კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

ახალი სამშენებლო პროექტი ბათუმის ბულვარში

07.03.2018 • 3242
ახალი სამშენებლო პროექტი ბათუმის ბულვარში

კომპანია „ამბასადორ-ბათუმი“კულტურული მემკვიდრეობის ძეგლში, ბათუმის ბულვარში, ყოფილი პოლიკლინიკის ადგილზე ბალნეოლოგიურ ცენტრს აშენებს. შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ აქვს, თუმცა ძეგლის ტერიტორიაზე მდებარეობს, ამიტომაც მასზე დაშენების ნებართვის მისაღებად ინვესტორმა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიმართა და თანხმობაც მიიღო. პროექტი ერთსართულიან შენობაზე კიდევ ერთი სართულის დამატებას  ითვალისწინებს.

ამბასადორ ბათუმი“ რუსეთის მოქალაქეს, ალექსანდრე ფრიდს ეკუთვნის, მას საქართველოს მოქალაქეობაც აქვს. კომპანია საქართველოში 2017 წლის 12 სექტემბერსაა დაფუძნებული.

აჭარის ფინანსთა და ეკონიმიკის სამინისტროში ამბობენ, რომ კომპანიას აჭარის მთავრობასთან რაიმე სახის ვალდებულება არ აუღია.

საჯარო რეესტრის მონაცემებით,  ყოფილი პოლიკლინიკის შენობა 2009 წლამდე სააქციო საზოგადოება „ბათუმის საკურორტო პოლიკლინიკას“ ეკუთვნოდა.

ბულვარში მდებარე „ბათუმის საკურორტო პოლიკლინიკა“, ანუ პროფკავშირების ქონება, საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2009 წელს გაყიდა. მყიდველი იყო რუსეთის მოქალაქე, 19 წლის ვიოლეტა ბეჭვაია. „ბათუმელების“ ინფორმაციით კი, რომელსაც არაერთი ინფორმირებული ადამიანი ადასტურებდა, ქონების რეალური მესაკუთრე გახდა მაშინდელი პარლამენტარი ლევან ქარდავა. გარდა ამისა, ვიოლეტა ბეჭვაია და ლევან ქარდავა ერთსა და იმავე მისამართზე იყვნენ რეგისტრირებულები. ამის შესახებ „ბათუმელები“ 2015 წელს წერდა.

ლევან ქარდავა – საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ კიდევ ერთ სკანდალურ გარიგებასთან ასოცირდება – სწორედ მან იყიდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ „ტელეარხ 25“-ში. ამ ინფორმაციას დიდი ხნის განმავლობაში ასაიდუმლოებდნენ, როგორც არხის ყოფილი მესაკუთრეები, ისე ლევან ქარდავა. [საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ლევან ქარდავამ ტელევიზიის წილები ისევ უკან დააბრუნა].

საჯარო რეესტრის მონაცემებით, „ბათუმის საკურორტო პოლიკლინიკა“ მესაკუთრემ 2013 წლის 18 თებერვალს, ანუ საპარლამენტო არჩევნებიდან ოთხ თვეში გაყიდა. უცნობია რა ფასად.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: