მთავარი,სიახლეები

ვინ მოიპარა 70 მილიონ ევროდ შეფასებული პიკასოს ნამუშევრები?

07.03.2018 • 2843
ვინ მოიპარა 70 მილიონ ევროდ შეფასებული პიკასოს ნამუშევრები?

საფრანგეთის სასამართლო აუქმებს ბრალდებას ელექტრიკოსისა და მისი ცოლის მიმართ, რომლებსაც პაბლო პიკასოს დაკარგული ნახატები აღმოაჩნდათ.

პიკასოს ყოფილი ელექტრიკოსი და მისი ცოლი, პიერ და დანიელ ლე გუენეკები, 2016 წელს დამნაშავეებად ცნეს მხატვრის მამულიდან 271 ნამუშევრის მოპარვისთვის. სასამართლომ განაჩენი წინა კვირას, 28 თებერვალს გააუქმა, რაც იმას ნიშნავს, რომ ლე გუენეკების საქმე ახალ ეტაპზე გადავა. სასამართლო საკითხს თავიდან განიხილავს. პროცესი ლიონში შედგება, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერ ჩანიშნული არ არის.

ლე გუენეკები 2016 წლიდან 2 წელი იხდიდნენ სასჯელს საპატიმროში და მათ პიკასოს ნამუშევრების დაბრუნება დაევალათ. ცოლ-ქმარი ბრალს არ აღიარებს და ირწმუნებიან, რომ ნახატებს, ესკიზებსა და გრავიურებს მათ თავად პიკასო და მისი ცოლი, ჟაკლინი ჩუქნიდნენ პერიოდულად. ავტოფარეხში შენახული, მუყაოს ყუთში მოთავსებული ნამუშევრები ცოლ-ქმარს გადაავიწყდა და მხოლოდ 40 წლის შემდეგ აღმოაჩინეს თავიდან.

სდფადფგვდფგვდფბ

პიკასოს ნახატების ქურდობაში ბრალდებული ცოლ-ქმარი, პიერ და დანიელ ლეგუენეკები/ფოტო: europe1.fr

საქმე ის არის, რომ უკვე პენსიონერ ელექტრიკოსს ნამუშევრების მოპარვის ფაქტს ვერ უმტკიცებენ, საქმის ეს ნაწილი ისევ ბურუსითაა მოცული. სასამართლოს ეჭვი აქვს, რომ უშუალოდ ძარცვის პროცესის მონაწილე შესაძლოა ყოფილიყო ლე გუენეკების ნათესავი და ამავე დროს პიკასოს პირადი მძღოლი, რომელიც გარდაცვლილია.

მხატვრის ყოფილი ელექტრიკოსის მფლობელობაში რჩება 70 მილიონ ევროდ შეფასებული 271 ნამუშევარი: ესკიზები, ლითოგრაფიები, 1900-1930-იანი წლებით დათარიღებული იშვიათი კუბისტური კოლაჟები. ნამუშევრები არ არის მოხსენიებული არც ერთ კატალოგსა და წიგნში.

ნამუშევრებმა დღის სინათლე პირველად 2010 წელს იხილა, როცა ცოლ-ქმარი ლეგუენეკები პიკასოს ოფიციალურ ადმინისტრაციას დაუკავშირდა ავთენტურობის სერტიფიკატის მისაღებად, რაც აუცილებელია ნამუშევრების გაყიდვისთვის.

ლეგუენეკების მონათხრობი ნამუშევრების ჩუქების შესახებ ადმინისტრაციამ არ დაიჯერა და მიმართა პიკასოს ოჯახს, ახლობლებს, მხატვართან დაკავშირებულ პირებს: ბარსელონასა და პარიზში პიკასოს მუზეუმების ხელმძღვანელებს. ყველა ერთხმად თანხმდება, რომ ამხელა კოლექციას მხატვარი არავის აჩუქებდა.

პიკასოს ოჯახი ამტკიცებს, რომ 1900-1930-იანი წლებით დათარიღებული ნამუშევრები მხატვრის მუჟინში მდებარე ნოტრდამ დე ვის ვილიდან დაიკარგა. სავარაუდოდ მოიპარეს. ზუსტად ამ პერიოდში ელექტრიკოსი სიგნალიზაციას აყენებდა მხატვრის ვილაში.

პაბლო პიკასო ნოტრდამ დე ვის ვილაში/ ფოტო: pinterest.com

ნოტრდამ დე ვი – პიკასოს ვილა მუჟინში.

წყარო: theartnewspaper

გადაბეჭდვის წესი


ასევე: