ჰაკერული თავდასხმის გამო TV 25 საგანგებო რეჟიმში მუშაობს

რეგიონული ტელეკომპანია TV25 მეორე დღეა საგანგებო რეჟიმში  მუშაობს. ტელევიზია გუშინ, 7 მარტს, ინტერნეტთავდასხმის სამიზნე გახდა. მთავარი საინფორმაციო გამოშვების ეთერში გასვლამდე ჟურნალისტების მიერ მომზადებული მასალები კომპიუტერული სისტემიდან ეტაპობრივად გაქრა. ჰაკერულ თავდასხმაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.

„შეტყობინება თავდაპირველად გუშინ, შუადღისას, ერთ-ერთ სამონტაჟო კომპიუტერზე მოვიდა. უცნობი პირი, რომლის საკონტაქტო ინფორმაციაც მითითებული არ იყო, 25 ამერიკული დოლარის ჩარიცხვას ითხოვდა,“ – ამბობს სულხან მესხიძე, TV 25 – ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი. შეტყობინება ტელევიზიის თანამშრომლებმა თავდაპირველად ხუმრობად მიიღეს, თუმცა მალე სამონტაჟო კომპიუტერებიდან მასალები გაქრა.

სამართალდამცველებმა ადგილზე კომპიუტერული სისტემა გუშინ ღამით დაათვალიერეს. დღეს ჟურნალისტებმა ახალი შეტყობინება მიიღეს, სადაც წერია: „ყველა კომპიუტერი დავირუსებულია და იმყოფება ჩვენი კონტროლის ქვეშ. გუშინდელი თამაში მოსაგონი იქნება, თუ ჩვენს მითითებულ ინსტრუქციებს არ შეასრულებთ.“

„ამ დროისთვის ინტერნეტის გარეშე განვაგრძობთ მუშაობას საგანგებო რეჟიმში. ინტერენეტის გამორთვით რისკის შემცირება ვცადეთ,“ – აღნიშნავს სულხან მესხიძე.

ინტერნეტთავდასხმის ობიექტი TV 25 ორი წლის წინაც გახდა. გამოძიება მაშინაც დაიწყო, თუმცა კონკრეტული შედეგი არ დამდგარა.

ამჯერად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე და 286-ე მუხლების შესაბამისად დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას, ასევე კომპიუტერული მონაცემების ხელყოფას გულისხმობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი