მთავარი,სიახლეები

ბათუმის ზოოკუთხესთან დაკავშირებული ურთიერთბრალდებები – ორი მხარე

07.03.2018 • 2800
ბათუმის ზოოკუთხესთან დაკავშირებული ურთიერთბრალდებები – ორი მხარე

მირანდა დგებუაძე ფეისბუქის გვერდზე ბათუმის ზოოკუთხეში არსებულ მდგომარეობაზე წერს. ის ამბობს, რომ ყოფილი დირექტორის გათავისუფლების შემდეგ ზოოკუთხეში უფროსის მოვალეობას ასრულებდა. ახლა ის შვებულებაშია და მის შემცვლელს ეძებენ.

მირანდა დგებუაძე ფეისბუქში წერს, რომ ზოოკუთხეში ცხოველები ახლანდელი მმართველის, ვეტერინარისა და სხვა პერსონალის გულგრილობის გამო დაიხოცნენ.

„შუალედურ ოთახში, სადაც პრიმატები „სადილობენ“, ჭერი საერთოდ დამპალია, ჩამოშლილია დღემდე და არსებობს ცხოველების დაზიანების ან გარეთ გამოსვლის საშიშროება. ვოლიერში დამცავი ბადე უკიდურესად დაზიანებულია. ერთხელ პატარა მაიმუნი გაიპარა, მაგრამ მოხერხდა მისი დაჭერა“, – წერს მირანდა დგებუაძე.

მისი თქმით, სტანდარტები არ იყო დაცული სხვა ცხოველების ვოლიერებშიც. ის ამბობს, რომ პონების ვოლიერში ნაცვლად წვრილი ხრეშისა, ზღვის ქვები დაიყარა. „ამის გამო პონიმ ჩლიქი იღრძო, რომელსაც დღემდე ვმკურნალობთ… წლებია ირემი დანარჩენი ირმებისაგან განცალკევებულად არის დამწყვდეული მომიჯნავე ტერიტორიაზე. უნდა მეწყვილე, დანევროზებული უყურებს მეზობელი ირმების ერთად ყოფნას. უკვე არაადეკვატური საქციელები აქვს.“

მირანდა დგებუაძე ასევე აქვეყნებს იმ საჭიროებების ჩამონათვალს, რომლებიც არ იყიდეს: „ქვაბები, მწვანილისა და ხილის საჭრელი დაფები, ლანგრები, თასები, პრიმატებისთვის ლითონის ჯამები, დანები დღემდე არ არის შესყიდული. არც მომსახურე პერსონალისთვის მოთხოვნილი სამოსი – ზამთრის ლაბადები და ქურთუკები, რეზინის ბოტებია შესყიდული“.

მირანდა დგებუაძე ამბობს, რომ მას, როგორც ზოოკუთხის ხელმძღვანელს, არ აძლევდნენ თავისი მოვალეობის შესრულების საშუალებას. ის რამდენიმე თანამშრომლის ვნაობასაც ასახელებს [მათ შორის ვეტერინარს, რომელიც თითქოსდა ზოოკუთხის ტერიტორიას კერძო პრაქტიკისთვის იყენებს და არარეგისტრირებული მედიკამენტები შემოაქვს], რომლებსაც ზოოკუთხეში არსებულ უწესრიგობასა და საბოლოოდ ცხოველების დაღუპვაში სდებს ბრალს. ამ უკანონობის წახალისებას კი  ალექსანდრე თევზაძეს უკავშირებს, რომელიც იმ აიპის ხელმძღვანელობს, რომელიც ზოოკუთხეს მართავს.

მირანდა დგებუაძე ეჭვობს, რომ ზოოკუთხესთან დაკავშირებული პროცესები მიზანმიმართულად არის დაგეგმილი: „ის, რომ ზოოკუთხე უნდა გადავიდეს სხვაგან, ესეც ცოტა არ იყოს ამ კომერციულად ფანტასტიური ტერიტორიისთვის ბრძოლას წააგავს და ეს მარტო ჩემი აზრი არ არის. ხალხს ვერ დააბრმავებთ“.

„ბათუმელები“ მირანდა დგებუაძის მიერ ჩამოთვლილი პრობლემების თაობაზე ალექსანდრე თევზაძეს დაუკავშირდა. აიპი „ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტო“, რომლის ხელმძღვანელიც ის არის, მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის შედეგად გაუქმებულია. თუმცა, როგორც ალექსანდრე თევზაძე ამბობს, მას  ჯერ კიდევ აქვს უფლება, სააგენტოს ხელმძღვანელის პოზიციიდან ისაუბროს.

ალექსანდრე თავზაძის თქმით, მირანდა დგებუაძეს ზოოკუთხის დირექტორობა ისევ სურდა და პრეტენზიებიც იმას უკავშირდება, რომ მას ამ თანამდებობაზე არ ნიშნავენ. „გასაგებია, დირექტორობას ელოდებოდა, მაგრამ ეს გამორიცხულია. ასეთი არამდგრადი ფსიქიკის ადამიანს დირექტორად… სანამ მოვალეობის შემსრულებელი იყო, ვაკვირდებოდით, მაგრამ, ჩვენ დავიწყეთ აქტიურად დირექტორის მოძიება,“ – ამბობს აიპის ხელმძღვანელი.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რას გულისხმობს ის „არამდგრად ფსიქიკაში“, თევზაძე აზუსტებს: „ვერც ერთ თანამშრომელთან მირანდა დგებუაძემ ვერ დაალაგა ურთიერთობა. ყველასთან ნაჩხუბარია“.

ალექსანდრე თევზაძე ადასტურებს, რომ ზოოკუთხეში ნამდვილად ჰქონდა ადგილი ცხოველების მიმარ გულგრილობას, „მაგრამ გულგრილობა რომ იყო, სწორედ ამიტომ გავუშვით სამსახურიდან განყოფილების უფროსი“: „ეს მარტო გულგრილობის ამბავი არ არის, ზოოკუთხეს ესაჭიროება რეკონსტრუქცია, არის სპეფიციკური საკითხები, რომლებიც შესასწავლია და გადაწყვეტილება არის მისაღები“.

ალექსანდრე თევზაძეს „ბათუმელებმა“ მთავარი ვეტერინარის ბიზნესთან დაკავშირებითაც ჰკითხა. „კოვტუნი [ექიმი] ზოოვეტია, საკმაოდ კარგი ქირურგია და შეძლებისდაგვარად ის აგვარებს პრობლემებს. მაგრამ ამას ვამბობ მეც, რომ ის რესურსები და ცოდნა, რომელიც დღეს ზოოკუთხეს გააჩნია, არ არის საკმარისი“.

რა ფორმით ეწევა კოვტუნი კერძო პრაქტიკას ზოოკუთხეში? – ვეკითხებით მას, რაზეც თევზაძე ამბობს: „ის მკურნალობს ცხოველებს, მას ჰყავს პირადი კლიენტებიც, რომლებიც ზოოკუთხეშიც მოდიოდნენ, რა თქმა უნდა. მედიკამენტებს ვინ რას ყიდულობდა, მე ეს არ ვიცი. არავინ არ უკრძალავს ექიმს ჰქონდეს ოპერირების დრო“.

„ეს არის დასანანი, რომ პირადი შურისძიების მიზნით ასეთი სტატუსი დაწერა“, – დასძენს ალექსანდრე თევზაძე დგებუაძის ფეისბუქსტატუსთან დაკავშირებით.

„ბათუმელების“ კითხვაზე, თუ რას გულისხმობს „პირად შურისძიებაში“, თევზაძე ამბობს, რომ დგებუაძე კონფლიქტური იყო თანამშრომლებთან. ალექსანდრე თევზაძე მირანდა დგებუაძის აზრს იზიარებს იმ კუთხით, რომ ზოოკუთხეში პრობლემები არსებობს. ის ამბობს, რომ მირანდა დგებუაძე არაკვალიფიციურია, თუმცა იმასაც ადასტურებს, რომ სამსახურში მირანდა თვითონ მიიღო.

„მირანდას უნდოდა ზოოპარკში მუშაობა, გავითვალისწინეთ ეს და მივიღეთ. როგორც დირექტორს, მას ამის კვალიფიკაცია არ აქვს“.

ბათუმის ზოოკუთხეში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში 40-ზე მეტი ცხოველი დაიღუპა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: