მთავარი,სიახლეები

საქართველოში ყველაზე მეტი ინვესტიცია აზერბაიჯანიდან შემოვიდა

13.03.2018 • 2658
საქართველოში ყველაზე მეტი ინვესტიცია აზერბაიჯანიდან შემოვიდა

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2017 წელს 1861.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 16.2 პროცენტით აღემატება 2016 წლის შესაბამის მაჩვენებელს.

2017 წელს, ქვეყნების მიხედვით, ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია აზერბაიჯანიდან შემოვიდა (25.9 პროცენტი), შემდეგ მოდის თურქეთი (15.0 პროცენტი ) და გაერთიანებული სამეფო (13.4 პროცენტი).

  • აზერბაიჯანი – 482.1 მლნ აშშ დოლარი
  • თურქეთი – 279.0 მლნ აშშ დოლარი 
  • გაერთიანებული სამეფო – 250.4 მლნ აშშ დოლარი

სამი უმსხვილესი ინვესტორის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 54.3 პროცენტი შეადგინა.

უმსხვილესი ინვესტორების ათეულში ასევე შედიან: ნიდერლანდები, ჩეხეთი, აშშ, არაბეთის გაერთიანებული ემირატები, პანამა და ჩინეთი.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში განხორციელდა და 527.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 28.3 პროცენტია. მეორე ადგილზეა საფინანსო – 304.3 მლნ. აშშ დოლარით (16.3 პროცენტი), ხოლო მესამეზე – მშენებლობის სექტორები 294.6 მლნ. აშშ დოლარით (15.8 პროცენტი).

სამინისტროს ცნობით, რომელიც თავის მხრივ „საქსტატის“ წინასწარ მონაცემებს ეყრდნობა, 2017 წელს 114 პროცენტით (156.9 მლნ. აშშ. დოლარით) გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მშენებლობის სექტორში და 294.6 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

საფინანსო სექტორში ინვესტიციები გაიზარდა 98 პროცენტით (150.4 მლნ. აშშ. დოლარით) და 304.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების 61-პროცენტიანი ზრდა (71.5 მლნ. აშშ. დოლარით მეტი) დაფიქსირდა და 188.6 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ინვესტიციების ზრდა დაფიქსირდა ასევე უძრავი ქონების, სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში. ინვესტიციების ზრდამ უძრავი ქონების სექტორში 68 პროცენტი (64.6 მლნ. აშშ. დოლარით მეტი), ხოლო სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში 58 პროცენტი (33.1 მლნ. აშშ. დოლარით მეტი) შეადგინა. ინვესტიციების მოცულობა ამ სექტორებში კი შესაბამისად 159.8 მლნ. აშშ. დოლარი და 90.0 მლნ. აშშ. დოლარი იყო.

სამინისტროს ცნობით, იზრდება ინვესტიციების მოცულობა ეკონომიკის რეალურ სექტორში, რომელიც მოიცავს სოფლის მეურნეობას, სამთო მოპოვებით მრეწველობას, დამამუშავებელ მრეწველობას, ენერგეტიკასა და მშენებლობას. რეალურ სექტორში ინვესტიციების მოცულობა  გაიზარდა 39.3 პროცენტით (173.6 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა) და 615.5 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

______________

მთავარ ფოტოზე: ბაქო, აზერბაიჯანი 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: