მთავარი,სიახლეები

კამელიების გამოფენა ბათუმში

09.03.2018 • 4420
კამელიების გამოფენა ბათუმში

11 მარტს, 14:00 საათზე, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში კამელიების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. ბოტანიკური ბაღის პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება იაპონური კამელიის 80-მდე ჯიში და 30-მდე ჰიბრიდული ფორმა.

ღონისძიებას ბაღის ადმინისტრაცია ცნობადობის გაზრდის მიზნით მართავს: „ბაღის კოლექციაში არსებული გვარ კამელიის  ჯიშებისა და ფორმების გავრცელება მოსახლეობასა და დასახლებული პუნქტების გამწვანებაში.“

გამოფენაზე მoწვეულები  არიან კამელიაზე მომუშავე სპეციალისტები, მათ შორის უცხოელი სპეციალისტები, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები…  გამოფენაზე დასწრება უფასოა.

კამელია ჩაისებრთა ოჯახის წარმომადგენელი მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარეა, რომელიც ოთხმოცზე მეტ სახეობას აერთიანებს და ძირითადად, აზიის ტროპიკებსა და სუბტროპიკებში, ინდოჩინეთის ნახევარკუნძულებზე, კორეაში, იაპონიაში, ინდონეზიასა და ფილიპინებშია გავრცელებული.

ბოტანიკური ბაღის პრესსამსახურის ფოტო

ბოტანიკური ბაღის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, მცენარეთა კოლექციებს შორის Camellia L. სახეობებს და ჯიშებს , რომლებიც ბაღის ტერიტორიაზე სამხრეთ ევროპიდან მე-19 საუკუნის 80-იანი წლებიდანაა ინტროდუცირებული ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.

ბაღის მთელ ტერიტორიაზე კამელიები იზრდება როგორც ფლორისტულ განყოფილებებში, ზედა, ქვედა და ზღვისპირა პარკებში, ასევე ხნოვანი, გამორჩეული ფორმები გვხვდება ეგზოტურ მცენარეთა საკოლექციო ნაკვეთზეც.

ბაღის ტერიტორიაზე კამელიის 2 სახეობა: იაპონური კამელია (Camellia japonica L.), მთის კამელია (Camellia sasanqua Thunb.) და იაპონური კამელიის 54 ჯიში, ბაღის დაარსებამდე იყო ინტროდუცირებული.

ამჟამად ბათუმის ბოტანიკურ ბაღში კამელიის გვარი წარმოდგენილია 4 სახეობით: იაპონური კამელია (Camellia japonica L.), მთის კამელია (Camellia sasanqua Thunb.), ზეთის კამელია (Camellia oleifera Abel.), ბადისებური კამელია (Camellia reticulata Lindl.). ყველაზე მდიდარი ასორტიმენტით წარმოდგენილია იაპონური კამელია (78 ჯიში). მათგან მაღალი დეკორატიულობით გამოირჩევა იაპონური კამელიის შემდეგი ჯიშები: ‘Alba plene’, ‘Elegans’, ‘Mathotiana Alba’, ‘Haku –Ho’, ‘Contessa Nencini’, ‘Frau Minna Seidel’, ‘Virgine di colle Beato’, ‘Pelagia’ და სხვ.

ბაღის მცენარეთა კოლექციაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია აგრეთვე მთის კამელიას (Camellia sasanqua), რომელიც ბაღში წარმოდგენილია 18 ჯიშით, ამათგან მაღალი დეკორატიულობით გამოირჩევა: ‘Asa-qasumi’,‘Gyobi- goromo’, ‘Lavender pink’, ‘Negishi-ko’, ‘Rosea’, ‘Versicolor’, ‘White Queen’ და სხვა.

კამელიები ყვავილის განსაკუთრებული სილამაზის, ფორმის, ყვავილობის ხანგrძლივობისა და ყვავილობის პერიოდის მიხედვით ერთ-ერთი გამორჩეული და უნიკალურია. კამელიის ცალკეული წარმომადგენელი ყვავილობას იწყებს სექტემბერში და გრძელდება მაისის ბოლომდე, ერთეული ყვავილები ივნისშიც შეინიშნება. კამელიის ჯიშები ბათუმის ბოტანიკური ბაღის პირობებში ყვავილობენ უხვად, ყოველწლიურად, ივითარებენ თესლს და იძლევიან თვითნათესებს.

ბოტანიკურ ბაღში წლების მანძილზე მიმდინარეობდა მუშაობა კამელიების სელექციაზე. 1961 წლიდან ბაღში გამოყვანილია მრავალი მაღალდეკორატიული ჰიბრიდული ფორმა, რომელთაგან დღეისათვის გამორჩეულია ოცამდე ჯიში.

2015 წლიდან ბათუმის ბოტანიკურ ბაღში იაპონური კამელიის ჯიშების პოპულარიზაციისა და დაინტერესებული პირებისათვის იმართება კამელიების გამოფენა. განსაკუთრებული საგამოფენო ექსპოზიცია, რომელიც წარმოდგენილია 67 ჯიშით, მნახველების მოწონებას იმსახურებს. ბათუმის ბოტანიკური ბაღი, როგორც კამელიების უძველესი და მრავალფეროვანი კოლექციების მფლობელი, 2016 წლიდან გაწევრიანებულია კამელიების საერთაშორისო ორგანიზაციაში (ICS).

ბოტანიკური ბაღის პრესსამსახურის ფოტო

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: