განათლების ფაკულტეტზე საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები გაერთიანდა

უნივერსიტეტების უმრავლესობამ განათლების ფაკულტეტზე საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები გააერთიანა. როგორც ბათუმის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის  განათლების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი და განათლების პროგრამის ხელმძღვანელი, ნანა მაკარაძე გვეუბნება,  განათლების ინტეგრირებულ  პროგრამაზე სწავლა ხუთწლიანია და კურსდამთავრებული განათლების მაგისტრის ხარისხს აიღებს.

„სპეციალობაში კი მითითებული ექნება  0-დან 4 კლასის ჩათვლით  ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების  მასწავლებელი, მე-5-მე-6 კლასის მასწავლებელს კი ექნება ან ქართულის, ან მათემატიკის, ან ბუნების მასწავლებლის კვალიფიკაცი,“- ამბობს ნანა მაკარაძე.

მისი თქმით, კანონში ცვლილება გასულ წელს შევიდა, რომლითაც განისაზღვრა მასწავლებლის 300-კრედიტიანი ინტეგრირებული პროგრამით  მომზადება. ინტეგრირებულ პროგრამას დაემატა 60- კრედიტიანი პრაქტიკა და კვლევა.

„პრაქტიკის კომპონენტში ბსუ-ს არც აქამდე  უჭირდა და ისედაც ჰქონდა 25 კრედიტი, ახლა კი საშუალოდ 30 კრედიტით განისაზღვრა კვლევითი ნაწილი.

სანამ მასწავლებლის დარგობრივი მახასიათებლები არ შემუშავდებოდა, მანამდე ჩვენ არ გვქონდა პროგრამაზე მუშაობის შესაძლებლობა, მაგრამ ახლა ეს მახასიათებლები დაიდო და ფაქტობრივად, დღე და ღამე ვმუშაობთ ამ პროგრამაზე, რადგან ამ პროგრამის აკრედიტაცია ახალი სტანდარტით მოხდება.“

ამ ცვლილებების გამო უნივერსიტეტებს, მათ შორის ბსუ-ს,  დაწყებითი განათლების საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტების მიღების უფლება არ ჰქონდათ.

„იმედი გვაქვს, რომ ახალი პროგრამა აკრედიტაციას ივნისის შუა რიცხვებამდე გაივლის და ჩვენ შესაძლებლობა გვექნება ეს პროგრამა  მისაღები გამოცდების ჩამონათვალში მივუთითოთ. ჩამონათვალში დამატება ეროვნული გამოცდების შემდეგაც შეგვიძლია და ამის შესახებ ინფორმაციას აბიტურიენტები ღია კარის დღეებზეც მიიღებენ,“-ამბობს  მაკარაძე.

თუკი აბიტურიენტებს მეოთხე ან მეხუთე საგნად ჩაბარებული ექნებათ ქართული ენა და ლიტერატურა, ბიოლოგია, გეოგრაფია, ისტორია, სამოქალაქო განათლება ან ხელოვნება, მათ უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემდეგ მობილობის საშუალებით შეეძლებათ  განათლების ფაკულტეტზე გადასვლა.

როგორც ნანა მაკარაძე ამბობს, მიმდინარე წელს რუსთაველის უნივერსიტეტს 50 ადგილი აქვს განათლების ფაკულტეტზე შენახული. მისივე თქმით, გასულ წელს 90 ადგილი იყო გამოყოფილი და კონკურენცია მაღალი იყო.

„წინა წლებში ამ ფაკულტეტზე სწავლა უფასო იყო, წელს ითქვა, რომ სტუდენტების საგრანტო დაფინანსება იცვლება, თუმცა ჯერ არ გვაქვს ინფორმაცია, დარჩება ეს ფაკულტეტი უფასო თუ არა,“-ამბობს მაკარაძე.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com