მთავარი,სიახლეები

სამშენებლო კომპანიები შრომის ინსპექციის შექმნას აპროტესტებენ – ორი მოსაზრება

13.03.2018 • 2250
სამშენებლო კომპანიები შრომის ინსპექციის შექმნას აპროტესტებენ – ორი მოსაზრება

შრომის უსაფრთხოების კუთხით ისნპექციის შექმნა რამდენიმე სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელმა მშენებელთა ფორუმზე გააპროტესტა. შეხვედრა დღეს, 13 მარტს, ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“ გაიმართა. ფორუმზე სხვადასხვა საკითხი განიხილეს, მათ შორის, შრომის ინსპექციის ამოქმედება. პარლამენტმა მესამე მოსმენით უკვე დაამტკიცა საკანონმდებლო რეგულაცია შრომის ინსპექციის კუთხით.

ფორუმი „პროფესიული უნარები მშენებლობისთვის – მშენებლობა პროფესიული უნარებისთვის“ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების“ (GIZ) და „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით გაიმართა.

შეხვედრაზე შრომის ინსპექციის კუთხით კრიტიკული პოზიცია თავდაპირველად კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტის“ დამფუძნებელმა, პაატა ტრაპაიძემ დააფიქსირა, რასაც სხვა რამდენიმე მშენებელმაც დაუჭირა მხარი. შეხვედრას ესწრებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებიც. „ბათუმელებმა“ ორი მოსაზრება ჩაწერა შრომის ინსპექციის ამოქმედების საკითხზე.

პაატა ტრაპაიძე, „კავკასუს როუდ პროჯექტის“ დამფუძნებელი: მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, ინსპექტორი აღიჭურვოს დამსჯელი ფუნქციებით. ეს უკვე კორუფციული თემაა… მარტივია. ხომ ხედავთ, როგორ ფასდება რისკი? რისკის შეფასება ხდება აბსოლუტურად სუბიქტური სქემით. მაგალითად, შეიძლება ინსპექტორმა მითხრას, რომ ლურსმანიც შეიცავს რისკს. ასე შესაძლოა ნებისმიერ რამეზე გამოგედავონ. მასობრივად ამის გაკეთება არის მარაზმი. უსაფრთხოება, რა თქმა უნდა, დაცული უნდა იყოს და ამას აკეთებენ სადაზღვეო კომპანიები. თუ სადაზღვეო რაღაცას კარგად ვერ აკეთებს, მიხედონ მაშინ სადაზღვევოებს. რეალურად დღეს ყველა სამშენებლო კომპანია არის დაზღვეული და სადაზღვეოს აქვს ბუნებრივი ინტერესი, რომ მე უსაფრთხოება მქონდეს დაცული. მითხარით, სახელმწიფოს რატომ აქვს ინტერესი, რომ მე კარგად მქონდეს საქმე?… თუკი არ ვენდობით სამშენებლო სექტორს, მაშინ საერთოდ მშენებლობის უფლებას რატომ აძლევს სახელმწიფო ბიზნესს? ასე თუ მივყვებით, თქვენ რომ ტაქსში ჯდებით, იქაც არსებობს რისკი, რისკი ყველგან არსებობს. აქ საუბარი იყო გვირაბში ჩასვლაზე, მაღაროზე. ასე თუ გავაგრძელებთ, ეკონომიკას საერთოდ გავაჩერებთ.

ჩვენ კანონების გადმოღება კი არ გვჭირდება ევროპიდან, არამედ საჭიროა ის კანონები, რაც ევროპას ჰქონდა 40 წლის წინ. ეს სისტემა ნელ-ნელა უნდა დაიხვეწოს. ამ გაძვალტყავებულ ქვეყანაში ევროპული კანონებით უნდა შემოვიღოთ უსაფრთხოება? ეს გააძვირებს ყველაფერს. ნებისმიერი ტიპის უსაფრთხოების დაცვა აძვირებს პროდუქტს. ჩვენ მზად ვართ ამისთვის?

ელზა ჯგერენაია, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს  შრომის და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი: ამ რეგულაციის თვითმიზანი არ არის რეპრესია. საუბარია პრევენციაზე რისკების დროულად შეფასების მიზნით და ამის შეფასება დაევალება დამსაქმებელს. თუ აქამდე ეს მშენებლის კეთილ ნებაზე იყო მიშვებული, დღეს ამ რეგულაციების შესრულება გახდება სავალდებულო.

ცხადია, ამ პროცესში არსებობს განსხვავებული მოსაზრებები, თუმცა შრომის ინსპექციას ევროპის ქვეყნებში სხვა ალტერნატივა არ აქვს. სახელმწიფოს აქვს ამ კუთხით ზედამხედველობის ფუნქცია. მშენებლები, ძირითადად, რისკს ხედავენ კორუფციის კუთხით. ჩვენ ვიცით არაერთი უწყება, რომელიც რეფორმირების შედეგად გახდა სრულიად გამჭვირვალე და სრულიად ჯანსაღი სისტემა შეიქმნა. არ დავასახელებ კონკრეტულ წარმატებულ რეფორმას, მაგრამ არ შემიძლია არ გამოვყო საგადასახადო ინსპექცია, საგზაო ინსპექცია…

არსებობს კონკრეტული მექანიზმები, როგორ უნდა გამოირციხოს კორუფციის რისკი შრომის ინსპექციის შემთხვევაში. მაგალითად, კამერებით ინსპექტორების აღჭურვა. ინსპექტორები იმუშავებენ სპეციალური პლანშეტებით, საიდანაც ინფორმაცია შევა ცენტრალურ აპარატში და ასევე ერთპიროვნულად არ მოხდება გადაწყვეტილების მიღება სახდელებთან დაკავშირებით. ბიზნესის ამ წინადადებასაც განვიხილავთ, რაც ახლა მოვისმინეთ. ვფიქრობ, პრაქტიკა აჩვენებს, როგორ იმუშავებს ახლად დამუშავებული რეგულაციები.

მთავარ ფოტოზე: მშენებლობა ბათუმში/ 2018 წელი /მანანა ქველიაშვილის ფოტო

https://netgazeti.ge/news/251930/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: