მთავარი,სიახლეები

ბათუმში „სვეტის ოლიმპიური ქალაქის“ პროექტი შესაძლოა აღარ განხორციელდეს

11.03.2018 • 7925
ბათუმში „სვეტის ოლიმპიური ქალაქის“ პროექტი შესაძლოა აღარ განხორციელდეს

თამარის დასახლებაში, ზღვის სანაპიროსთან „ოლიმპიური ქალაქის“ მშენებლობა „სვეტი ჯგუფმა“ 2016 წელს დააანონსა. კომპანია აქ ბინებს მშენებლობის დაწყებამდე ყიდდა. „ბათუმელებმა“ ახლახან გაარკვია, რომ ტერიტორიის უმეტესი ნაწილი, სადაც პროექტი უნდა განხორციელებულიყო, დღეს „სვეტი ჯგუფს“ აღარ ეკუთვნის.

პროექტის პრეზენტაციის შემდეგ [პრეზენტაციას ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ] „სვეტი ჯგუფი“ აცხადებდა, რომ სპეციალური შეთავაზება აქვს ემიგრანტებისთვის – 10-წლიანი შიდა უპროცენტო განვადების გამოცხადება… რითაც შექმნა „ხელსაყრელი გარემო ქართველი ემიგრანტებისათვის, უძრავი ქონებების შეძენისა და საკუთარ სახლებში მათი დაბრუნების დაჩქარებისთვის“. კომპანიის საიტზე ეს ინფორმაცია დღესაც იძებნება.

დამტკიცებული პროექტის მიხედვით კი, „სვეტი ჯგუფს“ აქ ელიტარული ტიპის  ხუთი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა ჰქონდა დაგეგმილი. მათგან მხოლოდ ერთ-ერთი – 26-სართულიანი კორპუსის მშენებლობაა დაწყებული. ამ კორპუსში საცხოვრებლის შეძენის მიზნით მოქალაქეები, მათ შორის ემიგრანტები, კომპანიას თანხას ურიცხავდნენ. ბინები მომავალ მესაკუთრეებს 2018 წლის თებერვალში უნდა გადასცემოდათ. თუმცა ამ დროისთვის აქ მხოლოდ 7 სართულია აშენებული – მშენებლობა შეჩერებულია.

ბათუმში, თამარის დასახლებაში მდებარე ჭადრაკის სასახლე „კაისა“ და მიმდებარე ტერიტორია, დაახლოებით 30 000 კვ/მ მიწის ნაკვეთი, სადაც „სვეტის ოლიმპიური ქალაქი“ უნდა გაშენებულიყო, „სვეტი ჯგუფს“ კომპანია „ჰესტოკ ბათუმმა“ 2016 წლის აპრილში მიჰყიდა. „ჰესტოკ ბათუმმა“ ქონება თანხის გადახდამდე იპოთეკით დატვირთა.

„ჰესტოკ ბათუმში“ გვითხრეს, რომ „სვეტი ჯგუფმა“ თანხა ვერ გადაიხადა, ამიტომ ქონების გარკვეული ნაწილი უკან დაიბრუნეს. რამდენადაც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ორ კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, სახელშეკრულებო თანხა 6 მილიონ 500 ათასი აშშ დოლარი იყო, „სვეტი ჯგუფმა“ კი აქედან მხოლოდ 1,5 მილიონი დოლარი გადაიხადა.

„გადახდის პირობა ვერ შეასრულა და ხელშეკრულების მიხედვით დავიბრუნეთ ის მიწის ნაკვეთი, რაც ჩვენ გვეკუთვნოდა. ამიტომ, ამ ტერიტორიაზე ვერაფერს ააშენებენ. ის ტერიტორია კი, სადაც მშენებარე კორპუსი დგას, ჩვენი არ არის, „სვეტის“ საკუთრებაშია. თუმცა არის ერთი პრობლემა, შენობის პატარა ნაწილი დგას ჩვენი მიწის ნაკვეთზე და, ალბათ, მოუწევთ ამ ტერიტორიის ყიდვაც“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში „ჰესტოკ ბათუმის“ დირექტორმა, გიორგი აბაშიძემ.

საჯარო რეესტრის მიხედვით, ამ დროისთვის „სვეტი ჯგუფი“ აღნიშნულ ტერიტორიაზე არა 30 000 კვ/მ-მდე, არამედ, მხოლოდ 5 003 კვ/მ მიწის ნაკვეთს ფლობს, რომელზედაც მშენებარე კორპუსი დგას. ეს ნაკვეთი ქობულეთი-ბათუმის ავტომაგისტრალსა და მდინარე ყოროლისწყალს ესაზღვრება და ზღვაზე [უშუალოდ პლაჟზე] გასასვლელი არ აქვს.

დაახლოებით 2 წლის წინ „სვეტი ჯგუფში“ აცხადებდნენ, რომ „3 ჰექტარზე გაშენებულ მრავალფუნქციურ კვარტალს ექნება საკუთარი სანაპირო ზოლი, იახტკლუბი, საცურაო აუზი და გამწვანებული ბულვარი. ასევე ზღვაში, პირსზე განთავსებული გასართობი ობიექტები“.

სვეტის ოლიმპიური ქალაქის ესკიზი

ოლიმპიური ქალაქის ესკიზი

ადამიანები, რომლებმაც მშენებარე „ოლიმპიურ ქალაქში“ ბინების შესყიდვაზე კომპანიასთან ხელშეკრულებები გააფორმეს, ზოგი აუქმებს ხელშეკრულებას, ზოგი კი ანახლებს ახალი პირობებით. ამის შესახებ ისინი სოციალურ ქსელში წერენ. მათივე ინფორმაციით, კომპანიაში უთხრეს, რომ „ცვლილებები შედის პროექტში“; „თანხის გადახდას გააგრძელებენ სამუშაოების განახლების შემდეგ“; „ერთ-ერთი ბლოკის ჩაბარების ვადა გადაიწევს 2018 წლის დეკემბრამდე [თებერვლის ნაცვლად]“; „ხოლო იმათ, ვინც გააუქმებს ხელშეკრულებას, გადახდილი თანხა აუნაზღაურდება 100%-ით, 6 თვის განმავლობაში“.

„სვეტი ჯგუფის“ ოფისებში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ პროექტში შედის ცვლილებები და გაყიდვები გრძელდება, თუმცა დეტალური ინფორმაცია მათ არ აქვთ. კომპანიის თანამშრომლები დაგვპირდნენ, რომ „კომპეტენტურ პირს“ დაგვაკავშირებდნენ, ვინც პროექტის განხორციელებაზეა პასუხისმგებელი, მაგრამ ეს ამ დრომდე ვერ მოხერხდა. კომპანიის ერთ-ერთ დირექტორს, თორნიკე ჯანელიძეს კი, ტელეფონი რამდენიმე დღეა გამორთული აქვს.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, „სვეტი ჯგუფს“ პროექტში ცვლილებების შეტანაზე მათთვის არ მიუმართავს.

„სვეტი ჯგუფი“ „კაისას“ შენობის გადაკეთებასაც აპირებდა, სადაც საერთაშორისო დონის ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობა იქნებოდა და ეს მიბმული იქნებოდა „ოლიმპიურ ქალაქთან“.

„კაისას“ შენობის [სამომავლოდ კი ოლიმპიური ბაზის] საქართველოს ოლიმპიური კომიტეტისთვის [სეოკ] გადაცემაზე განცხადება თორნიკე ჯანელიძემ  2016 წელს გააკეთა.

სეოკ-ის პრესსამსახურში მაშინ ბათუმელებს უთხრეს, რომ „სვეტი“ მათი ერთ-ერთი გენერალური სპონსორი იყო, რომელიც „სვეტის ოლიმპიურ ქალაქში“ ოლიმპიადის ლიცენზიანტებს აჭარიდან გადასცემს ბინებს. ბინები გადაეცემა ასევე მას, ვინც რიოს საზაფხულო ოლიმპიადაზე ჩემპიონი გახდება საქართველოს ნაკრებიდან. ეს არის „სვეტის“ კეთილი ნება და მომავლის პერსპექტივა, რაზეც მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. ბაზაც გადმოგვეცემა… თუმცა ამ ეტაპზე ჩვენს სარგებლობაში მაქ არაფერი არ არის“.

თორნიკე ჯანელიძე მაშინ აცხადებდა, რომ კომპლექსის მშენებლობა 2020-2021 წლებში მთლიანად დასრულდებოდა.

სვეტის ოლიმპიური ქალაქი შენდება თბილისშიც, კომპანია ახორციელებს სხვა პროექტებსაც. თუმცა, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციებით, კომპანიას სხვა ობიექტებზეც აქვს პრობლემები.

ბათუმის ჭადრაკის სასახლე [„კაისა“] და მიმდებარე ტერიტორია – 30 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, თავის დროზე სასტუმრო „ჰილტონისა“ და ბათუმის საბაგირო გზის მფლობელ კერძო კომპანიას – „ჰესტოკ ბათუმს“ გარკვეული პირობებით გადაეცა. ერთ-ერთი პირობა საქართველოს საპატრიარქოსთვის 1 მილიონი დოლარის გადარიცხვა იყო.

„სვეტი ჯგუფის“ მშენებარე კორპუსი ბათუმში, სადაც სამუშაოები არ მიმდინარეობს / 10.03.2018 / როინ გუნდაძის ფოტოები

„სვეტი ჯგუფის“ მშენებარე კორპუსი ბათუმში / 10.03.2018 /

„კაისა“ [მარცხნივ], ტერიტორია, რომელიც „ჰესტოკ ბათუმმა“ უკან დაიბრუნა / 10.03.2018

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/weekly1/48912/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: