კვირის ამბები,კვირის ამბები,სიახლეები

რამდენადაა დაცული თქვენი პირადი მონაცემები ჯანდაცვის სექტორში?

21.03.2018 • 9840
რამდენადაა დაცული თქვენი პირადი მონაცემები ჯანდაცვის სექტორში?

საქართველოში მოქალაქეებს არ აქვთ განცდა, რომ მათი მონაცემების კონფიდენციალობა სამედიცინო დაწესებულებაში დაცულია, რის გამოც ისინი ზოგჯერ თავს იკავებენ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებისგან, რითაც ფერხდება სწორი დიაგნოზის დასმა და შესაბამისი მკურნალობა. რიგ შემთხვევებში კი, სწორედ ამ მიზეზით ადამიანები თვითმკურნალობასაც ეწევიან, რაც დიდი რისკის ქვეშ აყენებს მათ ჯანმრთელობას.

სამედიცინო მომსახურებისას ექიმისთვის გამჟღავნებული ინფორმაცია ისეთ მონაცემებს შეიძლება შეიცავდეს, როგორიცაა წარსულში გადატანილი დაავადებები, გენეტიკური მონაცემები, ინტიმური საკითხები და სხვა. ასეთი ინფორმაციის უკანონო გამჟღავნებამ შესაძლოა შელახოს ადამიანის ღირსება და სტიგმატიზაციას შეუწყოს ხელი.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა 2017 წელს შეისწავლა ამ სფეროში მომუშავე რამდენიმე კომპანიის მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერება და დადგინდა, რომ ამ სფეროში არსებული არაერთი რეგულაციის მიუხედავად, [კანონები „პაციენტის უფლებების შესახებ”, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტები], მაინც არსებობს გარკვეული სახის დარღვევები და სხვადასხვა გამოწვევა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატის მთავარი იურისტის, თათია კაჭარავას თქმით, ამ ნაწილში ძირითადი დარღვევები  იყო ის, რომ კომპანიას არ ჰქონდა გაწერილი მკაფიო პროცედურები თუ ვის როგორ შეიძლებოდა ჰქონოდა წვდომა პაციენტების მონაცემებზე: „მაგალითად, სანიტარს შეიძლება საერთოდ არ ჰქონდეს იმის საჭიროება, რომ პაციენტის მონაცემებზე დაშვება ჰქონდეს. ძალიან ხშირი იყო ისიც, რომ დაწესებულებები გასცემდნენ ამ ინფორმაციას, თუმცა არ აღრიცხავდნენ გამჟღავნების ფაქტებს, არსებული კანონმდებლობა კი მათ ამას ავალდებულებს”, – ამბობს იურისტი.

მეორე მნიშვნელოვან პრობლემად თათია კაჭარავა ასახელებს იმას, რომ კომპანიებს ხშირ შემთხვევაში არ ჰქონდათ რეგულირებული და გააზრებული, თუ ვინ შეიძლება იყოს მესამე პირი, ვისზეც გასცემენ ამ ინფორმაციას. მისი თქმით, ნათესავებზე ინფორმაციის გაცემას სჭირდება სამართლებრივი საფუძველი, მაგალითად, პაციენტის წერილობითი თანხმობა.

„იყო შემთხვევები, როდესაც კომპანია უცხო პირზე გასცემდა ამ ინფორმაციას მხოლოდ იმიტომ, რომ ამ პირმა ავადმყოფი მოიყვანა საავადმყოფოში, სხვა ნაცნობები არ ჰყავდა პაციენტს, თვითონ არ შეეძლო ნების გამოხატვა და ამ კონკრეტულმა დამხმარე პირმა გააფორმა ხელშეკრულება სამედიცინო მომსახურების თაობაზე და შემდგომ კომპანიამ რატომღაც ჩათვალა, რომ ეს მასალები, ჯანმრთელობის შესახებ ცნობები, ფორმა ასი  და ასე შემდეგ, შეეძლო გაეცა სრულიად უცხო პირზე, რაც დაუშვებელია”, – ყვება თათია კაჭარავა.

საანგარიშო პერიოდში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს განცხადებით მომართა პირმა, რომლისთვისაც ცნობილი გახდა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულებისგან მისმა ყოფილმა მეუღლემ მოიპოვა და მის წინააღმდეგ მტკიცებულების სახით სასამართლო დავაში გამოიყენა. შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ განმცხადებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტაცია სამედიცინო დაწესებულებამ განმცხადებლის მეუღლეს პაციენტის თანხმობის გარეშე, მხოლოდ ჯვრისწერისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობების საფუძველზე მიაწოდა…” – წერია ანგარიშში.

ასევე,  ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების შემოწმებისას გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც დაწესებულება პაციენტების პერსონალური მონაცემების შემცველ და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას სხვა ორგანიზაციებს ზეპირსიტყვიერად, ტელეფონის მეშვეობით აწვდიდა. მონაცემთა გამჟღავნებისას დაწესებულება არ აღრიცხავდა, თუ რომელი მონაცემი გამჟღავნდა, ვისთვის, როდის და რა სამართლებრივ საფუძველზე.

იმის გამო, რომ რეგიონებში უფრო ვიწროა სამედიცინო პერსონალისა თუ პაციენტების სანაცნობო წრე და ხშირად შესაძლოა ერთმანეთთან იკვეთებოდეს კიდეც, რეგიონებში სტიგმისა და რეპუტაციის შელახვის შიშით პაციენტები თავს არიდებენ ზოგიერთი ტიპის სამედიცინო მომსახურებით სარგებლობას. ასეთ სფეროებს განეკუთვნება ფსიქიატრია, გინეკოლოგია და სხვა. თუმცა, როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატში ამბობენ, რეგიონიდან მიმართვიანობა  ამ მხრივ ძალიან დაბალია.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატის მთავარი იურისტი ამბობს, რომ როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონშიც, ეს საკითხი დღემდე გამოწვევად რჩება:

„სამწუხაროდ, მაინც ხშირია დარღვევები. ინფორმაცია არის განსაკუთრებით მგრძნობიარე და დამუშავების პროცესიც შესაბამისად უნდა იყოს ძალიან ფრთხილი“.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატში მიიჩნევენ, რომ პაციენტებმა [ერთჯერადი ვიზიტით იქნებიან ისინი სამედიცინო დაწესებულებაში, თუ მკურნალობის ხანგრძლივი კურსით] უნდა იცოდნენ თავიანთი უფლებები, რომ უნდა იყოს დაცული კონფიდენციალობა და როგორც კი რაიმე ეჭვი გაუჩნდებათ, აცნობონ შესაბამის უწყებებს. თათია კაჭარავას თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ სამედიცინო კომპანიებმა შექმნან მონიტორინგის ეფექტური მექანიზმები, გააკონტროლონ თანამშრომლები, შექმნან შიდა რეგულაციები, რომ თითოეული თანამშრომლისთვის ნათელი იყოს – როგორ რა ჭრილში შეიძლება ჰქონდეს მას კლინიკაში დაცულ ინფორმაციაზე წვდომა.

ანგარიშის მიხედვით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მხრივ გამოვლენილი სამართალდარღვევების რაოდენობა 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, გაზრდილია.

მოქალაქეების 240 მიმართვისა და ჩატარებული 114 ინსპექტირების შედეგად, აპარატმა საჯარო და კერძო ორგანიზაციების მიერ მონაცემთა დამუშავების 385 პროცესი შეისწავლა, შედეგად კი 2017 წელს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 274 ფაქტი გამოავლინა, აქედან 145 ფაქტზე მოხდა ჯარიმის დაკისრება, 53 ფაქტზე – გაფრთხილება, 76 შემთხვევაზე კი [კანონმდებლობით გათვალისწინებული] ორთვიანი ხანდაზმულობის ვადის გამო, პასუხისმგებლობის დაკისრება ვერ მოხერხდა.

ჯარიმის ოდენობა გამჟღავნებული მონაცემების კატეგორიის მიხედვით შეიძლება მერყეობდეს 500-დან 5000 ლარამდე.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: