მთავარი,სიახლეები

ფაროსანას საწინააღმდეგო შხამი არ დარიგდება – SMS-ები და თოქ-შოუები მავნებელთან ბრძოლაში

13.03.2018 • 4124
ფაროსანას საწინააღმდეგო შხამი არ დარიგდება – SMS-ები და თოქ-შოუები მავნებელთან ბრძოლაში

სურსათის ეროვნული სააგენტოს [სეს] ინფორმაციით, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატები წელს მოსახლეობას უფასოდ აღარ დაურიგდება. თუმცა, სეს-ის პროგნოზით, ვინაიდან მავნებელი საქართველოში შესაძლოა 1 მილიონ ჰექტარზე გავრცელდეს, ფართობების შეწამვლას თავად სააგენტო უზრუნველყოფს. აზიური ფაროსანას [halyomorpha halys] წინააღმდეგ საბრძოლველად კი, საინფორმაციო კამპანიას სეს-ი 1 223 927 ლარით დააფინანსებს.

„ეს პიარკამპანია ზუსტად განსაზღვრავს შემდგომ რას და როგორ ვაპირებთ… ჩვენ შევისყიდეთ პრეპარატები, რომლითაც თავად სააგენტო გაატარებს მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებებს. ეს, რამდენადაც ვიცი, შეეხება კერძო ფართობებსაც. მოსახლეობისთვის დასარიგებლად პრეპარატები არ გვიყიდია. მთელი პიარკამპანია აგებული იქნება ისე, რომ მოსახლეობის ჩართულობა ამ საკითხში, შეგნება მოსახლეობის, ფერმერების გაიზარდოს ამ კუთხით. ჩემი ინფორმაციით, მიმწოდებლებიც მზად არიან ანალოგიური პრეპარატები ქსელში გაიყიდოს. ვთქვათ, ადამიანს რომ აქვს 300-400 კვ/მ ეზო, შესაწამლად შესაძლოა 20-30 გრამი პრეპარატი დასჭირდეს და თვითონ მოუაროს თავის ეზოს. ამ ყველაფერს განსაზღვრავს ეს პიარკამპანია. ისე, წამლობა ჯერ ძალიან ადრეა“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ გერონტი ფრუიძემ, სეს-ის საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს უფროსმა.

სეს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, თეა შველიძის ინფორმაციით, მოსახლეობისთვის პრეპარატების გადაცემა არ იგეგმება: „რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, რა პრეპარატები და როგორ გაიყიდება, ეს უკვე ბიზნესის კომპეტენციაა. სააგენტო მუდმივად ახორციელებს კონტროლს პრეპარატების იმპორტთან დაკავშირებით. ბოლო სამი წელია ქვეყანაში არ შემოსულა არარეგისტრირებული პრეპარატი. არსებობს ჩამონათვალი პრეპარატების, რომლებიც ჰარმონიზებულია ევროკავშირში რეგისტრირებულ პრეპარატებთან. უშუალოდ ფაროსანასთან საბრძოლველად რეკომენდებულია ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატები. ამ პრეპარატებით განხორციელდება შესაწამლი ღონისძიებები სააგენტოს მიერ“.

სააგენტოს რეკომენდაციით, მოსახლეობამ სწორედ ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატები უნდა შეიძინოს აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად. ამ ჯგუფში სხვადასხვა დასახელების პრეპარატი შედის. სეს-ის პროგნოზით აზიური ფაროსანა წელს აღმოსავლეთ საქართველოშიც გავრცელდება.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მოსახლეობისგან მიღებული შეტყობინებების საფუძველზე ფართობებს სახელმწიფო შეწამლავს.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ მოქალაქეთა მხრიდან ცხელ ხაზზე მიღებული შეტყობინებები ერთგვარი მონიტორინგია, რაც ერთ-ერთი მიმართულებაა იმ ღონისძიებებისა, რაც დაგეგმილია ფაროსანასთან საბრძოლველად. სწორედ ეს სახელმწიფო პროგრამა არ ითვალისწინებს მოსახლეობისთვის პრეპარატების დარიგებას. სახელმწიფო აცხადებს, რომ მავნებელთან ფართომასშტაბიან ბრძოლას თავად იწყებს.

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის 4 ძირითადი მიმართულება სახელმწიფო პროგრამიდან:

[checklist]

  • საინფორმაციო კამპანია;
  • მონიტორინგის სისტემა;
  • აზიური ფაროსანას კონტროლის ღონისძიებები;
  • სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები.

[/checklist]

მონიტორინგის სისტემა ფერომონიანი ხაფანგების განლაგებას ითვალისწინებს. სააგენტოს ინფორმაციით ასეთი ხაფანგების განლაგება უახლოეს პერიოდში დაიწყება.

რაც შეეხება პიარკამპანიის ორგანიზების მომსახურებას, სურსათის ეროვნული სააგენტო ტენდერის გარეშე შეისყიდის, რაზეც თანხმობას შესყიდვების სააგენტოსგან ითხოვს. სააგენტოს ის კომპანიაც ჰყავს შერჩეული, რომელიც მას ამ მომსახურებას გაუწევს.

შესყიდვების ვებგვერდზე ატვირთულია კომპანია „სვოტ პროდაქშენის“ წერილი, რომლითაც ის სურსათის ეროვნულ სააგენტოს სთავაზობს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საინფორმაციო კამპანიის მომსახურებას. კომპანიის მიერ შეთავაზებული ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, საერთო თანხა 1 მილიონ 223 ათას 927 ლარი და 25 თეთრია:

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ვინაიდან მავნებელი გამოსვლას იწყებს გაზაფხულზე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პიარკამპანია დაიწყოს არაუგვიანეს პირველ აპრილს, ქიმიური ღონისძიებების დაწყებამდე. პიარკამპანია 2018 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.

„აღნიშნული მომსახურების შესყიდვა მისი შინაარსიდან და მასშტაბებიდან გამომდინარე ჩვენთვის წარმოადგენს სიახლეს. შესყიდვის წინა პროცედურების განხორციელებისას ჩატარდა წინასწარი კონსულტაციები პიარის სფეროში მონაწილე პოტენციურ მიმწოდებლებთან. განისაზღვრა სავარაუდო მიმართულებები, თემატიკა, ჯერადობა, მოცულობები და ა.შ. ყოველივე ზემოაღნიშნულმა განაპირობა ღონისძიების შეზღუდულ ვადაში ჩატარების აუცილებლობა“, – აცხადებს სეს-ი.

2018 წელს ფაროსანას საწინააღმდეგო საინფორმაციო კამპანიის კონცეფცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

სურსათის ეროვნული სააგენტო მიმდინარე წელს 15 მილიონამდე ლარით შემდეგ ინსექტიციდებს [ქიმიური ნივთიერებები, შხამები მავნებელი მწერების მოსასპობად] შეისყიდის:

[checklist]

  • 200 000 ლიტრი ზეთოვანი ფორმაციის, პირეტროიდული ჯგუფის ინსექტიციდი;
  • 160 000 ლიტრი ბიფენტრინის შემცველი ინსექტიციდი;
  • 100 000 ცალი ფერომონიანი მისატყუებელი (ინსექტიციდი).

[/checklist]

როდის და სად დაიწყება შეწამვლითი ღონისძიებები, სააგენტოს ინფორმაციით, მონიტორინგის შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილი ცხელი ხაზი:

სამეგრელო 16 600 (ზარი უფასოა)
გურია – 16006 (ზარი უფასოა)
იმერეთი – 16 601 (ზარი უფასოა)
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო სამსახური – 15 01

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/slideshow/117127/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: