მთავარი,სიახლეები

„ორი წლის ბავშვს ღამის ორამდე ვერ ვაძინებთ“ – ცხოვრება რესტორნის უკანა ეზოში

12.03.2018 • 4341
„ორი წლის ბავშვს ღამის ორამდე ვერ ვაძინებთ“ – ცხოვრება რესტორნის უკანა ეზოში

„ორი წლის ბავშვს ღამის ორამდე ვერ ვაძინებ… ბავშვს უკვე ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მეტყველება უჭირს. აქამდე არაფერს ვამბობდით, მაგრამ ახლა უკვე დუმილი აღარ შემიძლია,“ – ამას ჰაიდარ აბაშიძის 36-ში მცხოვრები ხატია კონცელიძე ამბობს. იგი იტალიურ ეზოში ცხოვრობს, რომელიც რესტორან „ფიროსმანის“ უკან მდებარეობს. ეზოს მოსახლეობა ხმაურს აპროტესტებს. აქ თითოეული მცხოვრები საუბარს იწყებს იმით, რომ „მშვიდი ძილი ენატრება“.

„მოდით, აქ დადექით და ნახეთ როგორ ვიბრირებს კედლები“,  – მეუბნება ხატიას მეუღლე – გიორგი იაკობაძე და საკუთარი საძინებლის შესასვლელთან ჩერდება. გიორგისა და ხატიას ბინის თავზე რესტორნის სამზარეულოა ტექნიკური დანადგარებით, საძინებლის კედლის მიღმა კი, რესტორანია, სადაც მუსიკა ღამის თორმეტზე წყდება.

„სამზარეულოში მძიმე ტექნიკა ჩვენს თავზეა. ტექნიკა როცა ჩართულია და მუშაობს, კედლები ქანაობს. თან ძველი სახლია. კედლებიდან თავისუფლად შემოდის მუსიკის ხმა. როცა მუსიკა წყდება, შემდეგ სამზარეულო მუშაობს კიდევ ერთი საათი. ჩვენს თავს ვინღა ამბობს, ბავშვს ვეღარ ვაძინებთ. რესტორნის მესაკუთრესაც სურდა რაღაც შეეცვალა და ხმაური დაეხშო, მაგრამ იმდენად ძველი კედლებია, არაფერი გამოვა,“ – გვითხრა გიორგი იაკობაძემ.

გიორგის თქმით, მას რესტორნის მესაკუთრე ახალი ბინის შეძენას დაჰპირდა, თუმცა მოლაპარაკება საბოლოო შედეგზე ამ დრომდე ვერ მივიდა. ოჯახს და სამეზობლოს კონფლიქტი აქვთ ერთ კონკრეტულ მეზობელთანაც.

„რესტორნის მესაკუთრე არ უარყოფს, რომ პრობლემა არსებობს, მაგრამ არაფერი იცვლება. სიტუაციის შეცვლა რეალურად არ სურს ლელა შავაძეს. ლელა შავაძე ჩვენი მეზობელია, ვისაც იჯარით აქვს გადაცემული ფართობი რესტორნისთვის. ლელა თვლის, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა ავიტანოთ,“ – გვიყვება ხატია კონცელიძე.

ნუნუ ფაღავაც ამ იტალიურ ეზოში ცხოვრობს. ის ამბობს, რომ „ზაფხულობით აქ აივანზეც ვერ გაჩერდები, ისე სიმხურვალე გამოდის კონდიციონერებიდან. ფანჯრები თუ გააღეს, ხმაურია აუტანელი. გამწოვიდან გამოსული სუნი კიდევ სხვა. გარდა ამისა, ჭიშკრითაც ვერ ვსარგებლობთ. მუდმივად რაღაც აწყვია და სასწრაფოც რომ დაგჭირდეს, ვერ შემოვა.“

რესტორან „ფიროსმანის“ ადმინისტრაციაში „ბათუმელების“ კითხვებს არ უპასუხეს. ქალი, რომელიც რესტორნის დირექტორის სახელით გაგვეცნო, ჟურნალისტობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა მოგვთხოვა.

ეზოს პრობლემებზე საუბრობს ლელა შავაძეც, ვისი ფართობიც აქვს რესტორანს დაკავებული. ლელა შავაძე მიიჩნევს, რომ მეზობლების პრეტენზიები უსაფუძვლოა და თუკი ვინმეს პრობლემა ექმნება, სამართლებრივ გზას უნდა მიმართოს.

„მიმართონ სამართლებრივ გზას. მე კივილი და წივილი არ შემიძლია. ამხანაგობის სხდომის ჩატარებაც შევთავაზე, მაგრამ არ უნდათ… სამზარეულოს პატარა მონაკვეთი გადადის გიორგი იაკობაძის საცხოვრებლის თავზე, ამას ვადასტურებ, მაგრამ არსებობს მეზობლის თმენის ვალდებულება. ასე შეიძლება მე მეზობლის ძაღლი მაწუხებდეს, რომელიც მთელი ღამე ყეფს, ან ფეხის ნაბიჯები მეზობლის ბინიდან, რა ვქნათ, ყველა ბინა დავშალოთ? ერთხელ, როცა რესტორანს შეუვარდნენ და მუშაობაში ხელს უშლიდნენ, მე პოლიციაც გამოვიძახე. ეს პრევენციისთვის გავაკეთე,“ – გვითხრა ლელა შავაძემ.

მეზობლები ამბობენ, რომ პოლიციას ისინიც ხშირად ურეკავენ, მაგრამ ხმაურს არაფერი შველის. გასულ წელს ჰაიდარ აბაშიძის 36-დან წერილი შევიდა ბათუმის მერიაშიც. მერიიდან წერილობითი პასუხით სამეზობლოს აცნობეს, რომ რესტორნის მესაკუთრე გააფრთხილეს, ხმაურის კუთხით დადგენილი რეგულაცია არ დაერღვია.

„გაფრთხილების გარდა სხვა ბერკეტი არ გვაქვს, უნდა მიმართონ საპატრულო პოლიციას,“ – გვითხრეს ბათუმის მერიის პრესსამსახურში.

ხმაურის კუთხით არსებული რეგულაციის დარღვევას, ასევე გამწოვის მუშაობის უსაფრთხოებას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ინსპექცია ამოწმებს. აქ განმარტავენ, რომ მოსახლეობამ ინსპექციას ცხელ ხაზზე დარეკვით უნდა მიმართოს და ვითარებას შეისწავლიან. თუკი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ინსპექცია დარღვევას დაადგენს, ის თავად იდავებს სასამართლოში დამრღვევის წინააღმდეგ.

ანალოგიური პრობლემის შესახებ „ბათუმელები“ გასული წლის აგვისტოშიც წერდა. ქუთაისის ქუჩაზე, რესტორან „ისტანბულის“ უკანა ეზოში მცხოვრები სვეტლანა ლიხვაროვა ამბობდა, რომ რესტორნის გამწოვებიდან გამოსული ჰაერის ნაკადი პირდაპირ მისი ოთახის ფანჯრებში შედიოდა, ხოლო კონდიციონერებისგან გამოსული სიმხურვალე იქ ყოფნას გაუსაძლისს ხდიდა. ამ ეზოში დარღვევა დააფიქსირა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ინსპექციამ.

„გასული წლის 9 ოქტომბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა სამართალდამრღვევი ამ საქმეზე,“ – გვითხრეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

მოგვარდა თუ არა პრობლემა რესტორან „ისტანბულის“ უკანა ეზოში? – „ბათუმელებს“ სვეტლანა ლიხვაროვამ დღეს უთხრა, რომ პრობლემა მოგვარდა, თუმცა არ იცის, რა მოხდება ზაფხულის დადგომის შემდეგ.

„როცა სტატია გამოქვეყნდა, მაშინვე დიდი კონდიციონერები მოხსნეს და გამწოვებზე გრძელი მილები დააყენეს. ახლა ზემოთ ადის გამონაბოლქვი,“ – ამბობს სვეტლანა ლიხვაროვა.

გამწოვი მილები, რესტორანი „ისტანბული“

 

ჰაიდარ აბაშიძის 36

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: