განათლება,მთავარი,სიახლეები

სქემა მარტივდება – რისი გაკეთება აღარ მოუწევთ პედაგოგებს

16.03.2018 • 96772
სქემა მარტივდება – რისი გაკეთება აღარ მოუწევთ პედაგოგებს

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, გიორგი მაჩაბლის ინფორმაციით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილება შედის, რომელიც პედაგოგებს სქემაში მუშაობას გაუმარტივებს.

კონკრეტული ცვლილება, რომელიც 2018 წელს განხორციელდება, პროფესიული განვითარების სქემას მასწავლებლისთვის უფრო მოქნილს გახდის. „სამართავადაც უფრო ადვილი იქნება და აღსაქმელადაც პედაგოგებისთვის“, – უთხრა „ბათუმელებს“ გიორგი მაჩაბელმა.

„თუ აქამდე პედაგოგებს ძალიან დიდი სამუშაოს შესრულება უწევდათ ტექნიკურად, ცვლილების შემდეგ ბიუროკრატიული შრომა მათ შეუმცირდებათ. მაგალითად, როცა პედაგოგი ცენტრის მიერ ორგანიზებულ პროფესიული განვითარების კურსს გაივლის, მას აღარ მოუწევს მტკიცებულების წარდგენა, რადგან ეს მტკიცებულებები, დოკუმენტები ავტომატურად აისახება ischool-ში“, – აცხადებს გიორგი მაჩაბელი.

მტკიცების ნაკლები ტვირთი ექნებათ პედაგოგებს აქტივობების დამადასტურებელი დოკუმენტაციების წარდგენის დროსაც. გიორგი მაჩაბლის თქმით, თუკი აქამდე 32 აქტივობისთვის  მასწავლებელს 68 დოკუმენტის წარდგენა სჭირდებოდა, ახლა ეს დოკუმენტები 40-მდე შემცირდა.

გიორგი მაჩაბლის ინფორმაციით, მნიშვნელოვანი ცვლილებაა ის, რომ უფროს და წამყვან მასწავლებლებს სტატუსის დაკარგვის საშიშროება აღარ ექნებათ – მათ მიღწეული სტატუსი შეუნარჩუნდებათ. თუმცა, როგორც მაჩაბელი ვარაუდობს, ეს კონკრეტული სტატუსის მქონე პედაგოგების მოტივაციას არ შეამცირებს.

„ეს არ ნიშნავს იმას, რომ გადავიდო ფეხი-ფეხზე და არაფერი ვაკეთო. აუცილებელი აქტივობების შესრულება მათ მაინც მოუწევთ. უბრალოდ, მასწავლებელს აღარ ექნება იმის შიში, რომ სტატუსს დაკარგავს. ის უფრო თავისუფალი იქნება და შემოქმედებითი მუშაობის შესაძლებლობაც მიეცემა“, – ამბობს გიორგი მაჩაბელი.

ცვლილებები შეეხო კრედიტქულების დაგროვების ვადებსაც. თუკი აქამდე პრაქტიკოს მასწავლებელს სამი წლის ვადაში უნდა დაეგროვებინა საჭირო კრედიტქულები უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისაღებად, ამ შემთხვევაში მას ამ ვადების დაცვა აღარ მოეთხოვება.

„ეს შესაძლებლობას მისცემს მასწავლებელს, უფრო სწრაფად დააგროვოს კრედიტქულები და  გადავიდეს ახალ საფეხურზე“, – მიიჩნევს მაჩაბელი.

ცვლილებები იგეგმება მასწავლებელთა ტრენინგებთან დაკავშირებითაც. ამის შემდეგ ტრენინგები იქნება პედაგოგის კონკრეტულ საჭიროებაზე, საგაკვეთილო პროცესზე მორგებული და არა ზოგადი.

რა სჭირდება კონკრეტულად მასწავლებელს, როგორც გიორგი მაჩაბელი ამბობს, ამის შესახებ ცენტრი ინფორმაციას უშუალოდ პედაგოგებისგან იღებს. „საჭიროებებთან დაკავშირებით გვწერენ პედაგოგებიც, არის შემოსული ზარები, პერსონალური ურთიერთობები და ა.შ. თუმცა ცვლილება ხდება ინფორმაციის შეგროვების და ანალიზის საფუძველზე და არა იმის გამო, რომ ვიღაცას რაღაც არ მოსწონს“, – გვეუბნება სპეციალისტი.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ცვლილებებთან დაკავშირებული წინადადება განათლების სამინისტროს უკვე წარუდგინა, შემდეგ კი ეს ცვლილება მთავრობამ უნდა დაამტკიცოს.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: