მთავარი,სიახლეები

ბათუმის პორტში აშშ-ის საზღვაო ხომალდი ,,ოუკ ჰილი“ შემოვა

16.03.2018 • 5756
ბათუმის პორტში აშშ-ის საზღვაო ხომალდი ,,ოუკ ჰილი“ შემოვა

17 მარტს ბათუმის პორტში ამერიკის შეერთებული შტატების მე-6 ფლოტის ხომალდი USS Oak Hill (LSD 51) [ოუკ ჰილი] შემოვა.  საქართველოში ეს ხომალდის პირველი ვიზიტი იქნება და ბათუმს რეგულარული დისლოკაციის ფარგლებში ესტუმრება.

„ოუკ ჰილის“ შავ ზღვაში ყოფნის პერიოდში შედგება საპორტო ვიზიტები და ორმხრივი წვრთნები ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირეებსა და პარტნიორ ფლოტებთან. ხომალდის ოპერაციების მიზანია ნატოს მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის საზღვაო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის, მზადყოფნისა და საზღვაო ბრძოლისუნარიანობის გაძლიერება.

„ბათუმში საპორტო ვიზიტი ემსახურება კავშირების გამყარებას, რაც ადასტურებს საქართველოსა და ამერიკას შორის არსებული ნაკისრი ვალდებულებებისადმი ერთგულებას რეგიონში სტაბილურობის ხელშესაწყობად. ხომალდის სტუმრობა შავი ზღვის რეგიონში ამერიკასა და ნატოს პარტნიორებს შორის ინფორმაციის გაზიარების გაუმჯობესების უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა,“ – ნათქვამია საქართველოში აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.

Oak Hill-ის შავ ზღვაში შემოსვლის მიზანია აჩვენოს ამერიკის მხირდან ნაკისრი ვალდებულებებისადმი ერთგულება, რაც ნატოს მოკავშირეებისა და პარტნიორების კოლექტიურ თავდაცვას გულისხმობს.

აღნიშნული საზღვაო ოპერაცია Atlantic Resolve-ს ფარგლებში მიმდინარეობს და მხარს უჭერს ნატოს მოკავშირეებს აღმოსავლეთ ევროპაში. აშშ-ის ფლოტი რეგულარულად მუშაობს შავი ზღვის სივრცეში, რაც თანხვედრაში მოდის მონტრეს კონვენციასა და საერთაშორისო სამართალთან. ამერიკის მე-6 ფლოტი, რომლის სამმართველოც ნეაპოლში, იტალიაში მდებარეობს, მოკავშირე და უწყებათაშორის პარტნიორებთან ახორციელებს ერთობლივი და საზღვაო ოპერაციების სრულ სპექტრს, რათა, ამერიკის ეროვნული ინტერესების გაძლიერებასთან ერთად, უზრუნველყოს უსაფრთხოება და სტაბილურობა ევროპასა და აფრიკაში. ამერიკის ხომალდის ,,ოუკ ჰილის“ მეთაურია ფილიპ ნაითი, რომლის ეკიპაჟშიც 22 ოფიცერი და 400 პერსონალი შედის.

ადგილობრივი წარმომადგენლების ოფიციალურ მიღებასთან ერთად გაიმართება ტური ხომალდზე და საფეხბურთო-საკალათბურთო ამხანაგური მატჩები ამერიკის მეზღვაურებსა და ქართველ სანაპირო დაცვის თანამშრომლებს შორის. აგრეთვე ჩატარდება რამდენიმე ერთობლივი წვრთნა. ,,ოუკ ჰილის“ საპორტო ვიზიტი ამერიკელ მეზღვაურებს საშუალებას მისცემს, მოინახულონ ისტორიული ადგილები და გააღრმავონ გრძელვადიანი პარტნიორობა ქართველ კოლეგებთან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: