კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

წითლად შეღებილი სახლის ამბავი

13.03.2018 • 5496
წითლად შეღებილი სახლის ამბავი

ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე, წითლად შეღებილი ერთსართულიანი სახლის მეპატრონეს, სადაც ახლა რესტორანი ფუნქციონირებს, ბათუმის მერია სასამართლოში უჩივის. მერია  სახლის ფასადის უნებართვოდ გადაღებვის გამო რესტორნის მმართველის დაჯარიმებას და სახლის ფასადის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებას ითხოვს.

გორგასლის #53-ში მესაკუთრემ ერთსართულიანი ბელეტაჟი წითლად შეღება. სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ არის, თუმცა ძეგლის დაცვის ზონაშია. კანონმდებლობა ძეგლის დაცვის ზონაში არ უშვებს ისეთ ჩარევას, რაც დაჩრდილავს ძეგლს და ძეგლიდან 150 მეტრის რადიუსში ხელს შეუშლის მის აღქმას. ფასადის სამღებრო სამუშაოები პირველი კლასის სამუშაოებია და კანონმდებლობა ასეთ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან შეთანხმებას არ ითვალისწინებს.

ნებართვა მერიას არ გაუცია, ამიტომაც რესტორნის მესაკუთრის ზედამხედველობის სამსახურმა სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა და სასამართლოს მიმართა. ოქმში სამართალდამრღვევად მითითებულმა პირმა სასამართლოში   თქვა, რომ რესტორანი ეკუთვნის მის მეუღლეს, ამიტომაც სასამართლომ საქმე შეწყვიტა.

ახლა ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახური სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარებას ელოდება, რომ ახალი ოქმი ამ პირის მეუღლის სახელზე შეადგინოს და ისევ სასამართლოს მიმართოს. მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ზაალ მამუჭაძის ინფორმაციით, მესაკუთრეს სახლის ფასადის იერსახის შეცვლა არ სურს: „მას უნდა, რომ წითელი ფასადი შეინარჩუნოს“ .

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: