მთავარი,სიახლეები

რას ჰყვება ბათუმელი მეზღვაური ლიბიაში ტყვეობაზე

15.03.2018 • 4439
რას ჰყვება ბათუმელი მეზღვაური ლიბიაში ტყვეობაზე

ლიბიის ციხეში ექვსთვიანი ტყვეობის შემდეგ ქართველი მეზღვაური, ნუკრი ხოხბა, პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მეზღვაური საქართველოში 13 მარტს დაბრუნდა. ლიბიის ორ სხვადასხვა  ციხეში ამ დრომდე საქართველოს სამი მოქალაქე რჩება – ნუკრი ხოხბასთან ერთად 6 თვის წინ დაკავებული გენადი კომახიძე და რომან კაკალაძე. კიდევ ერთი მეზღვაური, სოსლან კაკაბაძე კი 2 წელი და 6 თვეა ლიბიის ციხეში იხდის სასჯელს.

ტყვეობის პირველი დღეები

ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი ბერძნული კომპანიის კუთვნილ ნავთობმზიდ ტანკერ REX-ზე ნუკრი ხოხბა 2017 წლის 11 ივნისს ავიდა. ნუკრის გარდა ეკიპაჟის შემადგენლობაში იყო თურქეთის ხუთი და ინდოეთის ორი მოქალაქე. გემის კაპიტანი ქართველი გენადი კომახიძე იყო, კაპიტნის თანაშემწე კი – რომან კაკალაძე.

ეკიპაჟმა იცოდა, რომ ნავთობმზიდზე უნდა ემუშავათ, რომელიც მალტა-თურქეთის მიმართულებით იცურებდა. ივლისში ტანკერმა თურქეთის ქალაქ ტუზლას პორტი დატოვა და მალტაში ჩავიდა. ნუკრი ხოხბა იხსენებს, რომ ეკიპაჟის არც ერთ წევრს სამუშაო კონტრაქტი არ ჰქონია. ტუზლაში, როცა კონტრაქტის გაფორმება მოითხოვეს, კომპანიის წარმომადგენელმა უარი განუცხადა გაფორმებაზე, რადგან გამოსაცდელი დრო გასული არ იყო. ნუკრი ამბობს, რომ ერთი თვის გასვლის შემდეგ ისევ მოითხოვა კონტრაქტი, თუმცა უშედეგოდ.

ტანკერ REX-მა მალტა 2017 წლის 28 აგვისტოს დატოვა და ლიბიისკენ წავიდა.

„როცა გემი რომელიმე პორტისკენ მიდის, კაპიტნის თანაშემწემ უნდა შეამოწმოს რუკაზე და მეზღვაურის წიგნში რაიმე აკრძალვა ხომ არაა. ლიბიაში არანაირი აკრძალვა არ იყო და ყველა ჩანაწერი მიუთითებდა, რომ გადაადგილება თავისუფლად შეგვეძლო. დაახლოებით 15 საათი ვიცურეთ. ლიბიას რომ მივუახლოვდით, გემზე ოთხი შეიარაღებული პირი ამოვიდა. შევეკითხე ბოცმანს, რომელმაც მითხრა, რომ კომპანიის ბრძანებით მოქმედებდნენ, ლიბიაში არეულობა იყო და ეს 4 ადამიანი პორტში ჩვენს უსაფრთხოდ შეყვანაზე იქნებოდა პასუხისმგებელი.

დაახლოებით 14 საათი ვტვირთავდით აბუ კამაშის პორტში ტანკერს. როცა დაიტვირთა, წამოვედით. დაახლოებით 120 მილით ვიყავით საპორტო ქალაქიდან დაშორებული, უკვე საერთაშორისო ზღვებში ვიყავით გასული, როცა ღამის ორ საათზე ბოცმანმა გაგვაღვიძა და გემბანზე გაგვიყვანა. ვიკითხეთ რა ხდებოდა. აგვიხსნეს, რომ ბრძანება მოვიდა გემის გაჩერების თაობაზე. ცოტა ხანში გემზე შეიარაღებული ხალხი ამოვიდა და გვიბრძანეს მუხლებზე დაჩოქება. ვიფიქრე, რომ ტერორისტები იყვნენ და ჩვენი საქმე წასული იყო. ათი წუთის მერე დაუძახეს კაპიტანს და გემის მექანიკოსს. აამუშავეს გემი და ტრიპოლის პორტში წაგვიყვანეს.

11 დღე დაგვტოვეს გემზე. შემდეგ მოვიდნენ პროკურატურის თანამშრომლები და წაგვიყვანეს  პროკურატურაში. ჩვენ რუსული ენის მცოდნე თარჯიმანი გვყავდა, თურქებს – თურქულის. პროკურატურიდან ტაჯურას ციხეში გადაგვიყვანეს, რომელიც უცხოელებისთვისაა განკუთვნილი”.

ტაჯურას ციხე

„ლიბიელი პატიმრები ამბობდნენ, რომ იქ ადრე, კადაფის დროს, ტელევიზორებიც ყოფილა, მაგრამ ახლა განადგურებული და გაპარტახებულია. საშინელი კვება იყო ციხეში. აკეთებდნენ საჭმელს, მაგრამ არ იყო კარგი. დილით საუზმეზე 30 გრამი პური გვქონდა, შუადღეზე ან მაკარონი ან ბრინჯის წვნიანი, საღამოს სუპი მოდიოდა, რომელსაც არავინ არ ჭამდა. შესახედავადაც საშინელი იყო. ლიბიელები ოჯახის წევრების მოტანილით იკვებებოდნენ, ჩვენ არავინ გვყავდა, ვინც საჭმელს მოგვიტანდა. ჩვენ რომ მივედით, 45 კაცი დაგვხვდა ციხეში. ლიბიელები იყვნენ და უფრო მეტი აფრიკის კონტინენტიდან – განა, სუდანი, ჩადი, ეგვიპტე.

ლიბიელებმა ორმა იცოდა მხოლოდ ინგლისური,  ნიგერიელებმა იცოდნენ და გვეხმარებოდნენ. ხანდახან შემოგვძახებდნენ – ნუ ფიქრობთ ცუდზე, ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენ აქ ვართო. სიგარეტი იყო თუ საკვები, ყველაფერს გვაძლევდნენ.

ადვოკატი

ნუკრი იხსენებს, რომ ისედაც სტრესის ქვეშ მყოფი მეზღვაურები, ადვოკატთან დაკავშირებულმა გაუგებრობამ კიდევ უფრო რთულ სიტუაციაში ჩააგდო. პირველი ორი თვის განმავლობაში დაკავებულებს ადვოკატი თვალით არ უნახავთ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მეზღვაურებს უკავშირდებოდა და ეუბნებოდა, რომ მათ მიერ დაქირავებული ადვოკატის ლიბიაში შესვლა ჭიანურდებოდა. საბოლოოდ ლიბიელი ადვოკატი დაკავებულ ქართველ მეზღვაურებთან უნგრეთის საკონსულოს თარჯიმნის თანხლებით მივიდა.

„გვითხრა, თქვენი ადვოკატი ვარ და დაგეხმარებით, რა გჭირდებათ მითხარითო. ჩუსტები არ მქონდა, ლიბიელი პატიმრის ჩუსტი მეცვა, ამიტომ ჩუსტების მიტანა და პროდუქტი ვთხოვეთ. საკვები ძალიან გვჭირდებოდა. 15 დღის შემდეგ სამი ჩემოდანი ტანსაცმელი მოგვიტანეს და არც ერთი გრამი საკვები. ტანსაცმელი ისედაც გვქონდა. გემიდან როცა ციხეში გადმოვყავდით, მოგვცეს ტანსაცმლის წაღების უფლება. საკვები გვჭირდებოდა. მერე ვიფიქრეთ, რომ ფული გამოეგზავნათ ახლობლებს და ჩვენით გვეყიდა საჭმელი. სატესტოდ გადმოვარიცხინეთ ლიბიელი ადვოკატისთვის 40 დოლარი. ველოდეთ რომ მოგვიტანდა, მაგრამ აქაც მოგვატყუა. ბოლოს ავდექით და უნგრეთის საკონსულოში დავრეკეთ. მოვიტყუეთ, თითქოს 200 დინარის [20 დოლარი] პროდუქტი ვიყიდეთ ნისიად ლიბიელი პატიმრის ოჯახის დახმარებით და ფული გვჭირდებოდა. ვთხოვეთ, ადვოკატს გადმოერიცხა ჩვენი 20 დოლარი. საკონსულოს ჩარევამ ის შედეგი გამოიღო, რომ ადვოკატმა 10 დინარი [1 დოლარი] გადმოგვირიცხა. ახლა მეტი არ მაქვსო.

პატიმრობის პირველი ორი თვე ვბრაზობდით, რომ არავინ ყურადღებას არ გვაქცევდა. არ ვიცოდით, რა სიტუაცია იყო. რატომ არ გვაქცევს არავინ ყურადღებას? რატომ არ მოდის ადვოკატი? გამუდმებით ვსვამდით ამ კითხვებს. მერე, როცა შევისწავლეთ იქაური სიტუაცია, მივხვდით, რომ ყველა იტყუება – ადვოკატებიც და პროკურატურაც. ნებისმიერი სხვა ადვოკატი რომ მოგეყვანა, შეიძლება იმაზე უარესი აღმოჩენილიყო, ვიდრე გვყავდა.

პასუხისმგებლობა

ჩვენ გვიბრძანეს, რომ ტვირთი წამოგვეღო ლიბიიდან. როცა ტანკერი დაიტვირთა, მახსოვს კაპიტნის ჩხუბს შევესწარი. კაპიტანი ითხოვდა ტვირთის დამადასტურებელი დოკუმენტები მიეცათ მისთვის. კომპანიის მეპატრონეს თანხა გადახდილი ჰქონდა. ყველაფერი წესრიგში იყო. გემის მეპატრონემ პორტის დატოვების ბრძანება მოგვცა და გვითხრა, რომ დოკუმენტებს გზაში მივიღებდით. მერე როცა დაგვაპატიმრეს, გემის მეპატრონე გაქრა. დაპატიმრებიდან ორი თვის შემდეგ ორი დღით დაგვაბრუნეს გემზე საწვავისგან რომ დაგვეცალა. ჩვენთან ერთად იყო გამომძიებელიც, რომელმაც ჩართო გემის ტელეფონი. ტელეფონი რომ ჩაირთო, სიგნალი მივიდა, დარეკეს კომპანიიდან. ტელეფონს გამომძიებელმა უპასუხა. გემის მეპატრონემ კაპიტანს დააბრალა, ჩემი ნებართვის გარეშე წავიდნენ ლიბიაში, გემი გაიტაცესო. ეს აბსურდი ბრალდებაა. გემი განსაზღვრულ დროში თავისი ადგილმდებარეობის შესახებ აწვდის კომპანიას ინფორმაციას და ყველა ჩვენი შეტყობინება ასახული იყო ჩანაწერებში.

1 დოლარი ღირს 65 ლიტრი ნავთობი ლიბიაში, მალტაზე 60-70 ცენტად იყიდება ლიტრი. ლიბიაში ოჯახებს აქვთ საკუთარი ჭაბურღილები, ეძებენ კომპანიებს, რომლებსაც ამ ნავთობს მიჰყიდიან. ჩვენი გემის მეპატრონემ კაპიტანი დაარწმუნა, რომ ყველაფერი კანონიერად ხდებოდა. 910 ტონა ნავთობი გვქონდა გემზე, როცა დაგვაკავეს და ტრიპოლის პორტში გადაგვიყვანეს.

რა მდგომარეობაში არიან ლიბიის ციხეში დარჩენილი ქართველი მეზღვაურები

სამშობლოში დაბრუნებული მეზღვაურის თქმით, ემოციურად მძიმე იყო იმის გაგება, რომ მასთან ერთად დაკავებულებს  არ გაათავისუფლებდნენ. ნუკრი ხოხბას თქმით,  თავდაპირველი ინფორმაციით, ყველას გათავისუფლება იგეგმებოდა.

“კაპიტანს, გენადი კომახიძეს ოპერაცია ესაჭიროებოდა. აპირებდნენ მისთვის ლიბიაში გაეკეთებინათ ოპერაცია, მაგრამ მერე გავიგეთ, რომ გვიშვებდნენ. გენადიმ თქვა, რადგან საქართველოში დაბრუნება შეგვიძლია, მოვიცდი და იქ გავიკეთებო. ბოლო წუთამდე გვეგონა, რომ ყველას გვიშვებდნენ. როცა გათავისუფლების დრო მოვიდა, აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ეკიპაჟის წევრები გაგვათავისუფლეს, კაპიტანი და კაპიტნის თანაშემწე კი – არა. თურქეთის საელჩოს წარმომადგენლებმა, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ პროცესში, ბოდიში მოგვიხადეს იმის გამო, რომ ასე მოხდა”.

2015 წელს დაკავებულ სოსლან კაკაბაძის შესახებ [ის ტოგოს დროშის ქვეშ მცურავ გემზე მუშაობდა მზარეულად] ნუკრი უმნიშვნელო ინფორმაციას ფლობს.

როდის გაათავისუფლებენ დაკავებულ მეზღვაურებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მუშაობს დაკავებული ქართველი მეზღვაურების გამოსახსნელად. ნუკრი ხოხბამ 14 მარტს  ბათუმში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე თქვა, რომ ლიბიაში დარჩენილი მეზღვაურები მათთან ქართული დელეგაციის ჩასვლას ითხოვენ, რადგან, თუ ქართული დელეგაცია იქნება ლიბიაში, ამას ექნება ეფექტი და მეზღვაურებს უფრო მალე გაათავისუფლებენ.

“ლიბიაში მძიმე პოლიტიკური ფონია, ამის გამო სახელმწიფო ინსტიტუტები შეფერხებით მუშაობენ, რაც, თავის მხრივ, აფერხებს საქმის მსვლელობას. სწორედ ამის გამო ვგეგმავთ დამატებითი ღონისძიებების განხორციელებას – მოიაზრება ქართული მხარის საგარეო და საზღვაო უწყებების ერთობლივი ვიზიტი ლიბიაში,” – უთხრა ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ.

მეზღვაური ნუკრი ხოხბა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი, 14 მარტს გამართულ შეხვედრაზე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: