მთავარი,სიახლეები

ვიდეოდაჯარიმებას შიდა სატრანზიტო ნომრებით მოძრავი ავტომობილებიც დაექვემდებარა

08.03.2018 • 4591
ვიდეოდაჯარიმებას შიდა სატრანზიტო ნომრებით მოძრავი ავტომობილებიც დაექვემდებარა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფოტო-ვიდეოჯარიმების საჯაროდ გამოქვეყნება ერთი კვირაა რაც დაიწყო და ამ დროისთვის უკვე 10 ათასამდე ჯარიმაა გამოქვეყნებული. შსს-ს ინფორმაციით, ფოტო-ვიდეოდაჯარიმების სისტემას შიდა ტრანზიტული სანომრე ნიშნებით მოძრავი ავტომობილებიც დაექვემდებარა და მოძრაობის წესების დარღვევის შემთხვევაში ამ ავტომობილების მფლობელებიც ჯარიმდებიან.

მოძრაობის წესების დარღვევისთვის ვიდეოჯარიმის დროს ჯარიმდება ის, ვის საკუთრებაშიცაა ავტომობილი. ანუ ჯარიმდება და შესაბამისად, ჯარიმის ქვითარი ეგზავნება მესაკუთრეს და არა იმ მძღოლს, რომელსაც მინდობილობა აქვს ან მართავს სხვის ავტომობილს.

შსს საჯარიმო ქვითარს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე [police.ge] საჯაროდ ამ ქვითრის ფოსტის მეშვეობით ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში გამოაქვეყნებს.

police.ge-ზე გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს ქვითარი დაჯარიმებული პირისთვის ჩაბარებულად ითვლება, რის შემდეგაც მას აქვს კიდევ 30 დღე, რომ გადაიხადოს ჯარიმა.

ჯარიმის 10 კალენდარული დღის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში კი პირი სარგებლობს 20%-იანი შეღავათით.

შსს-ს ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რამდენიმე ათასი ე.წ. ჭკვიანი კამერაა დამონტაჟებული; ვიდეოანალიტიკური პროგრამებით კი სხვადასხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევები ავტომატურ რეჟიმში ფიქსირდება.

დამრღვევი მძღოლი შემდეგ ფაქტებზე დაჯარიმდება:

• შუქნიშნის წითელ ფერზე გავლა;
• ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთა;
• სიჩქარის გადაჭარბება;
• მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილება;
• მუნიციპალური ტრანსპორტის ზოლში მოძრაობა.

ფოტო ან ვიდეოფირზე დაფიქსირებულ ჯარიმებზე ქულათა კლების სისტემა არ ვრცელდება.

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/120611/

მთავარი ფოტო: ერთობლივი ოპერაციების ცენტრი / სქრინი: შსს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: