგლებში გამოცხადდება იდეების კონკურსი და შემდეგ ისინი გადაამზადებენ და ასწავლიან, თუ როგორ და რა ტიპის პროექტები უნდა დაიწეროს.

__________________________________

დისკუსია მომზადდა „სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის“ პროექტის ფარგლებში, ამერიკული ორგანიზაციის, NED-ის დაფინანსებით. პროექტს ახორციელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: