გადავა თუ არა მოქალაქეთა სარგებლობაში არსებული მიწები სახელმწიფოს საკუთრებაში

მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროგრამის დასრულებამდე რამდენიმე თვით ადრე სახელმწიფომ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების რეგისტრაციისთვის საჭირო აზომვითი ნახაზების დაფინანსება შეწყვიტა.

2018 წლამდე, ორკომპონენტიანი პროგრამის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების დასარეგისტრირებლად  კერძო კომპანიების მიერ აზომვით ნახაზებს ქონების მართვის სააგენტო აფინანსებდა, 2018 წლის იანვრიდან კი, აზომვითი ნახაზების საფასური არ ფინანსდება. საკუთრების დასარეგისტრირებლად ნახაზების მომზადებაში თანხას მოქალაქეები იხდიან.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, პაპუნა უგრეხელიძე აცხადებს, რომ აზომვითი ნახაზების სუბსიდირების შეწყვეტის შემდეგ მოსახლეობის დაინტერესებამ [დაირეგისტრირონ სარგებლობაში არსებული ნაკვეთები] მცირედით იკლო, თუმცა არა დრამატულად.

„თუ მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმამდე დღეში 500 განაცხადი შემოდიოდა, რეფორმის ფარგლებში მომართვიანობა 3 000-მდე გაიზარდა. მას შემდეგ, რაც აზომვითი ნახაზების სუბსიდირება შეწყდა, დღეში  1500-2000 განაცხადი შემოდის, რაც ბევრად აღემატება პროგრამის დაწყებამდე არსებულ მაჩვენებელს,“ – აცხადებს პაპუნა უგრეხელიძე.

მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროგრამა 2018 წლის პირველ ივლისს დასრულდება, შესაბამისად, სახელმწიფო ამ პერიოდის განმავლობაში მოქალაქეებს, მომართვიანობის საფუძველზე, საკუთრებას გამარტივებული წესით დაურეგისტრირებს – მოქალაქე არ არის ვალდებული რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტები თვითონ მოიძიოს.

პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო წინასწარ შერჩეულ 12 საპილოტე არეალში საკუთრებას სისტემურად არეგისტრირებს. ამაში შედის შუახევის მუნიციპალიტეტიც, სადაც სისტემური რეგისტრაცია, საჯარო რეესტრის თავმჯდომარის ინფორმაციით, ზაფხულში დაიწყება:

„შუახევი ერთ-ერთი ყველაზე რთული არეალია სისტემური რეგისტრაციისთვის იმ კუთხით, რომ აქ საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტები ხარვეზიანია და შეიძლება ითქვას, აქ რეფორმა სრული სახით არ ჩატარებულა. ვემზადებით, რომ სწორად განვახორციელოთ რეგისტრაცია, სრულად დაიფარება და აღირიცხება როგორც კერძო საკუთრება, ასევე მუნიციპალური, ტყის ფონდი, დაცული ტერიტორიები, სრული არეალის აღწერა და დაფარვა მოხდება შუახევში“.

მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა სპორადულ [როცა მოქალაქე მიმართავს] ნაწილში არ გაგრძელდება. თუმცა, გაგრძელდება თუ არა პროგრამა სისტემურ [როცა სახელმწიფო არეგისტრირებს ყველა ნაკვეთს] ნაწილში? – ეს დაზუსტებით ცნობილი არ არის.

რა ბედი ელის ქონებას, რომლის დარეგისტრებას მოსარგებლეები ვერ შეძლებენ და გადაეცემა თუ არა სახელმწიფოს საკუთრებაში ის მიწები, რომლებსაც მოსარგებლეები ჰყავს? – პაპუნა უგრეხელიძე პასუხობს:

„რა თქმა უნდა, არა. ეს არასდროს არც ყოფილა განზრახვაში. ის, რაც მოქალაქეებზე განაკერძოვა სახელმწიფომ 90-იან წლებში, იქნება მოქლაქეების და როდესაც ისინი მიმართავენ რეესტრს, მაშინ დაირეგისტრირებენ საკუთრებას, არ ექნება ხანდაზმულობის ვადა“.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით ამ დროისთვის 75-80% სასოფლო-სამეურნეო საკუთრებაა დარეგისტრირებული.

საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით,  პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე სახელმწიფომ სპორადულად სულ 421 781 საკუთრება დაარეგისტრირა, აქედან აჭარის რეგიონში 10 235, აჭარის მასშტაბით ყველაზე მეტი საკუთრება 2 833 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტშია რეგისტრირებული.

რაც შეეხება სისტემურ რეგისტრაციას, 15 მარტის მონაცემებით  სახელმწიფომ სისტემურად 3173 ნაკვეთი დაარეგისტრირა.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სულ 212 890 აზომვითი ნახაზის სუბსიდირება განხორციელდა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი