მთავარი,სიახლეები

“აივანზე 4 ძირი კანაფი მქონდა” – განაჩენი საკონსტიტუციოში საქმის მოგების შემდეგ

19.03.2018 • 4026
“აივანზე 4 ძირი კანაფი მქონდა” – განაჩენი საკონსტიტუციოში საქმის მოგების შემდეგ

“ზაფხული იყო. უცებ პოლიციელები მოვიდნენ… აივანზე ნახეს კანაფი. ოთხი ძირი მქონდა დარგული სულ. პატარები იყო ძალიან, ჯერ ფოთოლს ვერ შეაწყვეტდი,” – უთხრა მოსამართლეს ჯამბულ გვიანიძემ. მას გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება კანაფის უკანონო დათესვას, მოყვანას და კულტივაციას ედავება.

ჯამბულ გვიანიძემ გასულ წელს მოიგო დავა პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში. ჯამბულ გვიანიძის საქმეზე სასამართლომ თქვა, რომ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება არაკონსტიტუციურია.

ჯამბულ გვიანიძეს 4 ძირი კანაფის მოყვანისთვის 4-დან 7 წლამდე ელოდა თავისუფლების აღკვეთა. საკონსტიტუციო სასამართლომ 151 გრამამდე ნედლი კანაფის მოყვანაზე მიიღო ეს გადაწყვეტილება.

ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო კანაფის კულტივაციაზე საბოლოო სიტყვას იტყოდა, საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ირაკლი შავაძემ შეაჩერა. დღეს ჯამბულ გვიანიძის საქმეს მოსამართლე ლევან გელოვანი განიხილავს.

ეს ის შემთხვევაა, როცა სასამართლოს შეუძლია გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, მაგრამ “დამნაშავეს” ვერ დასჯის. პარლამენტს ამ დრომდე არ მიუღია გადაწყვეტილება, თუ რა ფორმით უნდა დაისაჯოს ადამიანი 151 გრამამდე კანაფის მოყვანისთვის. ანუ კანაფის მოყვანა დასჯადია, მაგრამ კანონი არ ითვალისწინებს არც ერთ კონკრეტულ სასჯელს.

ჯამბულ გვიანიძეს კანაფის მოყვანის გარდა, მარიხუანას შეძენა-შენახვასაც ედავება გამოძიება. მარიხუანა მას პოლიციელებმა შარვლის ჯიბეში უპოვეს. ამ მუხლზეც თავისუფლების აღკვეთის გამოყენება გაუქმებულია 2015 წლიდან, როცა ბექა წიქარიშვილის საქმეზე მიიღო გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ.

გასულ წელს პარლამენტმა ცვლილება შეიტანა სისხლის სამართლის კოდექსში და 70 გრამამდე მარიხუანას შეძენა-შენახვისთვის სასჯელის სახით ჯარიმის, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის გამოყენება დაადგინა.

“ჯამბულ გვიანიძის მიმართ უნდა იქნეს გამოყენებული ჯარიმა, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა,” – აღნიშნა დასკვნით სიტყვაში პროკურორმა მიქაელ ქობულაძემ.

“ეს არ იქნება კანონიერი,” – თქვა ადვოკატმა ვაჟა ხახუტაიშვილმა. მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ჯამბულ გვიანიძის აივანზე კანაფი პოლიციელებმა 2015 წელს იპოვეს, ჯარიმის შეფარდების უფლება კი სასამართლოს 2017 წელს მიეცა.

“შესაძლოა, დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი, მაგრამ მას ვერაფერს მიუსჯიან,” – მიიჩნევს ადვოკატი.

მოსამართლე ლევან გელოვანი საბოლოო გადაწყვეტილებას მომდევნო სხდომაზე გამოაცხადებს.

“სააფთიაქო ნარკომანიას მიხედონ ჯობია, რიგები დგას ახალგაზრდების. მე 25 წელია ვთესავ და მომყავს კანაფი მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის,” – გვითხრა ჯამბულ გვიანიძემ სასამართლო პროცესის შემდეგ. იგი 12-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: