მთავარი,სიახლეები

ნაღმზე აფეთქების შემდეგ პარაოლიმპიურ სპორტში – აგვისტოს ომისა და სამი მისიის მონაწილე

14.03.2018 • 5377
ნაღმზე აფეთქების შემდეგ პარაოლიმპიურ სპორტში – აგვისტოს ომისა და სამი მისიის მონაწილე

ბათუმის ცენტრალურ პარკში, კარგ ამინდში, ტბაში, აუცილებლად შენიშნავთ ორ კაიაკს. დილაობით აქ პარაოლიმპიელი სპორტსმენი, ჯონი თოფურია ნიჩბოსნობაში ვარჯიშობს მწვრთნელთან ერთად. ჯონი ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებისთვის ემზადება. ახლო მომავალში დაგეგმილ შეჯიბრებებზე იგი ბათუმის სახელით გამოვა.

„ფეისბუქზე“ გავრცელდა ფოტო, რომელზეც პარკში, ტბასთან ახლოს მყოფი მანქანაა გადაღებული. ამ მანქანით ჯონი, რომელსაც ქვედა კიდურები არ აქვს, ტბასთან ახლოს მიჰყავთ. პარკში მანქანით შესვლა პარკის ადმინისტრაციასთან რომ შეთანხმებულია, ამას ბათუმის მერიის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი,  ალექსანდრე თევზაძე ადასტურებს.

„დილით აქ  ვვარჯიშობ ორსაათ-ნახევარი, შემდეგ – დარბაზში. დღეში დაახლოებით 5-6 საათი ვვარჯიშობ. სამი წელია ამ სპორტში ვარ. ვვარჯიშობდი თბილისში, ფოთში… აბაშიდან ვარ, მაგრამ ახლა ბათუმში ვცხოვრობ და ბათუმის სახელით გამოვდივარ. ვიბრძვით ლიცენზიის მოსაპოვებლად. ყველა ძალიან გვეხმარება“, – ყვება ჯონი.

ჯონი თოფურია. ფოტო: მანანა ქველიაშვილი

31 წლის ჯონი თოფურია სპორტის ამ სახეობით მას შემდეგ დაინტერესდა, როცა ქვედა კიდურები დაკარგა. იგი ჯარისკაცია, აგვისტოს ომისა და სამი მისიის მონაწილე, 2006 წელს მსახურობდა ერაყის სამშვიდობო მისიაში, 2010-2012 წლებში კი – ავღანეთში.

2012 წლის 6 მარტს ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, საქართველოს შეიარაღებული ძალების 31-ე ბატალიონის სერჟანტი ჯონი თოფურია პატრულირებისას ნაღმზე აფეთქდა და ფეხები დაკარგა.

„ეს ტრავმა რაც დამემართა, მას შემდეგ დავკავდი ამ სპორტით. მე ჯარისკაცი ვარ, ავღანეთში 2012 წლის 6 მარტს აფეთქება მოხდა და დავშავდი.  ეს ჩემი მესამე მისია იყო.

მზად ამისთვის არავინ არ არის, მაგრამ ადამიანს რომ ეს დაემართება, უნდა გამონახოს ძალა, თავის თავს დაელაპარაკოს, რომ მას შეუძლია, ცხოვრება გრძელდება. ეს რომ მომივიდა, ცოლი მყავდა, შემდეგ შვილები შემეძინა და ცხოვრებას არ შევუშინდი, პირიქით.

ამერიკაში რომ ვიყავი სამკურნალოდ, იქ შემოგვთავაზეს სპორტის სხვადასხვა სახეობა. აუზი იყო, დავიწყე ვარჯიში და შემიყვარდა სპორტის ეს სახეობა. ისედაც სპორტსმენი ვიყავი, 2005 წელს მძლეოსნობაში საქართველოს ჩემპიონი გავხდი, შემდეგ წავედი ჯარში, რადგან ბავშვობიდან მომწონდა ჯარისკაცის პროფესია“,  – ამბობს ჯონი.


საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა 2014 წელს ჯონი თოფურია დააჯილდოვა და გადასცა მედალი – „სამშობლოსთვის თავდადებული”.

ჯონი ამბობს, რომ ტრავმის შემდეგ სიცოცხლისა და ბრძოლის ყველაზე მეტ ძალას ცოლი აძლევდა:

„ყველაზე მეტად მეუღლე, ინეზა სურმანიძე დამიდგა მაშინ გვერდით. მითხრა, უნდა გააგრძელო ცხოვრებაო. ინეზა ბათუმელია. სამი შვილი გვყავს, 4  წლის, 3  წლის და 1 წლის: ანდრია, ალექსანდრე და ანა. ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივრები ისინი არიან. შვილების გამო ყველაფერს გავაკეთებ.

მიხარია, რომ სპორტში ვარ ჩართული და სხვებსაც ვაძლევ მაგალითს, ბევრია სახლში ჩაკეტილი. მინდა, ეს ადამიანები გამოვიდნენ და ნახონ, ყველას შეუძლია, არ უნდა ვიყოთ ჩაკეტილი. რომ არ მოდუნდე, ამისთვის კარგია სპორტი. სახლში ჩაკეტილი გიჭირს უფრო, სპორტი, გარეთ გამოსვლა გახალისებს, ადამიანებს ხედავ.“

ჯონი თოფურია. ფოტო: მანანა ქველიაშვილი

ჯონი ყვება, რომ ნიჩბოსნობაში საქართველოს მხოლოდ ორი პარაოლიმპიელი სპორტსმენი ჰყავს, თვითონ და თენგო დიასამიძე. ამბობს,დროა საჭირო, რომ სპორტსმენი განვითარდეს, ჩამოყალიბდეს და მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიოს:

„1-2 წელში სპორტსმენი ვერ მიაღწევს ყველაფერს, ამას ვარჯიში და დრო უნდა. ყველა ვარჯიშმა ადამიანში ცვლილება უნდა შეიტანოს, ეს უცებ არ ხდება. მიზანი მაქვს, მინდა მოვიპოვო მედალი და ქვეყანა ვასახელო. მე ყველაფერს ვიღონებ ამისთვის.“

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: