გეგელიძეების მეჩეთის მიმდებარედ, ქედის მერია მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებს ატარებს

სოფელ გეგელიძეებში, მეჩეთის მიმდებარედ, მეწყერი მიმდინარე წლის იანვარში განვითარდა, რამაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს საძირკვლის ჩამოშლის საფრთხე შეუქმნა. მეწყრული პროცესები საფრთხეს უქმნიდა ასევე, იქვე მდებარე ორ საცხოვრისსაც.

სტიქიური კერა ოპერატიულად შეისწავლეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მოწვეულმა გეოლოგებმა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თანამშრომლებმა.

გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე, ქედის მერიამ მეჩეთის მიმდებარედ მეწყერ საწინააღმდეგო ღონისძიებების პროექტი შეისყიდა, რომელიც ამ დროისთვის აქტიურ ფაზაშია. სამშენებლო სამუშაოები, ადგილობრივებთან ერთად, დღეს ქედის მერმა ლევან გორგილაძემ დაათვალიერა.

,,პროექტი მნიშვნელოვანია, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისთვის საფრთხის არიდების მიზნით, ასევე იმ ორი ოჯახის უსაფრთხოებისთვის, რომელთა ეზოებშიც განვითარდა ფაქტობრივად სტიქია“ – განაცხადა მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა

საყრდენი კედლის მშენებლობისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 12 320 ლარი დაიხარჯება. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ინდ.მეწარმე ავთანდილ სანიკიძე ახორციელებს, რომელიც სრულად 20 აპრილს დასრულდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი