მთავარი,სიახლეები

ერთი დღე ჭიათურულად: ხალხისა და ქალაქის შესახებ

08.03.2018 • 2717
ერთი დღე ჭიათურულად: ხალხისა და ქალაქის შესახებ

ავტორი: ესმა გუმბერიძე

აშშ-ში გაცვლითი პროგრამით ყოფნისას ჩემი მასპინძელი ამბობდა: „იმიტომ ვაფასებ ჩვენს ქვეყანას, ამერიკას, რომ თუ შრომობ, თუ ცდილობ, შეგიძლია უზრუნველყო კარგი ცხოვრება“. დიახ. მართლაც დიდი სიკეთეა, როცა მძიმე შრომის შედეგად, ჯილდოდ იღებ კარგად ცხოვრების შესაძლებლობას. თუმცა საქართველოს, ევროკავშირის ასოცირებული წევრის, არც ქვემოთ აღწერილ ქალაქზე მთლიანობაში და არც მის ცალკეულ მოსახლეთა დიდ უმრავლესობაზე ეს გამონათქვამი არ ვრცელდება.

სამოქალაქო აქტივიზმის კვლევის ცენტრის პროექტის ფარგლებში ამ დღეებში ვიმყოფებოდი ქ. ჭიათურაში, სადაც შევხვდით პროფკავშირებისა და გარემოსდაცვით და შრომით უფლებებზე მომუშავე აქტივისტებს, ასევე გამოვიკითხეთ ქალაქის მოსახლეობა. ქალაქი დაცლილია მოსახლეობისგან. ბევრი სახლია (მათ შორის მრავალსართულიანი) გაუკაცრიელებული და მიტოვებული, ფანჯრებჩამტვრეული. საცხოვრებელი ბინის საშუალო ფასი 3-5 ათასი ლარის ფარგლებში მერყეობს. ქუჩაში, ქალაქის ცენტრშიც კი, ნაკლებად შეხვდებით ფეხით მოსიარულეებს.

მდინარე, ჩემ ირგვლივ მყოფთა თქმით, იმდენად დაბინძურებულია, რომ შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. ტროტუარზე აქა-იქ ყრია ცარიელი პლასტმასის ბოთლები. მანგანუმის კარიერული მოპოვების წესის გამო მიწა უნაყოფო ხდება (აფეთქებებისა და მდინარეში ჩამდინარე ნარჩენების გამო), უვარგისია არამხოლოდ სასოფლო–სამეურნეოდ, არამედ ხეების გასახარადაც კი. მის აღდგენას მანგანუმმომპოვებელი კომპანია ჯორჯიან მანგანეზი არ უზრუნველყოფს.

ადგილობრივების თქმით, წლების წინ, ისინი ყვირილაზე თევზაობდნენ კიდეც, თუმცა ახლა ისეა დაბინძურებული, რომ თევზი აღარ ბინადრობს მდინარეში. ჭიათურის მიდამოებში გაზრდილ წიწილებზე თქვეს, მათი ჭამა ეგრევე არ მოგკლავს, თორემ დროთა განმავლობაში, ვინ იცის… ისინი ხომ მოწამლულ გარემოში იკვებებიან.

მოსახლეობის სიღარიბეს კარგად ასახავს ერთი აქტივისტის ნათქვამი – ხშირად ბაზარში დახლზე რამდენიმე ვაშლი ან ერთი წველა ყველი  უდევთ გასაყიდად. დიდია ამ ქალაქიდან საზღვარგარეთ ან საქართველოს მსხვილ ქალაქებში სამუშაოდ წასულ ადამიანთა რიცხვი.

თითქმის ვერც ერთ სახლში შესვლისას ვერ ვიგრძენი, რომ გათბობა ჰქონდეთ ჩართული. არადა, გათბობა–გაგრილების შესაძლებლობა ზამთარსა თუ ზაფხულში არის ცხოვრების ხარისხის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელი. სახლებისა და სავალი ტროტუარების მდგომარეობაც ძალიან დამაფიქრებელია. საბაგიროს მუშაობას, რომელიც ქალაქში არსებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთ–ერთი სახეობაა და რომლით მგზავრობა, ჯერჯერობით, უფასოა, მანგანუმის მომპოვებელი ერთადერთი კომპანია ჯორჯიან მანგანეზი უზრუნველყოფს და აფინანსებს. საბაგიროს ექსპლუატაციის ყველანაირი ვადა ამოწურული აქვს, თუმცა მისი რესტავრაცია მხოლოდ ახლა იგეგმება. ეს საბაგირო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი.

ადგილზე უფლებების კუთხით მომუშავე აქტივისტების თქმით, ჭიათურას ტურისტებიც სტუმრობენ ხანდახან: აინტერესებთ ქართული ინდუსტრიული ქალაქის ნახვა. აქ ევროკავშირის დაფინანსებით შენდება ახალი საბაგირო, რომლითაც მგზავრობა ფასიანი იქნება.

მოსახლეობასთან ურთიერთობისას აშკარად გამოჩნდა ჭიათურაში უიმედობის, იმედგაცრუების, ემოციური გადაღლა–გადაწვის/გამოფიტვისა და მიტოვებულობის განცდა. აგრესია ადამიანში ენერგიის არსებობის ერთგვარი ნიშანია, მაგრამ ისიც კი არ გვინახავს. ადამიანები ემოციის გარეშე გვიყვებოდნენ უიმედო და უპერსპექტივო ვითარებაზე. აქ ამბობდნენ, რომ მხოლოდ საკუთარი თავისა და შრომის იმედი უნდა ჰქონდეთ, რომ სახელმწიფო ხალხის ინტერესების დამცველ პოლიტიკას მაინც არასდროს ატარებდა და არც აწი აქვთ მოლოდინი, რომ გაატარებს.

ამბობენ, რომ არჩევნებში მათი მონაწილეობის შედეგად მათი ცხოვრების ხარისხი თუ არ უარესდება, არც უმჯობესდება და არც ქალაქზე აისახება დიდად. ამის მიუხედავად, ჩემს მიერ გამოკითხულთაგან თითქმის ყველამ [ერთის გარდა] თქვა, რომ არჩევნებზე ხმის მისაცემად რეგულარულად დადიან. ჩვენი მოქალაქეობრივი ვალიაო, რამდენიმესგან მოვისმინე. ყველა ამბობდა, რომ შეძლებულ ადამიანებს უფრო მეტი საშუალება აქვთ, აქტიურად ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესებში. ეს ხომ ბევრ დროსა და ენერგიას მოითხოვს, თუკი ადამიანს თავი და ოჯახი აქვს სარჩენი, ის იმ დროს ვერაფერზე ვერ დახარჯავს.

ნაწილი იმასაც ამბობდა, რომ რიგით მოქალაქეს არც უნდა აინტერესებდეს პოლიტიკა, რომ ეს იმათი საქმეა, ვინც პოლიტიკა თავის პროფესიად აირჩია. მუნიციპალიტეტის დონეზეც კი ვერ გრძნობენ, რომ შეუძლიათ რამე გავლენის მოხდენა.

გამოკითხულებმა ემოციურად გაიხსენეს  წლების წინ მომხდარი ერთადერთი მასობრივი გაფიცვა, სადაც მონაწილეობა მიიღეს – ეს საჩხერელი კანდიდატის ჭიათურაში არჩევას ეხებოდა. შიმშილობაც კი  გამოუცხადებიათ, ის თანამდებობიდან რომ გადამდგარიყო, თუმცა უშედეგოდ.

