82 წლის ქალი მისთვის ჩამორთმეულ ბინაში ამწეთი შევიდა

ალექსანდრა ტერუნი ამწეს დახმარებით ბათუმში, საიათნოვას 4-ში მდებარე სახლის მეორე სართულის აივანზე გადავიდა, აივნიდან კი ბინაში შევიდა. ამ პროცესს მოქალაქეების ერთი ჯგუფი ადევნებდა თვალს. ალექსანდრა 82 წლისაა და 1983 წლიდან ამ სახლში ცხოვრობდა.

ალექსანდრა ქუჩაში მას შემდეგ დარჩა, როცა მისმა შვილიშვილმა წლების წინ სესხი აიღო და ბინა იპოთეკით დატვირთა. შვილიშვილი საზღვარგარეთ წავიდა, ბინა კი მეზობელმა იყიდა, ვისთანაც მოხუცს სასამართლოში დავა აქვს. მოხუცის თქმით, ის არაერთხელ გახდა ამ ოჯახისგან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი.

ალექსანდრა გასული წლის 25 დეკემბრიდან ქუჩაშია და ახლობლებს აფარებს თავს.

„ჩვენ არც ვიცოდით, თურმე კერძო კომპანიიდან ამწე კრანი დაუქირავებია და ისე ასულა აივანზე. აივნის კარი გახსნა და შევიდა ბინაში. მას, თავის დროზე, პირადი ნივთების გატანის უფლებაც არ მისცეს,“ – გვიყვება ალექსანდრას ინტერესების დამცველი, ჟუჟუნა ჯიჯავაძე.

მეზობელს, რომელიც ამ ბინის კანონიერი მესაკუთრეა, შესასვლელი კარი აჭედილი აქვს. ალექსანდრას ბინიდან გამოსვლის, ასევე სველი წერტილებით სარგებლობის საშუალება არ ექნება. ბინაში ამჟამად არც შუქია.

მოხუცის ახლობლები ყვებიან, რომ პოლიცია ამწეს წასვლამდე მოვიდა და მოხუცის აივნიდან უკან გადმოყვანას უშედეგოდ შეეცადა.

„პოლიციას ვუთხარი, რომ მოხუცი შესაძლოა გადმოყვანის დროს ცუდად გამხდარიყო. უცებ წასვლა გადაწყვიტეს,“ – ამბობს ალექსანდრას ნაცნობი. მან ვინაობის გამხელა არ ისურვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლით, რაც სხვის საკუთრებაში უკანონო შეღწევას გულისხმობს.

შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის უცნობია, როდის გამოასახლებს მოხუცს პოლიცია.

„აქედან მხოლოდ გამომასვენებთ, ისე აქედან ვერავინ გამიყვანს,“ – გვითხრა მოხუცმა აივნიდან.

ალექსანდრა მარტოხელაა.

მთავარი ფოტო: ალექსანდრა ტერუნი მისთვის ჩამორთმეული სახლის აივანზე

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი