მთავარი,სიახლეები

„ქართულ მარშს“ ბათუმის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე დახურულ კარს მიღმა ხვდებიან

16.03.2018 • 2676
„ქართულ მარშს“ ბათუმის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე დახურულ კარს მიღმა ხვდებიან

დღეს, 16 მარტს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დასასწრებად ბათუმში ჩამოვიდნენ მოძრაობა „ქართული მარშის“ წევრები. ისინი საკრებულოს სხდომაზე არ დაუშვეს, დარბაზში ადგილების სიმცირის გამო. ამას მერიის ადმინისტრაციულ შენობაში ხმაური მოჰყვა. თუმცა ამ წუთებში მათ ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე და საკრებულოს თავმჯდომარე, სულიკო თებიძე დახურულ კარს მიღმა ხვდებიან. შეხვედრაზე ჟურნალისტები არ დაუშვეს.

„ქართული მარშის“ წევრებმა გასულ კვირას დააანონსეს, რომ ბათუმის საკრებულომ მათ დავით აღმაშენებლის ძეგლის დადგმაზე უარი უთხრა, ამიტომ ისინი ბათუმში მიდიან, საკრებულოს სხდომაზე დასასწრებად. იმავე დღეს ბათუმის საკრებულომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ეწერა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში გაითვალისწინებენ თანხას დავით აღმაშენებლის ძეგლისთვის, რომელიც ბათუმში დაიდგმება.

დღეს ბათუმის მერიაში მისული „ქართული მარშის“ წევრები აცხადებდნენ, რომ ისინი ერთ წელს ვერ მოიცდიან. მათ ჟურნალისტებთან თქვეს, რომ „მერიამ გამოყოს ადგილი და მოსახლეობა საკუთარი ხარჯებით დადგამს ძეგლს“.

 

გადაბეჭდვის წესი