არჩევნებზე ხმის მიცემა რაღაც ინსტინქტი, მექანიკურად შენარჩუნებული ჩვევაა ან ვინ იცის, ძალაუფლებისა და გავლენის მქონე რომელიმე მხრიდან არჩევნებში მონაწილეობის იძულებისა და დაშინების შედეგი. ბევრს არც გაფიცვების, საპროტესტო აქციების, ჟურნალისტების ყურადღების თუ პოლიტიკოსებთან პირადი შეხვედრების, პეტიციების/ხელმოწერების შეგროვებისა თუ სასამართლოსადმი სარჩელით მიმართვის შედეგიანობისა სჯერა, მაგრამ თქვეს, რომ თუ დასჭირდებათ, მაინც მიმართავენ ამ ზომებს.

კითხვებს სულ ქალები პასუხობდნენ. იმ ორმა მამაკაცმა, რომლებიც შეგვხვდნენ, კარი გაგვიღეს ან გამოკითხვისას შემოიხედეს. უარი თქვეს საუბარზე. ჩემთვის მოულოდნელი იყო ისიც, რომ არც ერთ გამოკითხულს, ვისაც კარზე მივუკაკუნეთ, არაფერი უთქვამს ჩემი, გამომკითხველის უსინათლობაზე, არაფერი უკითხავს ამაზე. სხვათა შორის, ცენტრებში, რომ ვქადაგებთ, რომ ადამიანებს შეუძლიათ პოლიტიკაზე და მსხვილ ბიზნესზე გავლენის მოხდენა კონკრეტული საქონლისა და მომსახურების ბოიკოტირებით, მისი რომელიმე კომპანიისგან შესყიდვის უარყოფით, შევატყვე, რომ გამოკითხულებს ეს იდეა ძალიან გაუკვირდათ. არცკი უფიქრიათ, რომ რომელიმე კომპანიის მიერ მოწოდებული პროდუქტის შეძენაზე უარის თქმით შეუძლიათ მის გადაწყვეტილებაზე ზეგავლენა.

საინტერესო იყო შემდეგი წინააღმდეგობა გამოკითხულთა პასუხებში: ერთი მხრივ, თითქმის ყველა ამბობდა, რომ დღევანდელი ეკონომიკური პრობლემების თმენა სამომავლოდ კეთილდღეობის გასაზრდელად აღარ შეიძლება და როდემდე უნდა ვითმინოთ. მაგრამ ამავდროულად ამბობდნენ, რომ საგადასახადო შეღავათების დაწესება ბიზნესისთვის დადებითად აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე. თუმცა როდესაც იმავეს ვეკითხებოდით შრომითი უსაფრთხოების ნორმების დარღვევებისადმი სახელმწიფოს მიერ თვალის დახუჭვაზე (რამდენად დადებითად აისახება ბიზნესისთვის გაწეული ასეთი შეღავათი მოსახლეობის საერთო კეთილდღეობაზე) ისინი ამას არ ეთანხმებოდნენ.

ძალიან დასაფიქრებელია. იქნებ, მართლაც არ არის აუცილებელი, რომ გადასახადები გავზარდოთ კატასტროფულად, არამედ დავაწესოთ ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოებისა და სხვა სტანდარტები და ამით უზრუნველვყოთ დასაქმებულთა და მომხმარებელთა  უფლებები.

სამწუხაროდ, აქ თითქმის ყველა ნოსტალგიით იხსენებს საბჭოთა პერიოდს, იმდროინდელ ფინანსურ სტაბილურობას.

ავტორის შესახებ: 

„ბათუმელები“ იწყებს სტატიების ციკლის გამოაქვეყნებას ერთი დღე ჭიათურულად. სტატიის ავტორი ესმა გუმბერიძე.

ესმა გუმბერიძე არის 23 წლის, აქტივისტი, პლატფორმა „ახალი შესაძლებლობებისთვის“ თანადამფუძნებელი და სახალხო დამცველთან არსებული გაეროს 2006 წლის შშმ პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საბჭოს მოწვეული წევრი.

ესმა გუმბერიძემ დაამთავრა უსინათლოთა სკოლა, ფლექსის პროგრამით ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლობდა ერთი წლის განმავლობაში. შემდეგ განათლების მიღება გააგრძელა თავისუფალ უნივერსიტეტსა და თსუ-ში.

ესმა გუმბარიძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: