მთავარი,სიახლეები

ერთი დღე ჭიათურულად: ჯორჯიან მანგანეზის სათავეებთან

16.03.2018 • 2422
ერთი დღე ჭიათურულად: ჯორჯიან მანგანეზის სათავეებთან

ავტორი: ესმა გუმბერიძე

ჭიათურაში მანგანუმის მოიპოვებაზე ლიცენზია კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ 40 წლით აქვს. ლიცენზია მოპოვების ექსკლუზიურ უფლებას იძლევა ჭიათურის მიდამოებში. ეს ნიშნავს, რომ ვერც ერთი სხვა კომპანია თუ კერძო პირი, თუნდაც ჭიათურის რიგითი მცხოვრები, ვერ დაიწყებს იქ მანგანუმის მოპოვებას კომპანიის ნებართვის გარეშე, სულ რომ თავისი საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე აღმოაჩინოს „შავ ქვად“ წოდებული სასარგებლო წიაღისეული.

ჭიათურაში უფრო და უფრო მეტ ტერიტორიაზე მოიპოვებენ მანგანუმს ღია კარიერული წესით ანუ მიწის აფეთქებით – ადგილობრივებისგანაც ყიდულობენ ნაკვეთებს, სადაც მანგანუმი ეგულებათ. რომც უთხრა უარი, არ მიყიდო, აზრი არ აქვს: ვერაფერს ვეღარ მოიყვან იქ. თუ აიჩემეს შენი ნაკვეთი, მის ირგვლივ შეიძენენ ყველაფერს, დაიწყებენ მოპოვებას, ნაკვეთის გარშემო მიწას დაგიფეთქავენ, გამოგიცლიან ნოყიერ ნიადაგს და იძულებული იქნები, ან მიყიდო, ან მიატოვო. ასეთი პრაქტიკაც ყოფილა.

ფოტო: ირაკლი კუპრაძე

თავად კომპანია ხშირად აფუძნებს უფრო წვრილ საწარმოებს, აძლევს იქ წილს ორიოდე ადგილობრივ ბიზნესმენს, შემდეგ კი ვითომ კონტრაქტორებად აქცევს და ასე საქმიანობენ. ეს იმიტომ, რომ მცირე ფინანსური ბრუნვის მქონე ბიზნესებს მეტი შეღავათი აქვთ, როგორც გადასახადების, ისე სხვადასხვა ნორმის, სტანდარტისა და რეგულაციის მხრივ. საგადასახადო ან საჯარიმო დავალიანება რომ დაუგროვდებათ, „ჯორჯიან მანგანეზი“ მათ აკოტრებინებს და ლიკვიდაციას უკეთებს. იმ კომპანიებს იმდენად მცირე ბიუჯეტი აქვთ, რომ სახელმწიფოს, ამ შირმა კომპანიების გაკოტრება-ლიკვიდაციის შემდეგაც, მათ მიერ დაგროვილი დავალიანებების ამოღება არ შეუძლია.

„ჯორჯიან მანგანეზი“ დაფუძნებულია Georgian-American Aloyees -ის მიერ. ამ კორპორაციის ერთ-ერთი მეწილე, გავრცელებული ხმებით, არის კოლომოისკი – უკრაინაში დნეპროპეტროვსკის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, საყოველთაოდ ცნობილი კორუფციონერი და მოქმედი მილიარდერ-ოლიგარქი. თუმცა კომპანია ე.წ „ოფშორულ“ ზონაშია რეგისტრირებული და მისი მფლობელების დანამდვილებით დასახელება რთულია.

Georgian-American aloyees-ს საქართველოს სახელმწიფოს  500 მილიონი ლარის დავალიანება აქვს. ეს დავალიანება გარემოსდაცვითი და სანიტარული ნორმების დარღვევის გამო დაკისრებული ჯარიმები და საურავებია. თუმცა კომპანია არ ჩქარობს მათ გადახდას.

საქართველოში არჩევნები (საპარლამენტო, საპრეზიდენტო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის) ხშირად ტარდება, 2 წელიწადში ერთხელ მაინც. ყოველი არჩევნების წინ კომპანია აცხადებს, რომ საკმარისად აქვს მანგანუმის მარაგი დაგროვილი, ამიტომ მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე უნდა გადავიდეს და მუშები ან საერთოდ დაითხოვო,ს რამდენიმე თვით უხელფასოდ ან ნახევარ განაკვეთზე და განახევრებულ ხელფასებზე ამუშავოს. ეს 3 ათასზე მეტი დასაქმებულისთვის შიმშილს და, ზოგ შემთხვევაში, გადაუხდელი ბანკის ვალის გამო სახლ-კარის დაკარგვას ნიშნავს.

ფოტო: ირაკლი კუპრაძე

დასაქმებულები ამომრჩევლები არიან, რომელთა ხმებიც მმართველ ელიტას სჭირდება. შესაბამისად, ისინი იწყებენ ვაჭრობას კომპანიასთან: ოღონდ ხალხი არ დაითხოვოთ და შეგიძლიათ, რამდენიმე წელი გადასახადები არ გადაიხადოთ; უსაფრთხოების ნორმების დარღვევებზე თვალს დავხუჭავთ; საჯარიმო დავალიანებას ჩამოგაწერთ. მუშებს კი მმართველი ელიტაც და დამსაქმებელიც ეუბნებიან: ხელისუფლებას უმადლოდეთ, რომ მუშაობთ. არჩევნებზე მოდით, ხმა მოგვეცით, თორემ სხვამ რომ გაიმარჯვოს, ამ სამუშაო ადგილებს დაკარგავთ. ვერ მოელაპარაკებიან ისინი კომპანიას და გაგიშვებთ ის შვებულებაში, ის მცირე, მაგრამ სტაბილური შემოსავალიც აღარ გექნებათ.

ასე არ იხდის ნახევარმილიარდიან დავალიანებას ბიუჯეტში, არც გარემოს უფრთხილდება და არც დასაქმებულების უსაფრთხოებაზე ზრუნავს. სამაგიეროდ ხელისუფლებაში მყოფ პარტიას ხან 7 მილიონით დაუფინანსებს საარჩევნო კამპანიას, ხან – თბილისში საახალწლო 3-მილიონიან განათებას (ამასაც დავუკვირდეთ, რომ იმ რეგიონს, რომელიც ყველაზე მეტად ზარალდება მათი საქმიანობით, ამხელა თანხებს არ წირავენ).

Georgian-American Aloyees-ი ამბობს, რომ ნახევარმილიარდიანი დავალიანების გასტუმრება არ შეუძლია. სახელმწიფოს, რა თქმა უნდა, თეორიულად შეუძლია მის წინააღმდეგ იძულებითი აღსრულების პროცესის დაწყება. თუ ამოსაღები თანხა არ აღმოაჩნდება, სახელმწიფოს შეუძლია განახორციელოს სეკვესტრი, ანუ დაუნიშნოს თავისი მმართველი, რომელმაც უნდა ამუშავოს კომპანია ისე, რომ შესაძლებელი იყოს ბიუჯეტში იმ დავალიანებული თანხების შეტანა.

სეკვესტრის მცდელობას მართლაც ჰქონდა ადგილი ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში, რომელიც ასევე Georgian-American Alloyees-ის ხელშია. თუმცა კომპანიას იმდენად ძლიერი ლობისტები აღმოაჩნდნენ აშშ-ის დედაქალაქში, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ამ სეკვესტრის დაწყებიდან მალევე თავის ანგარიშში აღნიშნა, რომ საქართველოში მიმდინარეობს ამერიკელი ბიზნესმენების დევნა, მათზე ზეწოლა და შევიწროება; რომ ეს საფრთხეს უქმნის ჯანსაღ ბიზნესგარემოს. არადა, აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პროექტის განხილვისას აშშ-ის ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ საქართველოში შეიქმნას და დაცული იყოს შრომითი, გარემოსდაცვითი და სანიტარული სტანდარტები, გაძლიერდეს პროფკავშირები, აღიკვეთოს მათი დევნა-ზეწოლა და განვითარდეს დასაქმებულთა უფლებების დამცველი სხვა მექანიზმები.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეშფოთება-აღშფოთება საქართველოს საერთაშორისო იმიჯისთვის შესაძლოა სერიოზული დარტყმა ყოფილიყო. ქართულ მმართველ ელიტას ამის შეეშინდა და უკან დაიხია.

ავტორის შესახებ:

ესმა გუმბერიძე არის 23 წლის აქტივისტი, პლატფორმა „ახალი შესაძლებლობებისთვის“ თანადამფუძნებელი და სახალხო დამცველთან არსებული გაეროს 2006 წლის შშმ პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საბჭოს მოწვეული წევრი.

ესმა გუმბერიძემ დაამთავრა უსინათლოთა სკოლა, ფლექსის პროგრამით ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლობდა ერთი წლის განმავლობაში. შემდეგ განათლების მიღება გააგრძელა თავისუფალ უნივერსიტეტსა და თსუ-ში.

ესმა გუმბერიძე

 

ამავე თემაზე:

ერთი დღე ჭიათურულად: მაღაროელთა სამუშაო პირობები

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: