მთავარი,სიახლეები

გიორგი მიქაუტაძის საქმე – ბრალდებულები დიდი ბრიტანეთიდან სკაიპით ჩართვას ითხოვენ

12.03.2018 • 2142
გიორგი მიქაუტაძის საქმე – ბრალდებულები დიდი ბრიტანეთიდან სკაიპით ჩართვას ითხოვენ

„მოვითხოვთ დისტანციურ ჩართვას დიდი ბრიტანეთიდან. ჩვენი მიზანი არ არის სასამართლო პროცესის გაჭიანურება,”- აღნიშნა დღეს, 12 მარტს, ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში გამართულ პროცესზე ადვოკატმა სულხან კაპანაძემ. იგი საია-ს იურისტთან, პაატა დიასამიძესთან ერთად დაცვის მხარეს წარმოადგენს საქმეში, სადაც დაზარალებულად მიჩნეულია გიორგი მიქაუტაძე – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.

გამოძიება მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის სიცოცხლის ხელყოფის მუქარას ცოლ-ქმარს ედავება – თამარ ხაჭაპურიძეს და კახაბერ ხაჩიძეს. ისინი ამ დროისთვის დიდ ბრიტანეთში იმყოფებიან და სასამართლოს სამედიცინო კლინიკის ცნობა წარმოუდგინეს, რითაც დასტურდება, რომ ისინი რეაბილიტაციის კურსს გადიან.

საუბარია 2016 წლის აგვისტოში გონიოს პლაჟზე მომხდარ ინციდენტზე, რომლის შემდეგაც გამოძიება არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე დაიწყო. არასრულწლოვნის მშობლების თქმით, ბავშვს მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ სცემა. ბავშვის ცემის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას იმავე დღეს პროკურატურამ კვალიფიკაცია შეუცვალა და ძიება მოსამართლის სიცოცხლის მოსპობის მუქარით გააგრძელა. მოგვიანებით გამოძიება არასრულწლოვნის ცემის ფაქტზეც დაიწყო. პროკურორმა დავით ხარძეიშვილმა, ერთ-ერთი პროცესის შემდეგ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ამ საქმეზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი – გიორგი მიქაუტაძე დაკითხულია, თუმცა გამოძიება კონკრეტულ შედეგზე ამ დრომდე არ გასულა.

ამ საქმემ ყურადღება მიიქცია იმითაც, რომ მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის უვადოდ გამწესებაში მონაწილეობაში გიორგი მიქაუტაძეც მონაწილეობდა.  მან აცილების საკითხი მას შემდეგ დააყენა, როცა საჯაროდ უთხრეს, რომ სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი. მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის საქმეს განიხილავს, 22 თებერვალს უვადოდ დანიშნეს.

„უნდა შეფასდეს რისკები. რამდენად გაცნობიერებული აქვთ ბრალდებულებს დისტანციური ჩართვის რისკი,”- თქვა მოსამართლემ. მან დააზუსტა, რომ ასეთ შემთხვევაში ჩაითვლება, რომ ისინი ესწრებიან სასამართლო პროცესს.

ადვოკატებმა მოსამართლეს უთხრეს, რომ ბრალდებულებმა ამის შესახებ იციან. „მათ არ უნდა შეეზღუდოთ სამართლიანი სასამართლოს უფლება,”- დასძინა ადვოკატმა პაატა დიასამიძემ.

დისტანციური ჩართვის იდეას მხარი პროკურორმა არ დაუჭირა.

„ვისმენთ, რომ ისინი საპატიო მიზეზის გამო ვერ ესწრებიან სხდომას. სამედიცინო კლინიკებში ბრალდებულების ვიზიტი მუდმივად სასამართლო სხდომის თარიღს ემთხვევა,”- თქვა პროკურორმა დავით ხარძეიშვილმა. მას დღევანდელ სხდომაზე არ დაუყენებია შუამდგომლობა აღკვეთი ღონისძიების შეცვლაზე. ბრალდებულები გირაოს საფუძველზე არიან გათავისუფლებული.

„რიგი ტექნიკური საკითხებია გასარკვევი. მომდევნო სხდომაზე მიიღებს ამის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებას,”- განაცხადა მოსამართლემ სხდომას დასრულებამდე.

რა ეტაპზეა და რატომ არ დასრულდა არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე დაწყებული გამოძიება? – ვკითხეთ პროკურორ დავით ხარძეიშვილს პროცესის შემდეგ.

„მიმდინარეობს გამოძიება… დანარჩენ კითხვებზე მიმართეთ პრესსამსახურს,”- გვიპასუხა პროკურორმა.

https://batumelebi.netgazeti.ge/news/55681/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: