სამინისტრო ნახევარი მილიონი ლარის სათესლე ნიორს იყიდის

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროპროექტების მართვის ცენტრი 48 ტონა „ლუბაშა“-ს ჯიშის ნიორის სათესლე [სარგავი] მასალის შეძენას გეგმავს. ნივრის შესაძენად აჭარის ბიუჯეტში წელს 528 ათას 812 ლარია გათვალისწინებული.

ნივრის შესასყიდად გამოცხადებულ ტენდერში, წინადადებების მიღება 2018 წლის 23 მარტს დაიწყება და 26 მარტს დასრულდება. გამარჯვებულის გამოვლენის შემთხვევაში კი სამინისტროს ნიორი, 2018 წლის პირველი სექტემბრიდან ამავე წლის 25 დეკემბრამდე პერიოდში უნდა მიაწოდონ.

ნივრის სათესლე მასალას ფერმერებს თანადაფინანსების წესით გადასცემენ. ფერმერი, ნივრის ფასს, სავარაუდოდ, ტენდერით გათვალისწინებული სახელშეკრულებო ღირებულების 30%-ის ოდენობით გადაიხდის.

სამინისტროს „ნიორის პროგრამა“ გასულ წელს ჩაუვარდა. ნივრის შესასყიდი თანხა კი, როგორც სამინისტროში განაცხადეს, სხვა პროგრამებზე გადაანაწილეს.

პროგრამის ჩავარდნის მიზეზად „აგროპროექტების მართვის ცენტრმა“ არშემდგარი და შეწყვეტილი ტენდერები დაასახელა. 48 ტონა ნივრის სათესლე მასალის შესაძენად, შარშან 624 ათასი ლარი იყო გამოყოფილი.

ამავე თემაზე:

ხულოში, ართმელაძეების ოჯახის მიერ გამოყვანილი ნიორი, ევროპის ბაზარზეც გაიყიდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com