ქედის ა(ა)იპ-ებში ხელფასი 30-50 პროცენტით გაიზრდება

ქედის მერის მოადგილის, როლანდ ბერიძის ინფორმაციით, ქედის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებულ ა(ა)იპ-ებში დასაქმებული თანამშრომლები გაზრდილ ხელფასს მაქსიმუმ მაისის თვეში აიღებენ, ხელფასი კი 30 ან 50 პროცენტით მოიმატებს.

„აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით, მაქსიმალური გათვლებით, ა(ა)იპ-ების თანამშრომლები გაზრდილ ხელფასს მაისიდან აიღებენ, თუმცა არ გამოვრიცხავ ხელფასის ზრდა მანამდეც მოხდეს.

ჩვენ ავიღეთ მაქსიმალური და მინიმალური ნიშნული, ხელფასები მაქსიმუმ 50% – ით,  მინიმუმ კი 30%-ით გაიზრდება. მთლიანობაში საუბარია დაახლოებით 300-350 თანამშრომლის ხელფასის ზრდაზე.

იმ შემთხვევაში, თუ ხელფასი 50%-ით გაიზრდება, წლის განმავლობაში 600 000-მდე ლარი იქნება საჭირო, ამ დროისთვის საჭირო თანხის მოძიებაზე ვმუშაობთ. ხელფასის ზრდასთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია როგორც მთავრობასთან, ასევე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან.

ვცდილობთ, ქედაში ა(ა)იპ-ების თანამშრომლებს არ ჰქონდეთ განცდა, რომ სხვა მუნიციპალიტეტში დასაქმებულებს უფრო მაღალი ხელფასი აქვთ, ვიდრე ქედაში,“ – ამბობს როლანდ ბერიძე.

როლანდ ბერიძის ინფორმაციით, ხელფასი ყველა ა(ა)იპ-ში გაიზრდება.

ქედაში სულ ხუთი ა(ა)იპი და ხუთი შპს -ეა.

რაც შეეხება ხელფასების ზრდას შპს-ებში, როლანდ ბერიძე აღნიშნავს: „გამომდინარე იქედან, რომ შპს-ებში დასაქმებულ თანანშრომლებს მთის კანონი შეეხოთ და მათ საშემოსავლო არ ექვითებათ, ა(ა)იპ-ების თანამშრომლებისგან განსხვავებით მათი ხელფასი შედარებით მაღალია, ამიტომაც პირველ ეტაპზე ა(ა)იპ-ებში მოხდება ხელფასის ზრდა”.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი