მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერიას 670 მილიონი ლარის ქონების მხოლოდ 0,1% აქვს აღწერილი – აუდიტი

17.03.2018 • 2656
ბათუმის მერიას 670 მილიონი ლარის ქონების მხოლოდ 0,1% აქვს აღწერილი – აუდიტი

ბათუმის მერიას 670 მილიონი ლარის ღირებულების ქონების მხოლოდ 0,1% აქვს აღწერილი. სახელმწიფო აუდიტის ინფორმაციით, ქალაქის მერიას მის ბალანსზე რიცხული არაფინანსური აქტივების სრული ინვენტარიზაცია, მოქმედი რეგულაციის შესაბამისად, ბოლო 12 წელია არ ჩაუტარებია. აქედან გამომდინარე, აუდიტი აცხადებს, რომ მას არ აქვს შესაძლებლობა დაადასტუროს ბათუმის მერიის ბალანსზე რიცხული ქონების მნიშვნელოვანი ნაწილის ფიზიკური არსებობა, სისრულე და სიზუსტე.

„მიუხედავად იმისა, რომ დარღვევაზე მერიას 2015 წელშიც მიუთითეს, 2016 წელსაც, ბათუმის მერიაში მხოლოდ ადმინისტრაციული დანიშნულების მქონე მოძრავ ქონების და მცირეფასიანი აქტივების ინვენტარიზაცია ჩატარდა, ნარჩენი საბალანსო ღირებულებით 814 ათას 715 ლარი, რაც მერიის ბალანსზე რიცხული 670 მილიონ 451 ათას 855 ნარჩენი ღირებულების არაფინანსური აქტივების 0,12%-ს შეადგენს“ – აცხადებს აუდიტი.

ბათუმის მერიის განმარტებით, მერიის სტრუქტურაში აქტივების სრული ინვენტარიზაციის განმახორციელებელი დანაყოფი, ვისაც ფუნქციურად ევალება აქტივების სრული ინვენტარიზაციის განხორციელება, არ არსებობს. ასევე, ქალაქის ბიუჯეტში არ ყოფილა გათვალისწინებული შესაბამისი თანხა მსგავსი მომსახურების შესყიდვის მიზნით.

აუდიტი აცხადებს, რომ მერიის განმარტება დაუსაბუთებელია, რადგან საბიუჯეტო ორგანიზაცია კანონით ვალდებულია განსაზღვრული პერიოდულობით ჩაატაროს აქტივების, მოთხოვნების და ვალდებულებების ინვენტარიზაცია და შექმნას შესაბამისი საინვენტარიზაციო კომისია.

არაფინანსურ აქტივებში შედის ძირითადი აქტივები [შენობა-ნაგებობები, მანქანა-დანადგარები], მატერიალური აქტივები [სტრატეგიული მარაგები], ფასეულობები, არაწარმოებული აქტივები [მიწა, წიაღისეული, ბუნებრივი რესურსები, რადიო-ტელე სიხშირეები].

მერიის ფინანსურ ანგარიშგებაში, შენობა-ნაგებობების ანგარიშზე ნაშთი, 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შეადგენს 154 186 647 ლარს. ბალანსზე ირიცხება 701 ერთეული საცხოვრებელი შენობა ნარჩენი საბალანსო ღირებულებით 5 247 298 ლარი. აუდიტის შერჩევითი გადამოწმებით დადასტურდა, რომ საცხოვრებელი შენობების უმრავლესობა იმყოფება კერძო საკუთრებაში/მფლობელობაში და არ წარმოადგენს მერიის საკუთრებას;

მერიის ბალანსზე არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობის ანგარიშზე ირიცხება ნაშთი 31 658 110 ლარი. აუდიტის მიერ შერჩევითი გადამოწმებით კი დასტურდება, რომ ქონების ნაწილი პრივატიზებულია ან/და უზუფრუქტით გადაცემულია მესამე პირებზე. შესაბამისად, მათი მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე ყოფნის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ეს შენობებია: ჭადრაკის სასახლე, ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლა და სხვა.

მერიის ბალანსზე ირიცხება ასევე ისეთი ძირითადი აქტივები, როგორიცაა: ქუჩები, განათება, ხიდები, გაყვანილობების სისტემები და სხვა ნაგებობები, ნარჩენი საბალანსო ღირებულებით 68 145 814 ლარი, მაგრამ მხოლოდ იმ ნაწილში, რა დაფინანსებაც მერიის მიერ გაწეულ იქნა უკანასკნელი წლების განმავლობაში. მერიის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ქონების დანარჩენი ნაწილი არ არის აღრიცხული საბუღალტრო მონაცემებში.

„იმ პირობებში, როდესაც არ ჩატარებულა ძირითადი აქტივების სრული ინვენტარიზაცია, აუდიტის ჯგუფი მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს აღნიშნული მონაცემის სიზუსტეზე“.

მერიის ბალანსში „დაუმთავრებელი ძირითადი აქტივების“ ნაშთი 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენს 418 764 729 ლარს. აუდიტის დასკვნით კი საბუღალტრო მონაცემებით, დაუმთავრებელ ძირითად აქტივად აღრიცხული ქონების ნაწილის მერიის ქონებად აღრიცხვის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს. მაგალითად, ადლიის საკანალიზაციო სისტემის გამწმენდი შენობა-ნაგებობის, ანბანის კოშკის, საზაფხულო თეატრის სამშენებლო სამუშაოები. შესაბამისად, „დაუმთავრებელი ძირითადი აქტივების ანგარიში ექვემდებარება კორექტირებას“ – აცხადებს აუდიტი.

აუდიტის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსში „სხვა მატერიალური მარაგის“ ნაშთი, ასევე, 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შეადგენს 64 604 992 ლარს და ჯამში, „მინიმუმ 34 613 729 ლარით უზუსტოდ [გაზრდილად] არის წარმოდგენილი“.

კერძოდ: მერიას ანგარიშზე „სხვა მატერიალური მარაგები“ აღრიცხული აქვს 32 604 729 ლარის ღირებულების ანბანის კოშკის სამშენებლო მასალები. მერიის განმარტებით, კოშკისთვის განკუთვნილი სამშენებლო მასალები მიმწოდებელი კომპანიის მიერ იგზავნებოდა ქალაქ ბათუმის მერიის სახელზე და მათ საბაჟო გაფორმებას უზრუნველყოფდა მერია.

აუდიტი აცხადებს, რომ მერიის საფინანსო სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილებაში არ იძებნება ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ანბანის კოშკი მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2015 წელს უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადასცა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას; შესაბამისად, აღნიშნული მასალები ექვემდებარებოდა მერიის ბალანსიდან მოხსნას.

2016 წლის ბოლოს, ანგარიშზე „სხვა მატერიალური მარაგები“ ნაშთად ირიცხება გარე განათების ბოძები, დეკორატიული ფილები და ბოძკინტები, საერთო ღირებულებით 13 879 778 ლარი, რომლებიც ძირითადად შეძენილია 2009-2014 წლებში. მერიის განმარტებით, საფინანსო სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილებაში არ იძებნება აღნიშნული ნედლეულის და მასალების გაცემის, დამონტაჟების ან ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. აქედან გამომდინარე აუდიტი აცხადებს, რომ

„სათანადო მაიდენტიფიცირებელი ნიშნების არარსებობის პირობებში, აუდიტის ჯგუფს არ აქვს შესაძლებლობა დაადასტუროს აღნიშნული მარაგების ფიზიკური არსებობა“.

მერიის ბალანსზე 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ირიცხება ასევე 89 321 ლარის სათადარიგო ნაწილები, რაც მერიის განმარტებით, შეძენილია 2008-2016 წლებში და სავარაუდოდ, წარმოდგენილი არ არის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

„აუდიტის მიერ, წერილობითი ფორმით, მოთხოვნილ იქნა მერიის წარმომადგენელთან ერთად სათადარიგო ნაწილების ფიზიკური დათვალიერება, თუმცა მერიის მხრიდან მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ამასთანავე, მერიის ადმინისტრაციული დანიშნულების მქონე მოძრავი ქონების ინვენტარიზაციის მასალებში აღნიშნული სათადარიგო ნაწილები ნაშთად არ ფიქსირდება. შესაბამისად, აუდიტის ჯგუფს არ აქვს შესაძლებლობა იმსჯელოს აღნიშნული მარაგების ფიზიკურ არსებობასა და ბუღალტრული აღრიცხვის სისწორესთან დაკავშირებით“ – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

ქალაქ ბათუმის მერიის ფინანსური აუდიტის ანგარიში მოიცავს ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიშგებას 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით.

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/122397/

https://batumelebi.netgazeti.ge/news/122246/

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: