ისტორიული სახლის ნაცვლად 14-სართულიანი კორპუსი – ზონალური საბჭო თანახმაა

ბათუმში, ფარნავაზ მეფისა და ჰაიდარ აბაშიძის ქუჩების გადაკვეთაში, კომპანია „გლობალ +“ 14-სართულიანი სახლის მშენებლობას გეგმავს. ამ ადგილზე იტალიური დასახლებაა, სადაც სამი მესაკუთრე ცხოვრობს, მათ შორის ერთს ჰაიდარ აბაშიძის ქუჩის მხარეს სამსართულიანი სახლი აუშენებია.

ინვესტორი თავის მიმართვაში, რომლითაც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიმართავს, წერს, რომ ამ ეზოში სახლების უმეტესობა ამორტიზებულია და  ბარაკული ტიპის საცხოვრებელს განეკუთვნება. თუმცა იმ ფოტოებზეც კი, რომლებიც მშენებელმა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიაწოდა, კაპიტალურად ნაშენი სამსართულიანი სახლიც კარგად ჩანს.

სააგენტოსთვის მიწოდებული რენდერებიდან. მასალები სააგენტოდან „ბათუმელებმა“ გამოითხოვა.

ერთ-ერთი სახლი, რომელზეც მშენებელი წერს, რომ ამორტიზებულია.

მშენებელი თავის მიმართვაში წერს ასევე, რომ ფარნავაზ მეფის #116-ში იტალიური დასახლების ათვისების სანაცვლოდ თანამედროვე არქიტექტურის მქონე სახლის აშენებას გეგმავს „ჰაიტექნიკური პოსტმოდერნისტული ელემენტებით“, სახლის მეორე სართულზე კი 13-ნომრიანი სასტუმროს განთავსებას აპირებენ.

ფარნავაზ მეფის #116-ში ერთსართულიანი, კრამიტით გადახურული ისტორიული ბელეტაჟი მდებარეობს.

ფარნავაზ მეფის #116

ამ სახლის უკან კი, შიდა, გამწვანებულ ეზოში, კიდევ არის ერთი, ერთსართულიანი ბელეტაჟი.

არც ერთი სახლი აქ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ არის, თუმცა ძეგლების დაცვის ზონაშია, ამიტომაც მშენებელმა პროექტის შესათანხმებლად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიმართა. მშენებელმა პროექტის სიმაღლე თავის განაცხადში ასე დაასაბუთა:

„ … საპროექტო ნაკვეთს აბაშიძის ქუჩის  მხრიდან ესაზღვრება 13-სართულიანი საცხოვრებელი სახლი, ხოლო ფარნავაზ მეფისა და ხიმშიაშვილის ქუჩების გადაკვეთაში ასევე შენდება 13-სართულიანი საცხოვრებელი სახლი, მის მოპირდაპირედ კი „მარდი თაუერი“ 15-სართულიან სახლს აშენებს. მის გაგრძელებაზე კი, ასევე გაცემულია 13-სართულიანი სახლის მშენებლობის ნებართვა“  [ეს პროექტები ერთი ქუჩის ერთ კვარტალში].

ე.წ. რენდერი

სააგენტომ პროექტის შეთანხმებაზე იმსჯელა და დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. ფარნავაზ მეფის ქუჩაზე კულტურული მემკვიდრეობის 15 ძეგლია.

ფარნავაზ მეფის #116-ში მცხოვრებლები მშენებელს ელოდებიან. თუმცა არ აქვთ ინფორმაცია იმაზე, რომ მშენებელმა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს შესაბამისი სამშენებლო პროექტით უკვე მიმართა და თანხმობაც მიიღო. ახლა სამშენებლო ნებართვის გაცემაზე ბათუმის მერიაში უნდა იმსჯელონ.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი