მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერიის ანსამბლი რუსეთში პუტინის ფონდის ორგანიზებულ კონცერტზე მიემგზავრებოდა 

07.03.2018 • 4500
ბათუმის მერიის ანსამბლი რუსეთში პუტინის ფონდის ორგანიზებულ კონცერტზე მიემგზავრებოდა 

რუსეთში, პუტინის მიერ დაფინანსებულ ღონისძიებაში მონაწილეობას ბათუმის „მეგობრობის სახლი“ და ქალთა ვოკალური ანსამბლი აპირებდა. „მეგობრობის სახლი“ სხვადასხვა დიასპორას აერთიანებს და მას ბათუმის მერია აფინანსებს. ბათუმის მერია აფინანსებს ასევე ქალთა ვოკალურ ანსამბლს, რომელიც „ბათუმის ხელოვნების და კულტურის ცენტრის“ სტრუქტურული ერთეულია.

რუსეთში დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია ქართულ მედიაში დღეს გავრცელდა, რასაც დღის განმავლობაში ბათუმის მერია უარყოფდა. აღმოჩნდა, რომ ინფორმაცია რუსეთში ვიზიტის შესახებ ზუსტია.

საუბარია რუსეთში, ქალაქ პეტროზავოდსკში დაგეგმილ ღონისძიებაზე, რის შესახებ ინფორმაცია ამ ქალაქის კულტურის მართვის სამსახურმა გაავრცელა. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ღონისძიება – „რუსეთი და საქართველო ერთმანეთისკენ“ პარტნიორია ქალაქ ბათუმის მერია.

ბათუმის მერიამ პეტროზავოდსკის საქალაქო ოლქის ამ ინფორმაციას დღეს დეზინფორმაცია უწოდა. მერიის პრესსამსახურმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ გავრცელებული ინფორმაციის შესწორებას მოითხოვდა იმ ვებგვერდის ადმინისტრაციისგან, რომლის საშუალებითაც ინფორმაცია გავრცელდა.

დღის ბოლოს ირკვევა, რომ ბათუმის მერიას ოფიციალური შეტყობინება პეტროზავოდსკში არ გაუგზავნია.

დღეს ამის თაობაზე ბრიფინგი გამართეს  საკრებულოს წევრებმა ენმ-ის პარტიიდან. მირდატ ქამადაძემ მერიის თანამშრომლებს მოუწოდა, რომ „ამაზე ხელი აიღონ“. „როცა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ჯერ კიდევ არ არის გადმოსვენებული, ამაზე საუბარიც კი უზნეობაა“, – თქვა ბათუმის საკრებულოს წევრმა.

„აღარ მივდივართ. ჟურნალისტებმა გააფუჭეს ყველაფერი,“ – გვითხრა ბათუმის „მეგობრობის სახლის“ დირექტორმა, მედეა მიქელაძემ. მისი თქმით, რუსეთში ვოკალური ანსამბლი ქართულმა დიასპორამ მიიწვია და ბათუმის მერიამ ამის შესახებ არაფერი იცოდა.

„ჩვენ ჯერ ველოდებოდით ვიზებს, ასევე ბილეთებს. მერიას ვეტყოდით ამის შესახებ წასვლამდე, რა თქმა უნდა… არ ვიცი, პუტინი თუ აფინანსებდა. შეიძლება რაღაცას აფინანსებდა, მაგრამ ჩემთვის ცნობილი იყო, რომ ჩვენ სტუმრობას აფინანსებდა მხოლოდ დიასპორა. ჟურნალისტებმა ვენები გადაიჭერით და ამიტომ ვეღარ წავალთ,“ – აღნიშნა ჩვენთან საუბრის დროს მედეა მიქელაძემ.

„არანაირი წერილი, არანაირი შეტყობინება არც კულტურის სახლში და არც ჩვენთან „მეგობრობის სახლს“ ამ ვიზიტის შესახებ არ მოუწოდებია,“ – ირწმუნება ბათუმის მერის მოადგილე, ლელა სურმანიძე. ის მიიჩნევს, რომ „მეგობრობის სახლმა“ თუკი მიწვევა რუსეთისგან მიიღო, თავიდანვე საქმის კურსში უნდა ჩაეყენებინათ ბათუმის მერია.

დათანხმდებოდა ან ახლა დათანხმდება თუ არა ბათუმის მერია რუსეთში პუტინის მიერ დაფინანსებულ კონცერტში ბათუმის მერიის ანსამბლის მონაწილეობას? – ლელა სურმანიძემ მხოლოდ საკუთარი მოსაზრება გვითხრა:

„ჩემი მოსაზრებით, როცა ქვეყანასთან არ გაქვს დიპლომატიური ურთიერთობა, არ უნდა მიიღო მონაწილეობა,“ – ამბობს ის.

ლელა სურმანიძის ინფორმაციით, ამ საკითხს ბათუმის მერია აღარ განიხილავს და მეგობრობის სახლის დირექტორს პასუხს მოსთხოვენ, რატომ არ ჩააყენა მან დროულად საქმის კურსში ბათუმის მერია.

„ბათუმელებმა“ სცადა ამ საკითხზე ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის განმარტებაც მოესმინა, მაგრამ მერის მდივანმა თქვა, რომ ლაშა კომახიძე დაკავებულია.

ქალაქ ბათუმის 2018 წლის ბიუჯეტში ქალთა ვოკალური ანსამბლის [16 ადამიანი] შრომის ანაზღაურებისთვის 89 520 ლარია გაწერილი; „მეგობრობის სახლის“ წევრების [4 ადამიანი] შრომის ანაზღაურებისთვის კი 18 720 ლარი.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ბათუმის მერიის ანსამბლი რუსეთში კონცერტის გასამართად მიემგზავრებოდა ბიუჯეტის ხარჯზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: