არ დაუშვებთ ძეგლის იმ დონემდე მიყვანას, რომ ვერ გადარჩეს – სააგენტო ყოფილი პირველი აფთიაქის შენობაზე

უკვე რამდენიმე თვეა, რაც ბათუმში, მემედ აბაშიძის #34-ში მდებარე ძეგლის, ყოფილი პირველი აფთიაქის დაზიანებული კარიდან ობის სუნი გამოდის, მესაკუთრე კი არ ჩანს. ყოფილი აფთიაქის შენობა ბათუმში ერთ-ერთია იმ ძეგლებს შორის, რომლებსაც არავინ უვლის. შენობაში წყალი ჩადის, იატაკზე ხავსია მოდებული და ოთახებში ნესტის სუნი დგას. ხუთი წლის შემდეგ, რაც ის მესაკუთრემ გამოკეტა, ძეგლში შესვლა ერთ-ერთი დაზიანებული კარიდან გახდა შესაძლებელი.

დაზიანებულია შენობის ფასადიც, გარედან ჩანს ასევე, რომ შენობას მხოლოდ ქუჩაში დარჩენილი ძაღლები არ აფარებენ თავს, მეორე კვირაა, რაც ვიღაცამ ზედა სართულის ფანჯრები და აივანზე გამოსასვლელი კარი შეაღო.

საქართველოში დამკვიდრებული პრაქტიკაა – ძეგლს არ უვლიან, შემდეგ კი ამბობენ, რომ ის იშლება და ადამიანებისთვის სახიფათოა, ამით მესაკუთრეები შენობის დანგრევის და ამ ადგილზე მაღალსართულიანი სახლების ან სასტუმროების აშენების უფლებაზე თანხმობის მოთხოვნას ამართლებენ. ამ დრომდე ყოფილი აფთიაქის შენობის მდგომარეობაზე დუმდნენ ის სახელმწიფო სტრუქტურებიც, რომლებსაც ძეგლების მეთვალყურეობა ევალებათ.

იმაზე, რომ შენობაში წყალი ჩადის, „გეოგრაფიკი“ 2015 წელს წერდა, ჩარევის სასურველ ფორმად კი კომპანიამ რეკონსტრუქცია-რესტავრაცია მიუთითა. სააღრიცხვო ბარათში ნათქვამია, რომ „გეოგრაფიკს“ ძეგლის ინტერიერი არ დაუთვალიერებია და სპეციალისტებმა შენობის მდგომარეობა მხოლოდ გარეგანი დათვალიერებით შეაფასეს, რადგან ის ჩაკეტილი იყო. ამ თემაზე საუბრობდა მედიაც, თუმცა უშედეგოდ. ამიტომაც გაჩნდა მოსაზრება, რომ შენობას, რომელსაც სპეციალისტები აფასებენ, როგორც უნიკალურს და ბათუმის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათს უწოდებენ, მესაკუთრე მიზანმიმართულად აზიანებს, რომ მომავალში  მისი რეკონსტრუქციის უფლება მიიღოს:

„ვფიქრობ, ეს ერთგვარი ტაქტიკაა, გამოჩნდებიან, რაღაცის აშენება უნდათ. საზოგადოების რეაქციის შემდეგ ცოტა ხანს ჩერდებიან. ისეთი ხალხი ჩანს, ადვილად, რომ არ გაჩერდება, მით უმეტეს, რაღაც მხარდამჭერები ჰქონდათ მთავრობაში. ახლა ან ახალ გარანტიებს ელოდებიან, ან ახალ კავშირებს,“ – ამბობს „ბათომის“ წევრი შოთა გუჯაბიძე.

ფოტო: ცაგო კახაბერიძე

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში კი ამბობენ, რომ ძეგლის იმ დონემდე მიყვანას,  მისი გადარჩენა რომ შეუძლებელი გახდეს, სააგენტო აღარ დაუშვებს. ყოფილი აფთიაქის შენობის რეკონსტრუქციის დასაწყებად სააგენტომ შესაძლოა კულტურული მემკვიდრეობის  დაცვის შესახებ კანონის ის მუხლი გამოიყენოს, რომელიც ძეგლის გადასარჩენად მის სახელმწიფო ხარჯებით რეკონსტრუქციას და შემდეგ დანახარჯის მესაკუთრისგან ამოღებას გულისხმობს:

„შევისწავლით, როგორც კონსტრუქციული თვალსაზრისით, ასევე სხვა ასპექტებით, ეს განხორციელდება უახლოესი ერთი თვის ვადაში. თუ დადგინდება, რომ გადაუდებელი ჩარევაა საჭირო, კანონის 55-ე მუხლის შესაბამისად ვიმოქმედებთ.“

კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის 55-ე მუხლი  ძეგლის ინტერესებიდან გამომდინარე, სასამართლოს თანხმობით, მესაკუთრის ნებართვის გარეშე ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა, იმ შემთხვევაში თუ ძეგლის მდგომარეობა გადაუდებელ ჩარევას საჭიროებს.

შენობის მესაკუთრე შპს „ჟასმინი“ კი, რომელსაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ შენობა სასტუმროს გახსნის პირობით მიჰყიდა, ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც მთავრობასთან ნაკისრ ვალდებულებას არ ასრულებს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ისევ „უახლოეს პერიოდში“ მესაკუთრისაგან პროექტის წარდგენას ელოდებიან [პირველი პროექტი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ მესაკუთრეს დაუწუნა], ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო სამინისტრომ კომპანიას პირგასამტეხლოს სახით მილიონ 600 000 დოლარის გადახდა დააკისრა, თუმცა ამ დრომდე კომპანიას ერთი თეთრიც არ გადაუხდია. სამინისტროში არც იმას გამორიცხავენ, რომ შესაძლოა კომპანიას აპატიონ კიდეც და ეს თანხა ჩამოაწერონ: „ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა პროექტს წარმოადგენს და რამდენად იქნება მზაობა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით შემდგომში.“

ფინანსთა სამინისტროში აქვთ მოლოდინი, რომ კომპანია ახალი პროექტის მომზადებისას იმ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში მიიღო. „ეს ეხება სიმაღლეებს და გაბარიტებსაც“, – ამბობს გელა ცინცაძე, სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და სახელშეკრულებო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი.

თუ კომპანია პროექტის წარდგენას ისევ დააყოვნებს და 2018 წლის ბოლომდე ვალდებულების შესასრულებლად შესაბამის ქმედებებს არ წამოიწყებს, სამინისტროში ხელშეკრულების მოშლის საკითხი დადგება დღის წესრიგში.

ყოფილი #1 აფთიაქის შენობა და მასზე მიმაგრებული მიწის ფართობი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2011 წლის 28 იანვარს 1 მილიონ დოლარის ეკვივალენტ ლარში გაასხვისა. თავის მხრივ, შპს „ჟასმინმა“16 თვის ვადაში 40- ნომრიანი სასტუმროს, რესტორნის მშენებლობისა და საქართველოს 80 მოქალაქის დასაქმების ვალდებულება აიღო, მაგრამ დათქმულ ვადაში [2012 წლის ივნისი] პირობები ვერ შეასრულა. ბოლო ცვლილება ხელშეკრულებაში 2013 წლის 25 სექტემბერს შევიდა, როდესაც კომპანია საპრივატიზებო ხელშეკრულებით დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლდა აჭარის ქონების მართვისა და განკარგვის კანონის 29-ე მუხლის საფუძველზე, რაც საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობის მიზნით ინვესტორის დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.

ფოტო : ცაგო კახაბერიძე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი