ცრემლები, ოფლი, მენსტრუალური სისხლი – უჩვეულო გამოფენა ლონდონში

ლონდონელ მხატვარს, ემი შაროქსს, უცნაური იდეა მოუვიდა, 2013  წლიდან მოგზაურობა დაიწყო და წყლის მუზეუმის შესაქმნელად ნიდერლანდებსა და დიდ ბრიტანეთში არც მეტი, არ ნაკლები, უბრალოდ სითხეების შეგროვება დაიწყო.

მის მიერ წარმოდგენილ გამოფენაზე, მაგალითად, წარმოდგენილია წყალი, რომელიც დამდნარი თოვლის ბაბუასგან დარჩა, ე.წ. წმინდა – ნაკურთხი წყლები, დონორებისა და მოხალისეების მიერ შეგროვილი ცრემლები, ოფლი და დახურულ სივრცეში სუნთქვისას წარმოქმნილი ორთქლის წვეთებიც კი.

„მენსტრუალური სისხლი, შეგროვების თარიღი: 10.02.18 წარმოქმნის დრო: დილის 9 საათიდან შუაღამის 2:15-მდე. დონორის სახელი სარა ტომპსონი. კატალოგის ნომერი 1194“- ეს გამოფენაზე წარმოდგენილი წითელი სითხით სავსე ერთ-ერთი ბოთლის ეტიკეტია.

გამოფენის იდეის ავტორი, ემი შაროქსი მიიჩნევს, რომ ეს არის ამბების თხრობის ერთგვარი ფორმა, რადგან ადამიანებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მუზეუმისთვის მიაქვთ შეგროვილი სითხეები, რაც მათ მნიშვნელოვნად მიაჩნიათ. თუმცა პროექტის გუნდი საგამოფენო „ექსპონატებს“ საგულდაგულოდ არჩევს და ცხადია, მოხალისეთა მიერ შეგროვილი ყველა სითხე გამოფენაზე ვერ მოხვდა.

აქ დამთვალიერებელს შეუძლია ნახოს კილიმანჯაროს თოვლის ნადნობი წყალი, წყლით სავსე ბოთლები ტყუპი ბავშვებისა, რომლებიც დედას გაუჩნდა ოთხი, ნაადრევად შეწყვეტილი ორსულობის, უშედეგო მედიკამენტოზური მკურნალობისა და სამი უშედეგო ხელოვნური განაყოფიერების შემდეგ.

ყველა ექსპონატს დართული აქვს ხელნაწერი, აღწერა, ზოგს ხმოვანი ჩანაწერიც, რომლის საშუალებითაც დონორები ყვებიან, რით არის ბოთლში მოთავსებული სითხე მათთვის მნიშვნელოვანი და მათი ცხოვრების რა მომენტებს უკავშირდება ესა თუ ის ექსპონატი.

გამოფენაზე ნახავთ წყლის ბოთლს, რომელსაც სირიელი ლტოლვილი ქალი ინახავდა 2 მცირეწლოვანი შვილისთვის, როცა ნავით, 83 დანარჩენ ლტოლვილთან ერთად, აღდგომის კუნძულს აფარებდნენ თავს 21 დღის განმავლობაში.

Guardian“-თან საუბრისას გამოფენის იდეის ავტორი, ემი შაროქსი, ჰყვება, რომ ერთი ქალი, მას შემდეგ, რაც ხმა გავრცელდა, რომ მსგავსი პროექტისთვის სითხეები გროვდებოდა, შეხვდა მას და უსიტყვოდ გადასცა პატარა ბოთლი წერილითურთ. ემიმ ხელნაწერიდან ამოიკითხა, რომ ეს მისი ჩვილი ბავშვის გარდაცვალებისას დაღვრილი ცრემლები იყო. ბოთლი სავსე იყო სითხით.

„არც ერთს არაფერი გვითქვამს, უსიტყვოდ ჩავეხუტეთ ერთმანეთს და ავტირდით“, ამბობს გამოფენის ორგანიზატორი „გარდიანთან“.

„ეს იმ მდინარის წყალია, რომელშიც თავის დახრჩობას ვაპირებდი, მაგრამ ბოლო მომენტში გადავიფიქრე და სიცოცხლე, სიმამაცე ვარჩიე ყველა იმ ადამიანის გამო, რომელიც მიყვარს,“- ესეც უცნაურ გამოფენაზე წარმოდგენილი ერთ-ერთი ბოთლის წარწერაა.

უცნაური, ერთი შეხედვით, აბსურდული გამოფენის ორგანიზატორი მიიჩნევს, რომ შეიძლება სხვა სამუზეუმო ექსპონატებისგან განსხვავებით ამ სითხეებმა ვერ გაძლოს და ცხადია, აორთქლდება ყველა მათგანი, ან გასასვლელს იპოვის ჭურჭლიდან ადრე თუ გვიან, მაგრამ სხვათა ცხოვრების ამსახველი სითხეები აორთქლებისასაც არ იკარგება, უბრალოდ ერევა სივრცეს და ამგვარად ადამიანები ერთმანეთის ამბებს გაუაზრებლად იზიარებენ, „ისუნთქავენ“.

წყლის მუზეუმის გამოფენა ლონდონის ხელოვნების ცენტრ Fremantle-ში 23 მარტამდე დარჩება, თუმცა ექსპონატების დათვალიერება წარწერებითურთ მუზეუმის ვებგვერდზეცაა შესაძლებელი.

წყარო: Theguardian

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თამუნა ნერგაძე არის "ბათუმელების" რეპორტიორი 2017 წლის ოქტომბრიდან