22 ფაქტობრივი შეცდომა ახალ სახელმძღვანელოებში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საჯარო სკოლების I-VI კლასებისთვის ახალ სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით საჯარო განხილვები დაიწყო.

მიუხედავად იმისა, რომ განხილვას საჯარო ჰქვია, როგორც სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, ახალ სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით დაწერილი მოსაზრებები და შეფასებები დახურულია და სხვა დაინტერესებულ პირებს მათი ნახვის შესაძლებლობა არ აქვთ.

განათლების სამინისტრო სახელმძღვანელოების შეფასებებთან დაკავშირებით მხოლოდ ციფრებს აქვეყნებს. ოფიციალური ინფორმაციით, ახალი სახელმძღვანელოების შინაარსის შეფასებისას 22 ფაქტობრივი შეცდომა გამოვლინდა, 236 მოსაზრება/რეკომენდაცია დაიწერა, 14 პირი კი ტექნიკური ხარვეზის შესახებ წერდა.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, განხილვებში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. თავიანთი შეფასებები დაინტერესებულმა პირებმა უნდა დაწერონ სამი მიმართულებით, – შინაარსობრივი შეცდომა – იმ შემთხვევაში, როცა ფიქსირდება შეცდომა ისტორიულ ან სამეცნიერო ფაქტებში, ამოცანის ამოხსნის შედეგში ან ლოგიკურ მსჯელობაში;

ტექნიკური ხარვეზი – ნებისმიერი ტექნიკური ხასიათის პრობლემისათვის, მაგალითად, შრიფტის შეუსაბამობა, ველების დარღვევა, ილუსტრაციის აცდენა ან ხარვეზი და ა.შ.

და რეკომენდაცია/მოსაზრება – ნებისმიერი სახის წინადადება, რომელიც ორიენტირებულია სახელმძღვანელოს/სერიის ზოგად გაუმჯობესებაზე ან სიახლის შეტანაზე.

ახალ სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით საჯარო განხილვები გრძელდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com