მთავარი,სიახლეები

ბესო ლილუაშვილი: აბსოლუტურად თავისუფალი ვარ პოლიტიკური გავლენებისაგან

13.03.2018 • 2790
ბესო ლილუაშვილი: აბსოლუტურად თავისუფალი ვარ პოლიტიკური გავლენებისაგან

აჭარის კვოტით საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის მსურველი ბესო ლილუაშვილი დღეს, 13 მარტს, შესარჩევი კომისიის წინაშე წარსდგა. მან შესარჩევ კომისიას თავისი ხედვა გააცნო.

ჟურნალისტიკით დაინტერესებულ სტუდენტთა გადამზადება, საგამოძიებო ჟურნალისტიკის განვითარება, მზა პროდუქციების შეძენა სხვა დამოუკიდებელი სტუდიებიდან, ონლაინრადიოს პლატფორმის, ინტერნეტსივრცის განვითარება და ძლიერი უკუკავშირის ამოქმედება – ეს არის არასრული სია იმ იდეებისა, რომელიც ლილუაშვილმა საკონკურსო კომისიას წარუდგინა.

კომისიის წევრმა, ჟურნალ “ტაბულას” რედაქტორმა, სალომე უგულავამ ლილუაშვილს წინა სამუშაო ადგილი [ლილუაშვილი აჭარის მთავრობის აპარატში სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი იყო] შეახსენა და ჰკითხა:

„თქვენ, უხეშად რომ ვთქვათ, წარმოდგენილი ხართ აჭარის კვოტით და აჭარის უმაღლესმა საბჭომ უნდა გადაწყვიტოს ვის წარუდგენს პარლამენტს კანდიდატურად ამ კვოტით. ხომ არ შეთანხმდით, რომ დაგიჭერენ მხარს. გარანტირებული გაქვთ, ასე ვთქვათ, აჭარის უმაღლესი საბჭოდან მხარდაჭერა? ფიქრობთ, რომ მხარს დაგიჭერენ?

„გარანტირებული არავის არაფერი არ აქვს. მე ვთვლი, რომ ყოველთვის ვდგავარ იქ, სადაც ვთვლი, რომ სასიკეთოს გავაკეთებ ქვეყნისთვის.  ყოველთვის იქ მივდივარ, სადაც გამოვადგები ჩემს ქვეყანას. თუ მე ვფიქრობ, რომ მხარს დამიჭერენ აჭარის უმაღლეს საბჭოში, ეს არ უკავშირდება იმას, რომ მე იქ [აჭარის მთავრობაში] ვმუშაობდი. მე არ მისაუბრია არც ერთ დეპუტატთან. მე ვესაუბრე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, როდესაც მივიღე  ეს გადაწყვეტილება და ვუთხარი, რომ წასვლას ვაპირებდი. მე კანონს არ ვარღვევ და აბსოლუტურად თავისუფალი ვარ პოლიტიკური გავლენებისაგან. ვთვლი, რომ გამაჩნია ის გამოცდილება და ცოდნა, რომელიც შეიძლება დაეხმაროს საზოგადოებრივ მაუწყებელს სწორად განვითარებაში,” – უპასუხა ბესო ლილუაშვილმა.

კითხვაზე, რამდენად მოახერხებს ხელისუფლების გავლენებისგან და წნეხისგან თავისუფალი იყოს, ლილუაშვილმა უპასუხა, რომ არასდროს  ჰქონია იმის პრობლემა, რომ ღიად დაეფიქსირებინა საკუთარი აზრი.

კითხვაზე, ხედავს თუ არა პოლიტიკურ გავლენას საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ლილუაშვილმა აღნიშნა, რომ დღეს საზმაუ „ცოტათი უფრო თავისუფალია, ვიდრე იყო წლების განმავლობაში.”

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა − მეურვეთა კანდიდატურების შესარჩევი ღია კონკურსის მონაწილეთა სია გამოაქვეყნა. მეურვის ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე 14 განაცხადია შესული:

  1. მალხაზ ასლამაზაშვილი
  2. ნინია კაკაბაძე
  3. დონარა შონავა
  4. ზაზა შათირიშვილი
  5. იზაბელა ოსიპოვა
  6. ხატია ყურაშვილი
  7. ზვიად დევდარიანი
  8. ბესო ლილუაშვილი
  9. ნათია სირაბიძე
  10. ვლადიმერ ბოჟაძე
  11. ია მამალაძე
  12. ნათია კობერიძე
  13. ბაია პატარაია
  14. დავით კორახაშვილი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: