რატომ აპატია პირგასამტეხლო აჭარის მთავრობამ კერძო კომპანიას

ბათუმის საკრებულოსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, მირდატ ქამადაძის განცხადებით, აჭარის მთავრობასა და კომპანია „ეიბიეს ფრივილიჯ ქლაბ რიზორთს“ შორის, კორუფციული გარიგება იკვეთება. კომპანია ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას გეგმავს.

„აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას სამშენებლო ნებართვა 2017 წლის 19 დეკემბრამდე უნდა მიეღო, თუმცა ვერ მიიღო. ამის მიუხედავად, ის სამშენებლო სამუშაოებს დღემდე აწარმოებს. გარდა იმისა, რომ კომპანია უკანონო მშენებლობას ეწევა, მას აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის ბრძანებით, ჩამოაწერეს ხელშეკრულების დარღვევის პირგასამტეხლოც.

ეს კომპანია არის „ქართული ოცნების“ ოფიციალური შემომწირველი 2016-2017 წლებში. ამიტომ კორუფციად მივიჩნევთ იმას, რომ ნებართვის არქონის მიუხედავად კომპანია მშენებლობას მაინც აწარმოებს. პირგასამტეხლო აპატიეს, სამშენებლო ნებართვის მიღების ვადები გადმოუწიეს,“ – ამბობს მირდატ ქამადაძე.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და სახელშეკრულებო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის, გელა ცინცაძის განმარტებით, აჭარის მთავრობას სამართლებრივი უფლება აქვს, პირგასამტეხლო ჩამოაწეროს ყველა იმ ინვესტორს, რომელიც რეალურად ახორციელებს ინვესტიციას.

„ფაქტობრივად, ყველა ინვესტორი თავისუფლდება პირგასამტეხლოსგან, ვისაც რეალურად აქვს შესაძლებლობა შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და ყველა ასეთი კომპანიის მიმართ არის გამოყენებული მსგავსი ღონისძიება“, – გვეუბნება გელა ცინცაძე.

რაც შეეხება ნებართვის გარეშე მუშაობას, გელა ცინცაძე ამბობს, რომ არსებობს გარკვეული ტიპის სამუშაოები, რომელთა შესრულებასაც სამშენებლო ნებართვა არ სჭირდება: „თუმცა ამის კონტროლი თვითმმართველობის კომპეტენციაა“.

კომპანიას პირგასამტეხლოს სახით დაახლოებით 30 ათასამდე აშშ დოლარი უნდა გადაეხადა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და კომპანია „ალიანსი ფრივილიჯის“ შორის შეთანხმების აქტი მიმდინარე წლის 22 თებერვალს გაფორმდა. ამ შეთანხმებით მშენებლობის ნებართვა კომპანიამ 2018 წლის ივნისამდე უნდა მიიღოს.


საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, აღნიშნულ ტერიტორია [შოთა რუსთაველის N42 / ნინოშვილის N 39] კომპანია „ალიანსი ფრივილიჯის“ საკუთრებაშია. ამ ტერიტორიაზე კომპანია „ეიბიეს ფრივილიჯ ქლაბ რიზორთს“ 100-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობასა და 50-მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავდა. ამ კომპანიის დამფუძნებელი და 100% წილის მესაკუთრე იყო აკაკი სონგულია.

მოგვიანებით კომპანიის საფირმო სახელწოდებაც შეიცვალა ახლით – „ალიანსი ფრივილიჯით“. რეესტრის ბოლო ამონაწერის მიხედვით, ამ კომპანიაში აკაკი სონგულია უკვე წილის 13%-ს ფლობს. ის ამ კომპანიის დირექტორიცაა. კომპანიის დანარჩენ წილებს ფლობენ: თემურ ბიწაძე, ავთანდილ გორგილაძე და ბესიკ ჟღენტი.

ტერიტორია ბათუმში სადაც კომპანიამ „ალიანსი ფრივილიჯი“ ახალი კომპლექსი უნდა ააშენოს / 01.03.2017 / მანანა ქველიაშვილის ფოტო

მთავარი ფოტო: კომპლექსის მაკეტი, რომელიც „ალიანს ჯგუფმა“ გაავრცელა
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com