აჭარაში ქარსაფარი ზოლების შესწავლაზე 42 ათასი ლარი დაიხარჯება

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქარსაფარი ზოლების მდგომარეობის შესწავლაზე წელს 42 372 ლარს დახარჯავს. თანხა სამინისტრომ ქვეპროგრამის – „აგროსექტორის განვითარების საჭიროებათა კვლევები და სტრატეგიები“ ფარგლებში გამოყო და კვლევის განსახორციელებლად ტენდერი პირველ მარტს გამოაცხადა.

შესყიდვების სახელმწიფო ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, კვლევა სამ კომპონენტს უნდა მოიცავდეს – აჭარის რეგიონის გეოგრაფიულ დახასიათებას, გავრცელებულ ქარებს, ქარსაფარი ზოლების მნიშვნელობას, მათ თავისებურებსა და აჭარის რეგიონში ადრე არსებული ქარსაფარი ზოლების აღწერა-დახასიათებას.

პრეტენდენტი, რომელსაც სამინისტრო კვლევის ჩასატარებლად ხელშეკრულებას გაუფორმებს, ვალდებულია სრული ინფორმაცია წარმოადგინოს ქარსაფარი ზოლების  მნიშვნელობა – გავლენაზე სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოებასა და მოსავლიანობაზე, ან პირიქით, რა ზიანს აყენებს მისი არარსებობა სასოფლო-სამეურნეო წარმოებას. ასევე, მუნიციპალიტეტების მიხედვით, რომელი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოებისათვის იყო გაშენებული ქარსაფარი ზოლები აჭარაში.

კვლევა აგრეთვე უნდა მოიცავდეს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაშია რეგიონში არსებული ქარსაფარი ზოლები დღეს, ამასთანავე უნდა მოხდეს გაჩეხილი თუ მავნებელ-დაავადებებისაგან დაზიანებული  ქარსაფარი ზოლების შესწავლა და მდგომარეობის აღწერა და სრულყოფილი ინფორმაციის წარდგენა, თუ რა ეკონომიკური ეფექტი შეიძლება  მივიღოთ  ახალი ქარსაფარი ზოლების გაშენების შემთხვევაში.

ქარსაფარი  ზოლის შესწავლასა და მნიშვნელობაზე პირველ მარტს გამოცხადებული ტენდერი 15 მარტს დასრულდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი