„ელექტროსისტემა”: მიწაზე ნახეთქები გაჩნდა და ანძის დემონტაჟი სასწრაფო წესით მოხდა

„საქართველოს ელექტროსისტემამ“ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკოტაურში არსებული ერთი ანძის დემონტაჟი გეოლოგიური დასკვნის მიღებამდე დაიწყო.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ქსელის ელექტროგადამცემი ხაზის განვითარების პროექტის მენეჯერი, დავით უთმელიძე განმარტავს, რომ სოფელ კოკოტაურში ანძისა და ხაზის დემონტაჟის გადაწყვეტილება ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე არსებული მდგომარეობისა და საჭიროებიდან გამომდინარე მიიღეს.

„დაახლოებით ერთ წლის წინ ანძა გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე განთავსდა, ანძის განთავსების შემდეგ ამ ტერიტორიაზე გეოლოგიური პროცესები გააქტიურდა და არამარტო ანძის მიმდებარედ,  არამედ სხვა ტერიტორიებზეც მიწაზე ნახეთქები გაჩნდა, რასაც სოფლის მოსახლეობაც ადასტურებს. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ სასწრაფო წესით სადენებისა და ანძის დემონტაჟი მოგვეხდინა, თუმცა შემდეგ რა სახით განვითარდება მოვლენები, ეს გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე გადაწყდება,“ – ამბობს დავით უთმელიძე.

„ბათუმელების“ კითხვაზე, ანძის დემონტაჟის გამო საჭირო გახდება თუ არა ელექტროხაზის პროექტში ცვლილებების შეტანა და შეიცვლება თუ არა სოფელ კოკოტაურში არსებული ელექტროგადამცემი ხაზის მარშრუტი, დავით უთმელიძე პასუხობს:

„ელექტროსადენები უნდა აღდგეს, მაგრამ ჯერჯერობით ვერ გეტყვით, ანძის მონაცვლეობით მოხდება  თუ არსებული ანძების ერთმანეთთან დაკავშირებით. როგორც აღვნიშნე, ამ საკითხზე გადაწყვეტილებას მას შემდეგ მივიღებთ, როდესაც გეოლოგიური დასკვნის შედეგები გახდება ცნობილი.

გეოლოგიური დასკვნით, თუ ანძის დადგმა მიმდებარე ტერიტორიაზე აღარ იქნება შესაძლებელი, ან არსებული ანძა სხვა ანძის დამატებას მოითხოვს, უნდა შევიტანოთ პროექტში ცვლილება, სხვა ანძები კოკოტაურში კი უფუნქციოდ არ დარჩება. რაც შეეხება სხვა სოფლებში ანძების მდგომარეობას, ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ არის“.

აჭარაში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზს, ახალციხე-ბათუმის 220-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის ფარგლებში, ინდური კომპანია KEC-ი აშენებს. ელექტროგადამცემი ხაზი ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე გადის. პროექტის მიხედვით, ელექტროგადამცემი ხაზის მინიმუმ 80% სასოფლო-სამეურნეო მიწებსა და სავარგულებზე გავა.

____________

მთავარ ფოტოზე: ელექტროგადამცემი ანძა კოკოტაურში. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან 

სად გაივლის აჭარაში მაღალი ძაბვის ელექტროხაზები

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი