მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

2 მილიონი ევრო ხულოს – ევროკავშირის გრანტი  

08.03.2018 • 3693
2 მილიონი ევრო ხულოს – ევროკავშირის გრანტი  

სოფლად სიღარიბის შესამცირებლად სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ხულოს მუნიციპალიტეტი ევროკავშირისგან დაახლოებით ორ მილიონ ევროს ოთხი წლის განმავლობაში მიიღებს. ENPARD-ის მეორე ფაზის ფარგლებში, ევროკავშირის მიერ ხულოს მუნიციპალიტეტში დაფინანსებულ პროექტს – „ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება, სოფლის განვითარება ხულოში“, არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი“ (CCRG) განახორციელებს.

ორგანიზაციის პროექტის მენეჯერი, გიორგი მურვანიძე განმარტავს, რომ პროექტი ორ კომპონენტიანია და გრანტები პროექტის ბოლო ეტაპზე გაიცემა. თუ რა სახის პროექტები დაფინანსდება ხულოში, ამაზე აქტიურ მოქალაქეთა მმართველმა საბჭომ უნდა იმსჯელოს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი დამოუკიდებელი ექსპერტები მიიღებენ. გიორგი მურვანიძის ინფორმაციით, ისინი კონკურსის წესით შეირჩევიან.

„პროექტის პირველი კომპონენტი ხულოს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შემუშავებას, ხოლო მორე – საგრანტო კომპონენტს გულისხმობს. პროექტი ოფიციალურად 2017 წლის პირველ მაისს დაიწყო და 46 თვეს მოიცავს. პროექტის ფარგლებში აქტიურ მოქალაქეთა გაერთიანების ე.წ. „ლაგის“ ფორმირება დავასრულეთ – აქტიურ მოქალაქეთა გაერთიანებაში სულ 112 ადგილობრივი დარეგისტრირდა, რომელმაც ფარული კენჭისყრით, მმართველთა საბჭოს 15 წევრი აირჩია. საბჭოს თავმჯდომარე როდამ შავაძეა“, – ამბობს გიორგი მურვანიძე.

მას შემდეგ, რაც გრანტების გაცემა დაიწყება, ხულოში მცხოვრებ მოსახლეობას ან იმ მოქალაქეს, რომელსაც სურს ხულოში ბიზნესი დააფუძნოს, დაფინანსების მისაღებად მმართველთა საბჭოს პროექტი უნდა წარუდგინოს. იმ შემთხვევაში, თუ მმართველთა საბჭო და დამოუკიდებელი ექსპერტები პროექტს მოიწონებენ, პროექტი დაფინანსდება. ამ ეტაპზე დაზუსტებული არ არის, ძირითადად, რა სახის პროექტები დაფინანსდება და რა თანხით. გიორგი მურვანიძე განმარტავს, რომ გრანტები იმ პრიორიტეტების მიხედვით გაიცემა, რომელიც მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიაში იქნება ასახული. სტრატეგიის შედგენასა და დამუშავებაზე მმართველთა საბჭო ახლა მუშაობს.

„ახლა ხულოს განვითარების სტრატეგიაზე ვმუშაობთ. რაც შეეხება საგრანტო კომპონენტს, ზაფხულში ვაპირებთ ამ კომპონენტის ამოქმედებას, გამოცხადდება გრანტების კონკურსი და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით გრანტების გაცემა დაიწყება. პირველ ეტაპზე ბიზნესიდეების კონკურსი ჩატარდება, მეორე ეტაპზე მოწონებული იდეების ავტორებს მოვამზადებთ, რომ პროექტი დაწერონ, საბოლოოდ, დაფინანსების მისაღებად შემოსული პროექტები შეფასდება, შერჩევის პროცესში მონაწილეობას მიიღებენ ლაგის წევრები, მმართველი გუნდი. დაფინანსდება თუ არა პროექტი, საბოლოო გადაწყვეტილებას ექსპერტები გადაწყვეტენ“.

გიორგი მურვანიძის თქმით, ამ დროისთვის მოსახლეობის დაინტერესება დიდია, დაფინანსების მოსაპოვებლად კი მათ ოფისს მოქალაქეები ყოველდღე მიმართავენ.

გიორგი მურვანიძე: „დაახლოებით 800-მდე მოქალაქემ უკვე მოგვმართა ოფისში, მოსახლეობა პროექტთან დაკავშირებით ინფორმირებულია. რაც შეეხება პროექტის ღირებულებას, ორი მილიონი ევრო პროექტის მთლიანი ღირებულებაა. ამ თანხით ფინანსდება როგორც ლაგის ფორმირება, ასევე ლაგის წევრების გადამზადება. რაც შეეხება ლაგის წევრებს, მმართველთა საბჭოს, მათთვის ანაზღაურება პროგრამულად გაწერილი არ არის“.

იმავე ოდენობის გრანტი ევროკავშირმა ქედის მუნიციპალიტეტსაც გამოუყო.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: