ლაშა კომახიძე „ქართულ მარშზე“: ეს ადამიანები არ იყვნენ მოსული პოლიტიკური განცხადებებით

„ეს იყო ადამიანთა ჯგუფი, რომელიც იყო მოსული კომუნიკაციის გარკვეული პრობლემის გამო, ძალიან ნორმალური და მშვენიერი მოთხოვნით, რომელიც ეხებოდა ქალაქ ბათუმში აღმაშენებლის ძეგლის დადგმის პერსპექტივას,“ – აცხადებს ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე.

ბათუმის მერი ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელის ბრიფინგს გამოეხმაურა. მირდატ ქამადაძემ თქვა, რომ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე და მერი უნდა გაემიჯნონ „ქართულ მარშს“ და დახურულ კარს მიღმა ამ მოძრაობის წევრებს არ უნდა შეხვდნენ.

დღეს, 16 მარტს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დასასწრებად ბათუმში ჩამოვიდნენ მოძრაობა „ქართული მარშის“ წევრები. ისინი საკრებულოს სხდომაზე არ დაუშვეს, დარბაზში ადგილების სიმცირის გამო. მათ ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე და საკრებულოს თავმჯდომარე, სულიკო თებიძე დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ.

ლაშა კომახიძე: ჩვენ ვხედავდით, რომ ეს იყო აღელვებული ჯგუფი ადამიანების და იყო რისკი ესკალაციის. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, რომ აუცილებლად უნდა შევხვედროდით. უნდა გაგვეცვალა მოსაზრებები. ვფიქრობ, რომ შეხვედრამ ნაყოფიერად და ნორმალურად ჩაიარა. აქ არ ყოფილა სხვა არავითარი საუბარი“.

ბათუმის მერის შეფასებით, შეხვედრა დახურული არ ყოფილა, რადგან „მედიას ჰქონდა საშუალება კომენტარები აეღო შეხვედრის დასრულების შემდეგ. უბრალოდ ეს იყო სამუშაო რეჟიმში გასაუბრება, მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ზედმეტი კამერების თუ ზედმეტი ადამიანების ყოფნას არ გამოეწვია იქ ვნებათაღელვა.“

რაც შეხება გამიჯვნას „ქართული მარშის“ შეხედულებებთან – „ეს ადამიანები არ იყვნენ  მოსული პოლიტიკური განცხადებებით, ეს ადამიანები იყვნენ მოსული მხოლოდ დავით აღმაშენებლის ძეგლის განთავსებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მე ვერ ვხედავ ვერანაირ ბარიერს, ვერანაირ წინაპირობას იმისა, რომ არ შევხვედროდი და არ გავსაუბრებოდი ამ ადამიანებს,“ – აცხადებს ბათუმის მერი.

დახურულ კარს მიღმა შეხვედრაზე განმარტება არ გაუკეთებია ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს. „ის სრულად იზიარებს მერის პოზიციას,“ – გვითხრეს საკრებულოს პრესსამსახურში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი