უსაფრთხოა თუ არა ბაღის შენობა, რომლის რეაბილიტაციაზე ნახევარ მილიონზე მეტი იხარჯება

მახუნცეთის ყოფილი  საბჭოს ორსართულიანი მრავალფუნქციური შენობის – სადაც ზუნდაგის საბავშვო ბაღი, სოფლის სამედიცინო პუნქტი და თემის ადმინისტრაციული შენობა ფუნქციონირებდა – რეაბილიტაცია ქედის მერიამ 2017 წელს დაგეგმა, 760 ათასი ლარი გამოყო და სამუშაოებიც დაიწყო.

რეაბილიტაციის ფარგლებში, შენობის გასაფართოებლად შენობის წინა და უკანა მხარეს ახალი საძირკველი ჩამოესხა, აშენდა ახალი კედლები, მშენებლობის დაწყებიდან რამდენიმე თვეში კი, მშენებელმა კომპანიამ ქედის მერიას წერილობით მიმართა და აცნობა, რომ არსებული შენობის მეორე სართულის შიგა კედლები, რომლებიც პროექტით დემონტაჟს არ ითვალისწინებდა, მყარი არ არის.

აღნიშნულთან დაკავშირებით ქედის მერიაში აცხადებენ, რომ წერილის შესვლისთანავე მერიის შესაბამისმა სამსახურებმა ვიზუალურად დაათვალიერეს შენობა, ვითარებას სწავლობენ და საჭიროების შემთხვევაში სპეციალისტებს მოიწვევენ. მერიაში არ გამორიცხავენ, რომ სავარაუდოდ, საფრთხის შემცველი კედლების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, საექსპერტო დასკვნაც მომზადდეს.

კითხვაზე, რამდენად მყარი იყო საბჭოთა ეპოქაში აშენებული შენობის კედლები, რომლის რეაბილიტაციაზე 760 ათასი ლარი იხარჯება; ამასთან არსებობს თუ არა ექსპერტიზის დასკვნა, შენობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით? – ქედის მერის მოადგილე როლანდ ბერიძე განმარტავს, რომ  პრობლემა მაშინ გამოიკვეთა, როდესაც კედლებიდან ბათქაში ჩამოყარეს. რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნას, მის არსებობას მერის მოადგილე არ ადასტურებს, თუმცა დასძენს, რომ ექსპერტიზის დასკვნას მშენებელი კომპანია „ინტერ პლიუსი“ შესრულებულ სამუშაოებზე პერიოდულად აწვდის.

„მუშა პროცესში გამოჩნდა პრობლემა, ბათქაში რომ ჩამოიყარა, აღმოჩნდა რა მდგომარეობაში იყო სამშენებლო ბლოკები, ცოტა ძველია კედლები, თუმცა მხოლოდ შიგა რამდენიმე ბოძზეა საუბარი.

უხერხულად ვგრძნობ თავს, როდესაც გეუბნებით ჩემს დროს არ იყო ეს პროექტი დამუშავებული, ამით არ ვიცილებ პასუხისმგებლობას, თუმცა თავიდან რომ გაეთვალისწინებიათ ეს დეტალები, კარგი იქნებოდა.

აღნიშნულ საკითხს ვსწავლობთ, სპეციალისტები გააკეთებენ შესაბამის მოხსენებას. თუ ჩვენი სამსახურები ვერ აიღებენ პასუხისმგებლობას და თუ საჭირო დარჩება, მოვიწვევთ სპეციალისტებს,“ – ამბობს როლანდ ბერიძე, ქედის მერის მოადგილე.

მისივე ინფორმაციით, შენობის მდგომარეობის შესწავლის აუცილებლობა მშენებელი კომპანიის წერილობითი განცხადების საფუძველზე დადგა.

„კომპანია გამოთქვამს შიშს, რომ ბოძებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ შეიძლება ჩამოცვივდეს ბათქაში, კითხვის ნიშნები არ დარჩება ამ მშენებლობასთან დაკავშირებით. როგორც აღვნიშნე, თუ საჭირო დარჩა, მოვიწვევთ სპეციალისტებს, ინჟინერს, კონსტრუქტორს ან ექსპერტს. როდესაც ბაღი გაიხსნება, აქ არ უნდა იყოს პრობლემები,“ -აცხადებს როლანდ ბერიძე.

იმ შემთხვევაში, თუ სპეციალისტები დაადასტურებენ, რომ ბოძები და კედლები არ არის მყარი, როლანდ ბერიძე ამბობს, რომ პროექტში ცვლილებები შევა, მოხდება რამდენიმე ბოძის დემონტაჟი, აშენდება ახალი, თუმცა ამისთვის დამატებით თანხა არ გამოიყოფა.

„კომპანიას არავინ არაფერს ავალდებულებს, თუ საჭიროება დარჩება, ცვლილების ფონზე მოხდება შეთანხმება, ხელშეკრულებაში არის გაწერილი გაუთვალისწინებელი ხარჯები, რომლის ათვისების უფლება მიეცემა კომპანიას,“ – ამბობს მერის მოადგილე.

ვიდრე ქედის მერია შენობის რეაბილიტაციაზე 2017 წელს თანხას გამოყოფდა, მანამდე ამ შენობას რეაბილიტაცია სამჯერ ჩაუტარდა. პირველად 2009 წელს, როდესაც ყოფილი საბჭოს შენობის პირველ სართულზე ბაღი იხსნებოდა. ბაღის გასახსნელად 38 680 ლარი დაიხარჯა.

მეორედ 2013 წელს, ამავე შენობის მეორე სართულზე სოფლის სამედიცინო პუნქტს კოსმეტიკური რემონტი ჩაუტარდა და 2 300 ლარი დაიხარჯა.

მოგვიანებით კი, 2015 წელს, შენობის მეორე სართულზე მახუნცეთის თემის ადმინისტრაციის ოფისისთვის ორი ოთახის მოსაწყობად არასამთავრობო ორგანიზაცია „ინტელექტის“ პარტნიორობითა და ევროკავშირის დაფინანსებით, 5 405 ლარი და 90 თეთრი დაიხარჯა.

მრავალფუნქციური შენობის რეაბილიტაციის დასრულებასა და ზუნდაგის ბაღის გახსნას მერია შემოდგომაზე გეგმავს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი