მთავარი,სიახლეები

სასამართლომ ბათუმის ციხეში პატიმრების წამების საქმეზე ორ მოწმეს მოუსმინა

19.03.2018 • 1823
სასამართლომ ბათუმის ციხეში პატიმრების წამების საქმეზე ორ მოწმეს მოუსმინა

“შემოვიდეს მოწმე”, – თქვა მოსამართლემ და სასამართლო დარბაზში დუმილი მოწმის ნაბიჯების ხმამ დაარღვია. მან დარბაზს ფრთხილად მოავლო თვალი და როცა ბრალდებულები შენიშნა, მაშინვე აარიდა მზერა, შეჩერდა. მანდატურმა ხელით მიანიშნა, აქ უნდა დადგეთო. მოწმე გია იანუსოვმა თხრობა დაიწო.

“მე 2009 წელს დამაკავეს. ციხის მისაღებში ჩხრეკა ჩამიტარეს. მერე მითხრეს გაიხადე ყველაფერიო. გავიხადე. მითხრეს, უნდა ითანამშრომლო ჩვენთანო. უარი ვუთხარი. კარგი, ჩაიცვიო. გაიარ-გამოიარეს და ისევ გაიხადეო. გავიხადე და იგივე კითხვა დამისვეს. უარი როცა ვუთხარი, დამარტყეს… მერე კორიდორში გამიყვანეს. სირბილით მიხვალ ბოლომდე და მერე უკან დაბრუნდებიო. ძალიან რთულია, თან როცა ხელები უკან გაქვს შეკრული, თან ასაკში ხარ… როცა დავბრუნდი, ისევ დამიწყეს ცემა. რატომ მცემდნენ არ ვიცოდი… ისე მტკიოდა სხეული, 6 თვე წესიერად ვერ დავდიოდი. ექიმმა გამაყუჩებელი მომცა, მაგრამ არ მშველოდა, სხვა პატიმრებს ვთხოვდი, იქნებ რაც არ გჭირდებათ, მე მომცეთ-მეთქი,” – დაახლოებით ამ სიტყვებით აღწერა ყოფილმა პატიმარმა, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდათ ციხის ყოფილ უფროსებს პატიმრებთან.

ერთწლიანი პაუზის შემდეგ „ციხის ყოფილი უფროსების“ საქმის განხილვა განახლდა. ბოლო სხდომა ამ საქმეზე გასული წლის 30 მარტს ჩაატარა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა.

გამოძიება ბათუმის ციხის ყოფილ ხელმძღვანელ პირებს – გიორგი ვეკუას და ზაზა ჯიქიას დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას ედავება. საქმეში სულ 119 მოწმეა – პატიმრები, რომლებიც ყვებიან, როგორ აწამეს ციხეში. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმის განხილვა სასამართლომ 2014 წლის 4 მარტს დაიწყო, სასამართლოს მხოლოდ 40-მდე მოწმის ჩვენება აქვს მოსმენილი.

თუკი წლის ბოლომდე გიორგი ვეკუას და ზაზა ჯიქიას ბრალს ვერ დაუმტკიცებენ, საქმის განხილვა უნდა შეწყდეს. კანონის მიხედვით, საქმე, რომლის განხილვაც 2016 წლამდე დაიწყო სასამართლომ, 2019 წლის პირველ იანვრამდე უნდა დასრულდეს.

მოწმის გამოძახებამდე მოსამართლე დავით მამისეიშვილმა “ბათუმელებში” ამ თემაზე გამოქვეყნებული სტატია ახსენა და განმარტა, რომ საქმის განხილვას იგი წლის ბოლომდე აუცილებლად დაასრულებს. მან რამდენიმე დღე დააანონსა, როცა სასამართლო დილიდან საღამომდე მოწმეთა ჩვენებებს მოისმენს.

“თუკი საქმე ვერ დასრულდება, მოსამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება,” – დასძინა მოსამართლემ.

“რატომ არ შეიტანეთ საჩივარი?” – მიმართა ყოფილ პატიმარს პროკურორმა, რამაზ შავაძემ.

“ბატონო პროკურორო, არ იცით, რა ხდებოდა იმ სისტემაში?” – იკითხა მოწმე გია იანუსოვმა და პროკურორს შეხედა.

მოწმემ თქვა, რომ მას კონკრეტულად რეჟიმის უფროსთან – ზაზა ჯიქიასთან  ჰქონდა შეხება, გიორგი ვეკუას კი არ იცნობს.

პროკურორის კითხვაზე, რას აკეთებდა ზაზა ვეკუა, მოწმემ მოკლედ უპასუხა:

“იქ, ოთახში, სადაც მცემდნენ, რამდენიმე პირი იყო, მათ შორის ზაზა ჯიქია. ისე მირტყამდნენ, რომ თავში ხელები მქონდა წაფარებული აი ასე, ვეღარავის ვხედავდი…”

“ისეთი ამბავი იყო, დედა შვილს არ ეიყვანდა ხელში,” – მიმართა მოსამართლეს კიდევ ერთმა მოწმემ, მალხაზ გვიანიძემ. ისიც ყოფილი პატიმარია.

“რა ვთქვა, რა გითხრათ? რა უნდა მოგიყვეთ? ეს ამბავი მთელმა მსოფლიომ იცის უკვე და ისევ ჩვენ უნდა ვთქვათ რამე?… ცემას ზაზა ჯიქია იწყებდა და გიორგი ვეკუა ასრულებდა, ერთმანეთზე უარესები იყვნენ… მე დანაშაულის აღიარება არ მინდოდა, აღიარებას მთხოვდნენ,” – აღნიშნა მოწმემ.

მოწმეებისთვის შეკითხვა ბრალდებულებს არ დაუსვამთ.

“რას მიყურებთ, არ მოგეწონეთ?”- ხმამაღლა მიმართა ყოფილმა პატიმარმა ყოფილ უფროსებს. იგი მოსამართლემ შეაჩერა სიტყვებით: “თქვენ სასამართლო დარბაზში ხართ”.

“აგენს რა უნდა გარეთ, სადაა სამართალი,” – ჩაილაპარაკა ყოფილმა პატიმარმა, ვიდრე იგი სასამართლო დარბაზს დატოვებდა.

 

 

https://batumelebi.netgazeti.ge/news/120385/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: