TI: აჭარაში პირდაპირი წესით გასხვისებული ქონების მესაკუთრეები ვალდებულებებს უმეტესად ვერ ასრულებენ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ აჭარაში განხორციელებული ინვესტიციების შესახებ მორიგი კვლევა გამოაქვეყნა. ამჯერად ორგანიზაცია 2013 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის 30 იანვრის ჩათვლით, აჭარის მთავრობის მიერ პირდაპირი მიყიდვის წესით გასხვისებული ქონებით დაინტერესდა.

აღნიშნულ პერიოდში აჭარის მთავრობამ ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით 8 იურიდიულ პირს გადასცა. „უმრავლეს შემთხვევაში კომპანიებმა დათქმულ ვადებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ვერ უზრუნველყვეს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ არ მოგვაწოდა ოფიციალური დასაბუთება, რომლის გამოც კომპანიებს ვალდებულებების შესრულება გადაუვადდათ,“ – აღნიშნულია კვლევაში.

„გამჭვირვალობის“ ინფორმაციით, 2013 წლის იანვრიდან 2017 წლის 30 იანვრის ჩათვლით, პირდაპირი მიყიდვის ფორმით მნიშვნელოვანი საინვესტიციო პირობით 8 ობიექტი გასხვისდა: „დაგეგმილი საპრივატიზებო საფასურის ჯამური ოდენობა 16 232 360 ლარია, ხოლო განსახორციელებლი ინვესტიციის მოცულობა, 2024 წლის ჩათვლით, 342 350 000 დოლარის ექვივალენტი  ლარში. ორივე მიმართულებით რეალობა გეგმას ჩამორჩება – კომპანიებს სრულად არც საპრივატიზებო საფასური აქვთ გადახდილი და არც პროექტების განხორციელება დასრულებულა დათქმულ დროს. მიუხედავად ამისა, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო კომპანიებს სანქციებს არ უწესებს“.

„აჭარის მთავრობის თავმჯდომარე პირდაპირი მიყიდვით ქონების გასხვისებისას უპირატესობას ანიჭებს კონკურენტული შერჩევის გარეშე პირდაპირი მიყიდვის ფორმას, რაც კითხვებს აჩენს გადაწყვეტილებათა გაუმჭვირვალობასა და მიზნობრიობასთან დაკავშირებით. ამასთან, კანონით მინიჭებული უფლებით, მთავრობის თავმჯდომარე ასეთ გადაწყვეტილებაზე ინფორმაციას მაკონტროლებელ ორგანოს – აჭარის უმაღლეს საბჭოს მხოლოდ გასხვისების აქტის ხელმოწერის შემდეგ აწვდის, რაც ცხადია, ასუსტებს უმაღლესი საბჭოს მაკონტროლებელ ფუნქციას. ის, რომ ქონების გასხვისება არ ხდება კონკურენტული შერჩევის საფუძველზე, აჩენს კორუფციასთან დაკავშირებით რისკებს, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც გადაცემული ობიექტები ზღვის სანაპიროს პირველ ზოლში მდებარეობს და მათზე საბაზრო მოთხოვნა დიდია [როგორც წესი, არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთები ქალაქ ბათუმში სწორედ ზღვის სანაპიროს პირველ ზოლში მდებარეობს] – აღნიშნულია „გამჭვირვალობის“ კვლევაში.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მათ აჭარის მთავრობის მიერ პირდაპირი მიყიდვის წესით გასხვისების ყველა ხელშეკრულება და მათში შეტანილი ცვლილებები შეისწავლეს, რის საფუძველზეც აღმოჩნდა, რომ 8 ხელშეკრულებიდან მხოლოდ ერთში არ განხორციელებულა ცვლილებები;

ამასთან, „აჭარის კუთვნილი ქონების პირდაპირი წესით მყიდველი 8 კომპანიიდან 4-თან დაკავშირებულ პირებს [„კახური ტრადიციული მეღვინეობა“, „ორბი ლოჯისტიკ ჯგუფი“, „ელიტ სქიი რეზორთი“, „ეიბიეს ფრივილიჯ ქლაბ რიზორთსი“] პოლიტიკური შემოწირულობა აქვთ განხორციელებული. ჩამოთვლილთაგან ბოლო კომპანიის წარმომადგენელმა სხვადასხვა დროს თანხა გადაურიცხა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულ გაერთიანებას – „საქართველო არ იყიდება“ და შემდგომში „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“. ჩამოთვილი კომპანიებიდან ყველაზე ბევრი თანხა [240 000 ლარი] მოქმედ პარტიას „კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ“ გადაურიცხა“.

დეტალური ინფორმაცია იმ მყიდველებზე, რომელთაც ხელშეკრულებებით აღებული ვალდებულებების შესრულება გადაუვადდათ, შეგიძლიათ იხილოთ ორგანიზაციის კვლევაში.

2017 წელს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ აჭარის მთავრობის მიერ 1 ლარად გასხვისებული ქონების შესახებ გამოაქვეყნა კვლევა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფოგრაფიკა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com